რეფერენდუმი აზერბაიჯანში
27 სექტემბერს, ღამის ორ საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მაზაჰირ ფაჰანოვმა კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. აზერბაიჯანის მოქალაქეებმა კონსტიტუციის ყველა შესწორებასა და ცვლილებას შესაშური ერთსულოვნებით დაუჭირეს მხარი.
ამომრჩეველთა 84,9-მა პროცენტმა საკუთარი უფლებების ბოროტად გამოყენების შეზღუდვას მისცა ხმა;
85,2 პროცენტი, სოციალური სამართლიანობის სახელით, მიწის საკუთრების უფლების შეზღუდვას მიემხრო;
91,2-მა პროცენტმა კი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.
ასეთივე მგზნებარე მხარდაჭერა მიიღო პრეზიდენტის არჩევისას ასაკობრივი ცენზის მოხსნის ინიციატივამ და ვიცეპრეზიდენტის პოსტის შემოღების იდეამ.
ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალი ჰასანოვმა აღნიშნა, რომ “ახალი სახელისუფლებო ინსტიტუტი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და ფორსმაჟორულ სიტუაციაში სახელმწიფო მართვის მექანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობებს შექმნის“.
ქრონოლოგია
დღეს დილის 8 საათიდან აზერბაიჯანში რეფერენდუმი დაიწყო. ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მაზაჰირ ფანაჰოვმა განაცხადა, რომ პროცესის მონიტორინგში 53 ათასზე მეტი ადამიანი (მ.შ. 117 საერთაშორისო დამკვირვებელი) მიიღებს მონაწილეობას.
დაწვრილებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ
დამოუკიდებელ სადამკვირვებლო სტრუქტურებსა და ოპოზიციონერ დამკვირვებლებს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგი აუკრძალეს.
რეფერენდუმი შემდგარად რომ გამოცხადებულიყო, ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25%-ს მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა.
ხმის მიცემა 19.00-ზე დასრულდა.
მედია და მსოფლიო
ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები (როგორიცაა, მაგალითად, apa.az) იუწყებოდნენ, რომ საარჩევნო პროცესი იდეალურად მიმდინარეობდა. ოპოზიციური და დამოკიდებელი მედიასაშუალებები კი აღნიშნავდნენ, რომ ხმის მიცემის დროს უამრავი დარღვევა აღინიშნა.
სოციალრი ქსელები
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა არჩევნების შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში ახლაც ორი ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა.
1. ხმის მიცემას აზრი არ აქვს. უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად
“არ წავალ არჩევნებზე, და არც ჩემი რომელიმე ნაცნობი წავა.
რატომ?
არავის ვენდობი.”
“ჩვენი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი ჩემი ნათესავია. მითხრა, რომ სახლში დავრჩენილიყავი, რადგან იქ ჩემს ნაცვლად შეავსებენ ყველაფერს, რაც საჭიროა. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც წავედი. საარჩევნო უბნის გარშემო ვისეირნე. სრული სიცარიელე დამხვდა. იქ არავინაა.”
“წავედი და ხმა მივეცი. შეიძლება ითქვას, რომ “სინდისი სუფთა მაქვს”; მაგრამ ძალიან გავბრაზდი – ასეთ თავხედურ დარღვევებს არ ველოდი – ერთი ურნა უკვე მთლიანად გავსებული იყო. საღამოს უფრო დაწვრილებით გზავნილს დავწერ.”
2. წამოდექით და საკუთარი სამოქალაქო პოზიცია გამოხატეთ
“მე საარჩევნო უბანში გამოვცხადდი და რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა – იმიტომ, რომ არ შემრცხვეს, როდესაც შვილიშვილები მკითხავენ, თუ რას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ინგრეოდა.”
“პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან პასიურია. ზოგიერთს უწყება არ მიუტანეს და ფეხებზე ჰკიდია, სხვებმა კი საერთოდ არ იციან, რა ხდება და მეკითხებიან, თუ ვის მივცემ ხმას.
ნუ იქნებით პასიურები, თორემ ხვალ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება. მოდით არჩევნებზე და თქვენი სამოქალაქო პოზიცია გამოხატეთ.”
გამოქვეყნდა 26.09.2016