რას ნიშნავს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა აზერბაიჯანისთვის? მოსაზრება
აზერბაიჯანი ისრაელსა და ირანს შორის
13 ივნისს ისრაელის საჰაერო იერიშები ირანზე შეიძლება ახალი და სახიფათო ეტაპის დასაწყისი იყოს არა მხოლოდ თეირანსა და თელ-ავივს შორის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.
ამ კონტექსტში ჩნდება კითხვა: რა შეიძლება იყოს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგები აზერბაიჯანისთვის?
ისრაელსა და ირანს შორის ღია დაპირისპირების კონტექსტი
მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი ჰუსეინ სალამი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოჰამად ბაგერი.
ცენტრ “Atlas“-ის ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ მოვლენებს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში აფასებს. მისი აზრით, ეს იერიშები ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი იყო:
“ისრაელმა მიიღო ნებართვა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ირანზე იერიშისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციამ და რაფაელ გროსის განცხადებამ, რომ ირანს რამდენიმე ბირთვული ბომბის წარმოება შეუძლია, თელ-ავივს სამხედრო მოქმედებისკენ უბიძგა.“
სად არის აზერბაიჯანი ამ სურათზე?
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი პირდაპირი კონფლიქტის მხარე არ არის, გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს უსაფრთხოების, ენერგო ექსპორტის, დიპლომატიური ბალანსისა და რეგიონული სტაბილურობის კონტექსტში.
თუ ომი ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დააზიანებს, აზერბაიჯანის ენერგოექსპორტის მნიშვნელობა ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს ლოგისტიკურ რისკებს, სატრანსპორტო დერეფნებისთვის საფრთხეებს და კიბერშეტევების პოტენციალს.

თუ ისრაელსა და ირანს შორის ღია ომი დაიწყება, ან ირანი რეგიონის ქვეყნებს “ისრაელის მოკავშირეებად“ აღიქვამს და მათ დარტყმას მიაყენებს, აზერბაიჯანი შესაძლოა სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს.
პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ აღნიშნავს, რომ ბაქო ირანთან დაკავშირებული სხვადასხვა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.
“ჩვენმა თანამემამულეებმა ირანში შეიძლება თავშესაფარი აზერბაიჯანში ეძებოს ომისგან თავის დასაღწევად – და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათ მისაღებად.“
მისი თქმით, ისრაელის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი შეიძლება იყოს ირანში ცენტრიდანული ტენდენციების გაძლიერება. ქვეყნის მრავალეროვნული და მრავალეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით, შესაძლო დაშლის პროცესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანში ეროვნული იდენტობის შესახებ დისკუსიაზე. ირანში აზერბაიჯანელების ბედთან დაკავშირებული ჰუმანიტარული და პოლიტიკური შეშფოთება გაიზრდება.
“1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ერაყთან ომმა რეჟიმს საკუთარი თავის კონსოლიდაცია აიძულა. თუმცა, ახლა საპირისპირო ეფექტი უფრო სავარაუდოა: შიდა ფრაგმენტაცია და ეთნოპოლიტიკური არეულობა. აზერბაიჯანმა ეს უნდა გაითვალისწინოს“, – ხაზს უსვამს შაჰინოღლუ.
აზერბაიჯანს სტრატეგიული ურთიერთობები აქვს როგორც ისრაელთან, ასევე ირანთან: ისრაელთან მას მჭიდრო თავდაცვითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობა აქვს, ხოლო ირანთან მას 765 კილომეტრიანი საერთო საზღვარი, შიიტური რელიგიური კუთვნილება და რეგიონული ბალანსის აუცილებლობა აკავშირებს. ეს ყველაფერი ბაქოსთვის დიპლომატიური მანევრების შესაძლებლობებს ავიწროებს.
რეგიონული დინამიკა: სამკუთხედი სომხეთი–თურქეთი–აზერბაიჯანი
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოახლოებული ვიზიტი თურქეთში შეიძლება დაკავშირებული იყოს მიმდინარე კრიზისთან. ფაშინიანი აცნობიერებს, რომ ერევანსა და თეირანს შორის ურთიერთობები სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება და ცდილობს მოერგოს ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას რეგიონში. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზეც.
“ირანი სომხეთის მთავარი მოკავშირეა. მაგრამ თუ ერევანი თეირანთან ურთიერთობებს ძველ დონეზე შეინარჩუნებს, ამან დასავლეთთან კავშირებს შეიძლება ავნოს. ამიტომ ფაშინიანი ცდილობს ბალანსის მოძებნას, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით“, — მიაჩნია ელხან შაჰინოღლუს.
„მშვიდობა ამ რეგიონისთვის ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა“

“ResPlatforma“-ს დამფუძნებელი და პოლიტიკის კომენტატორი ელმან ფატახი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება ლიდერების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია:
“პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ დიალოგი მეორეხარისხოვნად მიიჩნია, ხოლო ირანმა მშვიდობის წინადადებები ბრძოლის რიტორიკით ჩაანაცვლა. მშვიდობა ამ რეგიონისთვის ფუფუნება კი არა, სიცოცხლის უფლებაა. სანამ ლიდერები საკუთარ პოლიტიკურ არსებობას ომის პროპაგანდით ახანგრძლივებენ, მის ფასს მუდმივად ხალხები იხდიან.
იგივე გზით, აიათოლა ხამენეის ხისტმა იდეოლოგიურმა პოზიციამ და რეგიონული გავლენის გაფართოების პოლიტიკამ ირანის ხალხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია. მისი ხელმძღვანელობით ოფიციალური თეირანი უპირატესობას ბრძოლას ანიჭებს, და არა ღია მშვიდობასა და დიალოგს.“
ფატახი ასევე აღნიშნავს, რომ ორივე მხარე ცდილობს შიდა ლეგიტიმაციის კრიზისის კომპენსირებას ომის რიტორიკით:
“დღევანდელი ისრაელის თავდასხმები ირანზე ცხადყოფს, რომ რეგიონში დაძაბულობა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა იმის შედეგია, რომ ორივე მხარის გადამწყვეტი უფლებამოსილების მქონე ლიდერები კონფრონტაციას ამჯობინებენ კომპრომისს.“