რა შეუძლია ჯადოსნურ ფუნთუშებს
ნათელა ოსმანლი წერს დედაქალაქის ცხოვრების სხვადასხვა მოდურ სიახლეებზე, და კიდევ – პროზას საბედისწერო ქალებზე.
ვიაჩესლავ საპუნოვი წერს მოგზაურობასა და საკვებზე, ხვდება და აცილებს მნიშვნელოვან უცხოელ სტუმრებს – მწერლებსა და ბლოგერებს.
ჰამიდ ჰამიდოვი წერს სტატიებს, რომელთა მთავარი გმირიც თავად არის.
ეს ადამიანები – და ამავე კალიბრის კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი – დედაქალაქელი ბლოგერები არიან, ბაქოს რუსულენოვანი ინტერნეტის ყველაზე ცნობილი ფიგურები.
თუმცა ამ ბოლო დროს მათ თავის დაცვა უწევთ აღშფოთებული თანამოქალაქეებისაგან, რომლებიც მათ ორპირობასა და ღალატში სდებენ ბრალს. ‘ფუნთუშაზე გაიყიდეთ!’ – ერთხმად გაჰყვირიან ფორუმ disput.az-ის მუდმივი მომხმარებლები.
არადა, თავდაპირველად უკმაყოფილების ეს ტალღა სულ სხვა მიმართულებით აგორდა – ავიაკომპანია – AZAL-ის მიმართ, რომელიც ეროვნული ავიაგადამზიდი, სახელმწიფო კონცერნ ‘აზერბაიჯან ხავა იოლარის’ შემადგენლობაშია და მონოპოლისტია შიდა ბაზარზე. იმავე კონცერნის მეორე აეროპორტთან ‘ჰეიდარ ალიევთან’ ერთად, AZAL-ი ავიაბილეთების ფასების ისეთ ნიშნულს ინარჩუნებს, რომ აზერბაიჯანის ყველა მოქალაქე, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ანგარიშში, ამჯობინებს თბილისში მატარებლით ჩასვლას, შემდეგ კი ავიაბილეთების შეძენას და სხვა ქვეყნებში გაფრენას.
დედაქალაქელი ბლოგერები AZAL-ს განსაკუთრებული მოქნილობით დასცინოდნენ. ალბათ ამიტომაც იყო,რომ ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ რეპუტაციის გადარჩენა გადაწყვიტა და ბლოგერები აეროპორტში ექსკურსიაზე მიიწვია.
იქ AZAL-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელდარ გაჯიევმა აუხსნა მათ, რომ თურმე კომპანია ბილეთების წარმოუდგენლად მაღალ ფასებს სიხარბის გამო კი არა, არამედ მგზავრებზე ზრუნვის გამო ინარჩუნებს.
გარდა ამისა, ბლოგერებს აეროპორტის ‘შიდა სამზარეულოც’ გააცნეს, თანამედროვე თვითმფრინავების, სადისპეტჩერო კოშკისა და სხვა მრავალი, უდავოდ საინტერესო, ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურილი ობიექტის ჩათვლით.
ამ საინტერესო გასეირნების ამბავი სხვა სიახლით გამოწვეულმა სახალხო აღშფოთების ტალღამ გადაფარა – 11 ბლოგერი ნიუ-იორკის პირდაპირი რეისის ‘გასასინჯად’ მიიწვიეს. AZAL-მა მათ უფასო ბილეთები შესთავაზა და ცხოვრების ხარჯებიც გადაიხადა.
‘რა მინდოდა ნიუ-იორკში? ამ კითხვის შემცველი ინფორმაციები ბოლო ხანებში ჩემი გვერდის ჰიტად იქცა. გპასუხობთ: AZAL-ს მივეყიდე შვრიის ფაფისა და რამდენიმე ორცხობილის სანაცვლოდ. თუ ეს პასუხი დაიჯერეთ, კითხვას ნუღარ გააგრძელებთ. თუ არა, მაშინ სერიოზულად. საქმე ის არის, რომ 7 ნოემბრიდან ავიარეისი ბაქო-ნიუ-იორკი-ბაქო ხორციელდება თვითმფრინავ ‘Boeing 787-8′ Dreamliner -ით. თვითმფრინავის შესახებ ბევრი დაიწერა. ეს ბოინგის ტიპის ყველაზე ახალი საჰაერო ხომალდია. რეისზე ბაქო-ნიუ-იორკი-ბაქო პირველად გავიდა და, ასე ვთქვათ, ტესტირებისათვის, როგორც ჩვეულებრივი მგზავრი, 11 სხვა ჟურნალისტთან ერთად, AZAL -მა მეც მიმიწვია’, – დაწერა თავის ბლოგში 11 ნოემბერს ჰამიდ ჰამიდოვმა.
რასაკვირველია, ასეთ ინფორმაციას აღშფოთების ქარ-ცეცხლი მოჰყვა. ხალხი დარწმუნებულია, რომ ასეთი მასშტაბის საჩუქრებს ტყუილად არავინ არიგებს; თანაც, მაღალ მატერიებზე სასაუბროდ გლამურულ კაფეში შეკრებილი ექსტრავაგანტულად ჩაცმული ადამიანების ფოტოები ისედაც ბევრს აღიზიანებდა. ამჯერად კი ის თანამოკალმეებიც განაწყენდნენ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, არსად მიიწვიეს. გადმოიფრქვა ბრალდებები ორპირობასა და ღალატზე. ისიც ითქვა, რომ საკუთარ გვერდზე ამერიკის ვიზის გამოფენა და ამის გამო მოლოცვების მიღება – ცუდი გემოვნების ნიშანია.
‘ეს ოფიციალური პირის გვერდი არ არის, – წერს ნატა ოსმანლი, – ღმერთი, რჯული, მე ცნობილი არა ვარ. უბრალოდ ნატა ვარ, რომელიც დღეს წერს პოლიტიკაზე, ხვალ – შპროტზე, ზეგ ახალი კაბის ფოტოს ან მოგზაურის შენიშვნებს დებს. ეს ისეთივე ცოცხალი ადამიანის ცოცხალი გვერდია, როგორც ყველა სხვა. თუ თქვენ აქ ვარსკვლავურ გაწონასწორებულობას, არარსებული სტატუსის საამებელ ფილტრაციას, ‘მე აღმომხდა’ და ასეთებს ელოდებით, – იმედი მაქვს, ვერ მოესწრებით.’
AZAL-ის პრეს-მდივანი ფაშა კესამანსკი ამ საკითხზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
‘აზერბაიჯანის ავიახაზები’ ამჟამად ღიაა საზოგადოებისათვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლახან ჩავატარეთ ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიაში მოვიწვიეთ ჟურნალისტები და ბლოგერები. მოეწყო შეხვედრა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც მოეწყო გაცნობითი ექსკურსია აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის ზოგიერთ ობიექტზე.
გარდა ამისა, ორგანიზებული იყო პრეს-ტური ნიუ-იორკში, რის საბაბადაც იქცა რეისების შესრულების დაწყება მარშრუტით ბაქო-ნიუ-იორკი-ბაქო თანამედროვე თვითმფრინავ Boieng 787 Dreamliner-ით. მსგავსი პრეს-ტურების ჩატარება ნორმალური პრაქტიკაა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სინამდვილეში მოგზაურობაში გაცილებით მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შერჩევის პრინციპი უკიდურესად მარტივი იყო – ციტირების რეიტინგი (მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში) და პოპულარობა სოც.ქსელებში. სამწუხაროდ, რიგ ობიექტურ მიზეზთა გამო, აღნიშნულ პრეს-ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო ზოგიერთმა პოპულარულმა ბლოგერმა.’