რა მოხდა აზერბაიჯანში 2015 წელს
1. მანათის კურსის დაცემა
21 თებერვალს დოლარი მანათთან მიმართებაში ერთი მესამედით გაიზარდა.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქში ხმა გავარდა, რომ ნავთობის ფასის შემცირებას შედეგად ვალუტის დევალვაცია მოყვებოდა. თუმცა, ამ ჭორების საპასუხოდ, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორვალუტიანი სამომხმარებლო კალათის შემთხვევაშიც კი, მანთის კურსი თანდათან, შეუმჩნევლად შეიცვლებოდა.
კურსის დაცემის დღეს ქალაქი პანიკამ მოიცვა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარსა და ევროს აღარ ყიდდნენ. საქონელზე ახალი ფასების დასაწესებლად მაღაზიების მფლობელებმა სავაჭრო პუნქტები დაკეტეს.ფასები თითქმის გაორმაგდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფასების გაუმართლებელ ზრდას სანქციებით უპასუხებდა, თუმცა რაიმე ქმედითი აღმკვეთი ზომა არ მიუღიათ.
ადამიანები განურჩევლად იმარაგებდნენ ყველანაირ პროდუქტს. ვისაც კრედიტი დოლარით ჰქონდა აღებული,საკუთარ უიღბლობას უჩიოდა; საერთოდ კი, ყველა ცდილობდა, ეროვნულ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტები დოლარის ანაბრებად გადაექცია, ან საერთოდ გამოეტანა ფული ბანკიდან.
დევალვაციის მეორე ტალღა 21 დეკემბერს დაიწყო და ისეთივე პანიკა გამოწვია, როგორიც _ თებერვალში. თუმცა, ამჯერად ეს არავის გაჰკვირვებია.
2. “ევროპული თამაშები“
2015 წლის 12-28 ივნისს ბაქოში პირველი „ევროპული თამაშები“ ჩატარდა, რომელზეც ჯილდოების 253 კომპლექტი გათამაშდა.ღონისძიებაში ევროპის ორმოცდაათი ქვეყნიდან ჩამოსული 5 730 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ქალაქში ამ დღეებში ზუსტად ისეთივე აჟიოტაჟი იდგა,როგორიც ბაქოში „ევროვიზიის“ კონკურსის ჩატრების დროს. „ევროთამაშების“ დასრულების შემდეგ კი ბაქოს რამდენიმე სპორტული ობიექტი, ახალი ავტობუსები და უამრავი ინგლისურენოვანი გზის მანიშნებელი შემორჩა.
თამაშის სიმბოლოებად „ნარი“ (ბროწეული) და ჯეირანი შეარჩიეს, რომლებიც სულ მოკლე ხანში კარიკატურებად და ანეკდოტების მთავარ პერსონაჟებად „იქცნენ“.
თამაშების ოფიციალურმა ბიუჯეტმა 1,2 მილიარდ დოლარი შეადგინა. სპორტსმენები და თამაშების სხვა მონაწილეები მასპინძელი ქვეყნის ხარჯით მოიწვიეს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ყველა ხარჯი აზერბაიჯანმა გადაიხადა. ღონისძიების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა ლეიდი გაგამ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს.
შეუძლებელი იყო, ასეთი ხელგაშლილობა და ფუფუნება გულზე არ მოხვედროდა საკუთარი შეჭირვების შემხედვარე სამოქალაქო საზოგადოებას. 2015 წელი დამოუკიდებელი პრესისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისთვის მძიმე გამოდგა.რადგან ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, მასმედია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ცდილობდნენ, ამ ვითარებით ესარგებლათ და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე მსოფლიოსთვის ხმა მიეწვდინათ.მაგრამ, მდგომარეობა არ შეცლილა. ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ იმეორებდნენ, რომ აზერბაიჯანში ყველა მოქალაქის ყველა უფლება დაცულია; ხოლო პროსახელისუფლებო მასმედიის წარმომადგენლებს, ლამის ცამდე აჰყავდათ ევროპული თამაშების მნიშვნელობა და მოსახლეობას არწმუნებდნენ,თუ რამდენად აუცილებელია ეს ღონისძიება ქვეყნის განვითარებისთვის.
3. ხანძარი საცხოვრებელ სახლში
19 მაისს ბაქოში, აზადლიგის გამზირზე, თექვსმეტსართულიანი სახლი დაიწვა. ცეცხლი პოლიურეთანის ფილებს გაუჩნდა, რომელიც მშენებლებმა კორპუსის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს. ცეცხლი რამდენიმე წამში მოედო შენობას და ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 4 საათის შემდეგ მოხერხდა. 15 ადამიანი დაიღუპა, 63 კი _ დაშავდა.
ხანძრით დაზარალებლთა მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ ითავა. მოსახლეთა დროებითი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და, მომავალში, ბინის რემონტის ხარჯებიც სახელმწიფოს დაეკისრა.
მომდევნო კვირაში სკანდალის ცენრში პოლიურეთანის ის ფილები აღმოჩნდა, რომლებითაც ქალაქის კიდევ 800 სახლი იყო მოპირკეთებული.თავიდან ამ ფილებს თავად განრისხებული მოსახლეები ხსნიდნენ და ამტვრევდნენ, შემდეგ კი ამ საქმით ხელისუფლება დაკავდა, რადგან „ევროთამაშების“ დაწყებამდე ქალაქის იერსახე უნდა მოეწესრიგებინა. პოლიურეთანის ფილები უმოკლეს დროში შეიცვალა ახალი ფასადებით.
დაიწყო გამოძიება და რამდენიმე ჩინოვნიკიც დააკავეს. თუმცა, არ არის ცნობილი, დასრულდა თუ არა გამოძიება, და ვინ არის დამნაშავე. ყოველ შემთხვევაში, სათანადო განცხადებები არ გაკეთებულა.
4. ხანძარი ნავთობის პლატფორმაზე
4 დეკემბერს გიუნეშლის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი მოხდა. შტორმმა მაღალი წნევის გაზსადენი დააზიანა. პლატფორმაზე 63 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 33-ის ევაკუირება მოხერხდა, 7 გარდაიცვალა, დანარჩენი 23 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საქმე ისაა, რომ ძლიერი ქარისა და მაღალი ტალდღების გამო, აალებულ პლატფორმასთან ვერც ერთი სამაშველო გემი ვერ ჩამოდგა. მენავთობეები გადაიყვანეს პლატფორმიდან დაშვებულ ორ სამაშველო ნავზე, რომლებიც ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა. ერთ-ერთი ნავი წყალში ჩავარდა და დაიმტვრა. იქ მყოფთაგან მხოლოდ სამი გადარჩა.
საზოგადოება ნავთობკომპანია SOCAR-ს უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაში სდებდა ბრალს. ყველაზე მეტად კი ადამიანები იმ ურთიერთგამომრიცხავი კომენტარების გამო აღშფოთდნენ, რაც ამ კომპანიის მესვეურებმა ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიასაშუალებებით გაავრცელეს. თავიდან ითქვა, რომ პლატფორმაზე 63 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანის ევაკუაცია მოხერხდა; თუმცა, მოგვიანებით აღინიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 42 ადამიანი იყო და ამჟამად ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.
6 დეკემბერს აზერბაიჯანში გლოვა გამოცხადდა. ამ დღეს ადამიანებს გარდაცლილებისათვის პატივის მისაგებად ზღვასთან წითელი მიხაკები მიჰქონდათ (ეს ყვავილები აზერბაიჯანში გლოვის სიმბოლოდ ითვლება).
5. არეულობა ნარდარანში
26 ნოემბერს ბაქოს მიმდებარე დასახლება ნარდარანში მოძრაობა „მუსულმანური ერთობის“ ლიდერის, თალე ბაგიროვის დაკავებისას ექვსი ადამიანი მოკლეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს აღნიშნული ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია დაიწყო, რომელიც ამჟამადაც გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 ნოემბრის ამბებს „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ თალე და მისი თანამზრახველები,აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლისა და აზერბაიჯანში შარიათის დაკანონების მიზნით, საკუთარ მომხრეებს იარაღით ამარაგებდნენ.
საზოგადოება ამ საკითხში ხელისუფლებას მიემხრო, რადგან ბაქოში ნარდარანი ირანის ერთგვარ „ფილიალად“ მიაჩნიათ, იმის გამო, რომ ეს სოფელი, ძირითადად, ღრმადმორწმუნე შიიტებითაა დასახლებული, რომლებიც დანარჩენი აზერბაიჯანელებისგან განცალკევებით ცხოვრობენ და არ მოსწონთ, როდესაც მათ საქმეებში ვინმე ერევა, მათ შორის _ არც ჩინოვნიკები და პოლიცია. სხვათა შორის, არც სეკულარულ ბაქოში მოსწონთ ნარდარანელები.
ექვსი მოკლულიდან ორი პოლიციელია, ოთხი კი _ ნარდარანის მკვიდრი. გარდა ამისა,დააკავეს 14 ადამიანი, რომელთა ბედიც დღემდე გაურკვეველია. არაფერია ცნობილი არც თალე ბაგიროვის მდგომარეობის შესახებ. მისი მომხრეები მეჩეთის წინ, მოედანზე შეიკრიბნენ მოკლულების ცხედრების გადაცემას და მათი ლიდერის დაკავების მიზეზების განმარტებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა სოფლის გზა გადაკეტეს და ნარდარანში აღარავის უშვებდნენ. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც დააყენა საკუთარი ბლოკპოსტები და, შედეგად, ნარდარანი ბლოკადაში აღმოჩნდა. ასევე, მომდევნო დღეს სოფელს ელექტროენერგიაც შეუწყდა და ნარდარანის ტერიტორიაზე ფიჭური კავშირგაბმულობაც შეიზღუდა.
თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა და თან დაიწყო ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელიც მედიამ, ფაქტობრივად, უგულებელყო. ნარდარანს ალყა შემოარტყეს და სრულიად მოწყვიტეს გარესამყაროს. დეკემბერში საპატრულო პოსტებიდან მიღებული ფოტომასალის გარდა, ჟურნალისტები ამ სოფლიდან ცნობებს საერთოდ ვეღარ იღებდნენ. რა ხდება ამჟამად სოფელში, არავინ იცის.