რა ბედი ელის აზერბაიჯანში დაპატიმრებულ სომხებს და შეუძლია თუ არა ილჰამ ალიევს მათი გათავისუფლება
აზერბაიჯანში დაპატიმრებული სომხები
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები არ შეწყდება ბოლო სომეხი პატიმრის დაბრუნებამდე“. ბაქოში ეს განცხადება მკვეთრად განსხვავებულ რეაქციას იწვევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, საჯაროდ უარყოფს შეწყალების პერსპექტივას და საკითხს სამართლებრივ და უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს.
ვინ არიან დაკავებულები
ამჟამად აზერბაიჯანში სომხური წარმოშობის 19 პირი რჩება პატიმრობაში. მათ შორის არიან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერები – რუბენ ვარდანიანი, არკადი ღუკასიანი, ბაკო სააკიანი და არაიკ ჰარუთიანი. მათ ბრალი ედებათ ომის დანაშაულებში, ტერორიზმსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში. ვარდანიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია მკაფიოა: საუბარია არა პოლიტიკურ, არამედ მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე. ალიევმა 13 თებერვალს France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეწყალება დღის წესრიგში არ დგას და დაკავებულები „ეროვნული უსაფრთხოებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“ არიან ბრალდებულნი.
მან ისინი ნიურნბერგის პროცესის დროს გასამართლებულ ნაცისტ ლიდერებსაც კი შეადარა და ეს იყო მკაფიო გზავნილი როგორც გარე, ისე შიდა აუდიტორიისთვის.
ჰუმანიტარული ჟესტი თუ პოლიტიკური სიგნალი?
იანვარში ბაქომ ოთხი პატიმარი გადასცა სომხურ მხარეს – ვაგიფ ხაჩატრიანი, გევორგ სუჟიანი, დავით დავთიანი და ვიგენ ეულჯეკჩიანი. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ მიზეზებს დაუკავშირა, თუმცა ამ ყველაფერს ქვეყანაში კრიტიკაც მოჰყვა. საზოგადოება განსაკუთრებით ხაჩატრიანის გათავისუფლებამ აღაშფოთა, რომელსაც 1991 წლის ‘მეშალის მოვლენებთან” კავშირი ედებოდა ბრალად.
ამავდროულად, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გათავისუფლება დაემთხვა აშშ-ის მიერ ინიცირებული პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) – განხორციელების ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობას და სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენდა.
ვაშინგტონის ფაქტორი
აშშ ცდილობს, პატიმრების საკითხი სამშვიდობო პროცესში ნდობის აღდგენის ინსტრუმენტად აქციოს. ბაქოში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ნაბიჯები აუცილებელია როგორც პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად, ისე ეკონომიკური თანამშრომლობისთვის TRIPP-ის ფარგლებში.
იანვარში გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც პროექტის ჩარჩოს განსაზღვრავს, სომხეთის გავლით მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის გახსნას ითვალისწინებს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დასაკავშირებლად, სუვერენიტეტისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით. პროექტი ტრანსკასპიური ვაჭრობის გაფართოებასა და ამერიკული ბიზნესის ჩართულობასაც მოიცავს.
ბაქოსთვის ეს ნიშნავს ეკონომიკურ დივიდენდებს, ვაშინგტონისთვის კი რეგიონული სტაბილურობის დემონსტრირებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში პროგრესს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ მიღწევად განიხილავს.
პატიმრები როგორც მოლაპარაკების ბერკეტი
ბაქოში არ მალავენ, რომ პატიმრების საკითხი ფართო პოლიტიკური პაკეტის ნაწილია. 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის დეკლარაციის შემდეგ აზერბაიჯანი ერევნისგან საზღვრების დემარკაციასა და ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნას ითხოვს. TRIPP-ის კონცეფცია ამ ინფრასტრუქტურულ ელემენტსაც მოიცავს.
ზოგიერთი კონფლიქტოლოგი ვარაუდობს, რომ თუ სომხეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს – მათ შორის კონსტიტუციური ჩანაწერების გადახედვას, რომლებიც „მთიანი ყარაბაღის“ დამოუკიდებლობის პრეტენზიებს შეიცავს — პატიმრების ნაწილი შესაძლოა გათავისუფლდეს.
თუმცა საკითხი მხოლოდ საგარეო პოლიტიკით არ განისაზღვრება. აზერბაიჯანში 2020 წლის ომში დაღუპულთა ოჯახები და საზოგადოების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შეწყალებებს. ვაგიფ ხაჩატრიანის შემთხვევამ აჩვენა, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ასეთი გადაწყვეტილება შიდა აუდიტორიისთვის.
შიდა გათვლები ერევანში
ერევანშიც არ არის ერთიანი პოზიცია. ხელისუფლებასთან დაახლოებული აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, ელხან შაჰინოღლუს შეფასებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა არც იყოს დაინტერესებული რუბენ ვარდანიანის დაბრუნებით, რადგან იგი შიდა პოლიტიკური კონკურენტია. ამ ვერსიის მიხედვით, სიმონიანის განცხადებები უფრო საზოგადოებრივი მოლოდინების დამშვიდებას ემსახურება, ვიდრე რეალურ მოლაპარაკების სტრატეგიას.
მკაცრი რიტორიკა და ფრთხილი მანევრი
ალიევის საჯარო განცხადებები მკაცრია და სამართლებრივ ჩარჩოს უსვამს ხაზს. თუმცა ოთხი პატიმრის გათავისუფლებამ აჩვენა, რომ სივრცე მანევრისთვის მაინც არსებობს.
სომხური წარმოშობის პატიმრების ბედი, როგორც ჩანს, ცალკე ჰუმანიტარული საქმე აღარ არის, ის გადაიქცა საზომად იმისა, რამდენად შორს წავლენ მხარეები ტერიტორიული, ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური შეთანხმებების მიმართულებით, და რამდენად მზად არიან შიდა საზოგადოების კრიტიკის ფასად გარე სტრატეგიული სარგებელი მიიღონ.
ამ ეტაპზე გათავისუფლება გამორიცხული არ არის. მაგრამ ის, დიდი ალბათობით, მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო ფართო შეთანხმება – ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ პოლიტიკური – კონკრეტულ ფორმას მიიღებს. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა კვლავაც დელიკატურ ბალანსზეა დამოკიდებული: სამართალსა და პოლიტიკას, შიდა მოლოდინებსა და საერთაშორისო ზეწოლას შორის.