რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?
მსოფლიოში, უკვე 85 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 1 მილიონ 800 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, მას მერე, რაც ცნობილი გახდა ახალი ვირუსის შესახებ, მსოფლიოში, რამდენიმე ვაქცინა შეიმუშავეს და ასობით ათას ადამიანს გაუკეთეს.
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებს იმედი აქვთ, რომ უკვე 2021 წლის გაზაფხულისთვის იმ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, რომელიც პანდემიის დაწყებამდე იყო.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ასე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. იქ გვაფრთხილებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვაქცინაციიდან რამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი.
ჯანმოში ამბობენ, რომ 2021 წელს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და პერსპექტივაში პანდემიის დამარცხება, შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ორივე გზის გამოყენებით – ვაქცინაციითა და შემზღუდავი ზომებით.
მიმოხილვა: რომელი ვაქცინებია ცნობილი, რომელ მათგანს ირჩევს სხვადასხვა ქვეყანა
- როგორ უმკლავდებიან პანდემიას საქართველოში მცხოვრები უცხოელები. ვიდეო
- სომეხი მედიკოსები კორონავირუსის მესამე ტალღას ელოდებიან
- როგორ გადაარჩინა თურქეთმა ტურიზმი, მაგრამ გააღრმავა ეპიდემია
ყველაზე წარმატებულები დასავლურ სამყაროში – Pfizer-ი BionTech-თან პარტნიორობით და Moderna
ამ ეტაპზე, ორ პრეპარატს უწოდებენ ყველაზე წარმატებულს – ერთი – ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BionTech-ის პარტნიორობით შექმნილი და მეორე, ასევე ამერიკული – Moderna.
ორივე ვაქცინას აქვს კორონავირუსის გენომი და ადამიანის სხეულში მოხვედრისას, ვირუსული ცილის სინთეზს იწვევს, რასაც ორგანიზმში COVID-19-ის იმუნიტეტის გამომუშავება მოჰყვება.
ორივე პრეპარატმა ტესტირების სრული ციკლი ათობით ათას მოხალისეზე გაიარა. პირველადი ანალიზით, დაავადების მძიმე შემთხვევებში, Pfizer-ის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს, Moderna-სი – 94.1%-ს.
დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ეს პრეპარატები შეუკვეთეს.
პრეპარატის შენახვისთვის საჭირო განსაკუთრებული მოთხოვნების (ძალიან დაბალი ტემპერატურა) და უზარმაზარი რიგის გამო, ვაქცინაციის პროცესი მკაცრად რეგლამენტირებულია:
- პაციენტი კაბინაში შედის და ტანსაცმელს იხდის – 4 წუთი.
- ექიმმა ორი წუთის განმავლობაში უნდა მოასწროს ნემსის გაკეთების ადგილის დეზინფიცირება და ინექციის შეყვანა.
- შემდეგ, ვაქცინირებული პაციენტი 30 წუთის განმავლობაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
- პროცედურა 21 დღის შემდეგ უნდა განმეორდეს. მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ უყალიბდება ადამიანს კორონავირუსის იმუნიტეტი.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ და მეორე დოზას შორის, პაციენტი კორონავირუსით არ დაინფიცირდეს.
მეორე ადგილი – AstraZeneca
ბევრმა ქვეყანამ შეუკვეთა კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა. მისი ეფექტიანობა – 62-დან 90%-მდეა და დამოკიდებულია დოზირებაზე.
მოქმედების მექანიზმით ის რუსულ პრეპარატ „Спутник V“-ს ჰგავს. ეს ორივე პრეპარატი ადამიანს შესუსტებული ვირუსით „აინფიცირებს“, რის შედეგადაც, COVID-19-ის იმუნიტეტი ყალიბდება.
მაგრამ რუსული ვაქცინა მსოფლიოში გაცილებით ნაკლებ ნდობას იწვევს, რადგან დარეგისტრირდა ჯერ კიდევ მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, პრეპარატის კლინიკური გამოცდის სტადიამდე, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.
რუსული „Спутник V“
„Спутник V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიმუშავეს და ამ დროისთვის კლინიკური გამოცდის მესამე სტადიას გადის.
ამავდროულად, რუსეთში, ამ პრეპარატით უკვე მასობრივად უტარებენ ვაქცინაციას მოქალაქეებს – 200 ათასზე მეტი ადამიანს გაუკეთეს ვაქცინა.
მისი ეფექტიანობა 91.4%-ს შეადგენს ვაქცინის შეყვანიდან 21-ე დღეს და 95%-ს – 42-ე დღეს.
რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მისი პრეპარატისადმი ინტერესი უკვე 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა. იწყება მიწოდება უზბეკეთისთვის, ინდოეთისთვის, ბრაზილიისთვის, მექსიკისთვის, ნეპალისა და ეგვიპტისთვის.
ევროპაში, აშშ-სა და კანადაში რუსული ვაქცინისადმი ინტერესი არ გამოუთქვამთ.
თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ უარი განაცხადა „Спутник V“-ის შეძენაზე – პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. მის ნაცვლად, თურქეთი ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატს შეიძენს.
მასთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა, რაც რუსული „Спутник V“-ის შემთხვევაში – ის კლინიკური კვლევის მესამე სტადიაზეა. ამის მიუხედავად, თვითონ ჩინეთში ამ პრეპარატით ვაქცინაცია უკვე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. პეკინმა კი თავისი პრეპარატის გლობალური მიწოდება დაიწყო.