ქვემო ქართლის ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უჩვენებს
TV 4 „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უჩვენებს
ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-მა, რომელსაც რეგიონის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ასობით ათასი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, საკუთარ ეთერში პრორუსული, პროპაგანდისტული, ანტი-დასავლური „ალტ-ინფოს“ ტრანსლირება დაიწყო.
24 საათიან ბადეში „ალტ-ინფოს“ დაახლოებით 5 საათი ეთმობა. არხზე „ალტ-ინფოს“ საინფორმაციო გამოშვებები და გადაცემა “დღის კომენტარი” გადის.
TV 4 ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში, ქვემო ქართლში, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მაუწყებლობს. იგი რეგიონის ერთ-ერთი პოპულარული ადგილობრივი მედიასაშუალებაა.
„ალტ-ინფოს“ ტრანსლირება ამ ტელევიზიამ 17 მაისიდან დაიწყო. როგორც ტელევიზიის დირექტორი გიგი მგალობლიშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღეს – “ალტ-ინფო” ქვემო ქართლის ტელევიზიას საეთერო დროისთვის ფულს უხდის. კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, ამას TV 4-ის დირექტორი არ აკონკრეტებს.
“ალტ-ინფო” ისედაც ჩართულია ყველა ქსელში, უფასო სიგნალით გადაიცემა ყველგან. ამიტომ ვთვლით, რომ არაფერი ისეთი საოცრება არ გაგვიკეთებია. თუ ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ, მაშინ კომუნიკაციების კომისიამ უნდა მიიღოს ზომები“, – ამბობს მგალობლიშვილი JAMnews-თან საუბარში.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ თავად TV 4-ის გუნდი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ, დაახლოებით 10 წუთიან საინფორმაციო გამოშვებას ამზადებს, რომელიც 20:30 საათზე გადის, გამოდის, რომ საინფორმაციო დროის დიდი ნაწილი ამ არხზე “ალტ-ინფოს” ეთმობა.
-
რა ვიცით "ალტ-ინფოზე"
ჯგუფი სახელწოდებით “ალტ-ინფო” საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. თავდაპირველად ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალურ ქსელს იყენებდა, 2020 წლის 26 ნოემბერს ავტორიზაცია მიიღო, 2021 წლიდან კი ეთერში გავიდა.
“ალტ-ინფოს” პრორუსული ნარატივი აქვს. ახლა საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა უკრაინაა. ამ ომს „ალტ-ინფო“ მკვეთრად ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გამოყენებით აშუქებს.
ამის გამო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI), “ალტ-ინფოს” საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ალტ-ინფო” რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამართლებას ემსახურება, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
24 მარტს, კომუნიკაციების კომისიამ, თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ “ალტ-ინფო” ომის პროპაგანდას ეწევა.
გიგი მგალობლიშვილს ვკითხეთ, მოუსმენია თუ არა რა შინაარსის გადაცემები გადის “ალტ-ინფოზე” და იზიარებს თუ არა TV 4 და მისი გუნდი ამ ხედვას?
მგალობლიშვილი JAMnews-თან ადასტურებს, რომ “ალტ-ინფოს” გადაცემები მოსმენილი აქვს. ამბობს, რომ შინაარსი მისთვის პრობლემაა, მაგრამ ტელევიზიას ფული სჭირდება:
“ჩემთვის პირადად არის პრობლემა მათი შინაარსი, მაგრამ, ფინანასური პრობლემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ გაგვეშვა. იმიტომ, რომ სხვა არავინ არასდროს არაფერში არ გვეხმარება, არც გრანტით, არც რეკლამით“.
- არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
- MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
რა ვიცით TV 4-ზე?
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV 4 1998 წლიდან მაუწყებლობს.
არხის ძირითადი შემოსავლის წყარო ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების ტენდერებიდან შემოსული თანხებია.
ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, ტელევიზიას ჯამში მოგებული აქვს 1,044,600 ლარის ღირებულების 12 ტენდერი და ასევე, 372,990 ლარის 30 გამარტივებული შესყიდვა. მისი ძირითადი შემსყიდველები ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები არიან.
„TV 4-ის“ შემოსავალი 2022 წლისთვის, გიგი მგალობლიშვილის თქმით, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული 110 ათასი ლარია.
„რუსთავის ტენდერი მაქვს მოგებული 60 ათას ლარიანი და გარდაბნის 50 ათას ლარიანი. მეტი შემოსავალი ფაქტობრივად არ გვაქვს. იყო “კრისტალბეთი”, “კროკობეთი”, კაზინოების რეკლამები, რომლებიც ფაქტობრივად გაგვიჩერეს და ასე დავრჩით ჰაერში“.
“TV 4 ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ რეგიონულ ტელემაუწყებლად” არის მოხსენიებული მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ატარებდა:
“სამონიტორინგო პერიოდში დადებითად შუქდება ადგილობრივი მთავრობის საქმიანობა, ხშირად ვხვდებით სიუჟეტებს ადგილობრივი მთავრობის აქტივობების შესახებ და თითქმის არ გხვდება კრიტიკული სიუჟეტები მთავრობისა და მათ შორის ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შესახებ“, – წერია ანგარიშში.
რას უსმენდა მაგალითად, 17 და 18 მაისს, TV 4-ის მაყურებელი?
“ალტ-ინფო” ჯერჯერობით მხოლოდ ორი დღეა, რაც ქვემო ქართლის რეგიონული ტელევიზიის ეთერში გადის.
JAMnews-ი დაინტერესდა, ამ მოკლე დროის განმავლობაში რა შეეძლო მოესმინა ამ არხის მაყურებელს:
მაგალითად, 18 მაისის 12:00 საათიან სიახლეებში, ერთ-ერთი მთავარი თემა აზოვსტალის მებრძოლების ევაკუაცია იყო.
ამ ევაკუაციას “ალტ-ინფო” ტყვედ ჩაბარებას უწოდებს და ამბობს, რომ ისინი დანებდნენ:
გასული დღე -ღამის განმავლობაში უკრაინის აზოვსტალში გამაგრებული მებრძოლებიდან 256 მებრძოლი რუსულ მხარეს ტყვედ ჩაბარდა. მათგან 51 სამხედრო დაჭრილია. როგორც კრემლში ამბობენ, ვლადიმერ პუტინმა პირადად გასცა გარანტიები დაშავებულების საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობის შესახებ. ქარხანაში გამაგრებულებს უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობის გამო სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდათ.
17 მაისს, 17:00 საათზე, გადაცემა “დღის კომენტარში”, “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას განიხილავდნენ:
“ლიბერალურ ფლანგზე ტრაური და მოთქმა გრძელდება. ნიკა გვარამიას დაჭერას, ნაცები და მისი განაყოფები მძიმედ განიცდიან. მეორე დღეა საზოგადოება თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ გოდებას. პოლიტიკური გლოვა, რომელიც გვარამიას ფანკლუბმა გუშინდელი დღიდან დაიწყო, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჭირისუფლების ფუნქციას “ნაცმედიები” ითავსებენ” .
TV 4 „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უჩვენებს