NGO-ებმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დირექტორს მიმართეს
ქიმიური იარაღის ორგანიზაცია
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) საქართველოში შესაძლო ქიმიური ძალადობის გამოსაძიებლად, საერთაშორისო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდეს.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება იმ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, რომლებიც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, პოლიციამ მასების კონტროლის მიზნით გამოიყენა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში ერთადერთი რეალური გზა სიმართლის დასადგენად საერთაშორისო ზედამხედველობაა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს არა მხოლოდ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, არამედ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიებას.
ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული მასალები ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების სულ მცირე შვიდ ეპიზოდს. მათი შეფასებით, ამ შემთხვევებში სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული გამაღიზიანებლები, ასევე სხვა, იდენტიფიცირებადი და არაიდენტიფიცირებადი ტოქსიკური ან ექსპერიმენტული ნაერთები.
დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი. ორგანიზაციების თქმით, დემონსტრანტებში დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის პრობლემები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული გართულებები, რომლებიც ქიმიური ზემოქმედებიდან დიდი ხნის შემდეგაც არ გამქრალა.
ეს გარემოება, მათი შეფასებით, მიანიშნებს, რომ გამოყენებული ნივთიერებები ან მათი გამოყენების მეთოდები სცდებოდა საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს, რაც აჩენს კითხვებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დაცვაზე.
განცხადებაში მკაცრად არის შეფასებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ხუთდღიანი გამოძიება, რომელიც, არასამთავრობო სექტორის აზრით, პასუხების ნაცვლად ახალ ეჭვებს ბადებს. მათი თქმით, სუს-ის მიერ წარმოდგენილმა “დასკვნამ“ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710, თუმცა მისი გამოყენება უწყებამ უარყო მხოლოდ 4–5 დეკემბრის ღამეს.
ორგანიზაციების განცხადებით, გაურკვეველი დარჩა, გამოიყენებოდა თუ არა აღნიშნული ნივთიერება სხვა, დოკუმენტირებულ შემთხვევებში. ამასთან, გამოძიებამ არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევების შედეგები და სხვა კრიტიკული ინფორმაცია, რაც დამოუკიდებელი შეფასებისთვის აუცილებელია.
ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციები OPCW-ის გენერალურ დირექტორს მოუწოდებენ, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს საქართველოში ფაქტების დადგენის ან სრულფასოვანი საგამოძიებო მისიის გაგზავნის შესაძლებლობა. მათი თქმით, საერთაშორისო ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულში მომხდარი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოსაძიებლად, არამედ მსგავსი პრაქტიკის მომავალში თავიდან ასაცილებლად.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქიმიური ზემოქმედებით დაზარალებულ პირებს აქვთ უფლება იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება და გრძელვადიანი ჯანმრთელობის რისკების შეფასება.
არასამთავრობო სექტორი ასევე მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომელმაც ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდა, შეისწავლოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენება და მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე.
“ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმართლის დადგენა, არამედ ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში,“ — აღნიშნულია განცხადებაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
BBC-ის გამოძიება
BBC-მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის სამსახური ამბობს, რომ გამოძიების პროცესში მათ ინფორმატორები ჰყავდათ საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის რიგებიდანაც. მათ შორის გდდ-ს შეიარაღების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, დაზარალებულებს.
ამ წყაროებიდან შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროევროპული აქციების დარბევისას გამოყენებული იყო ნივთიერება, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებს.
გამოცემა წერს, რომ “კამიტე” პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
ბრიფინგზე სუს-ის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ირწმუნებოდა, რომ BBC-ის სიუჟეტში ნახსენები კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია. მაღრაძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გამოყენებული ნივთიერებები აკრძალულ ნივთიერებებს არ განეკუთვნება.
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. მაღრაძის თქმით, გამოსაკვლევი მიმართულებიდან ერთ-ერთზე, რომელიც კამიტის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.
მისივე თქმით, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.