აფხაზი ვეტერანები პრემიერის დაჯილდოების წინააღმდეგი არიან
აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აარუა“, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს აერთიანებს, აღშფოთებულია იმით, რომ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით – „პატივი და დიდების” ორდენით დაჯილდოვდა. ვეტერანების თქმით, ანქვაბი ამ ჯილდოს ღირსი არ არის, რადგან ომის დროს მან ქართულ მხარეს იარაღი მიჰყიდა. “აარუამ” ფაქტის სასამართლოში გასაჩივრება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ალექსანდრ ანქვაბი გასული წლის დეკემბერში, მის 70 წლის იუბილეზე დააჯილდოვა. ორგანიზაცია “აარუამ” სპეციალური განცხადება გაავცელა და ჯილდოს შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება მოითხოვა.
ვეტერანების მთავარი პრეტენზია ალექსანდრ ანქვაბთან დაკავშირებულია იმასთან, რომ აფხაზეთის ომის დასაწყისში, ანქვაბმა, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ქართველებს უწყებაში შენახული იარაღი გადასცა. 1994 წელს აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა.
„გენერალურმა პროკურატურამ ანქვაბის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე შსს-დან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისთვის იარაღის გადაცემის ფაქტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ავთანდილ იოსელიანი. ანუ, ფაქტობრივად, ის იარაღი, რომელიც აფხაზურ მილიციას სჭირდებოდა, გადაეცა ქართველებს. ეს არ არის უსაფუძვლო განცხადებები. ჩვენ ხელთ გვაქვს პროკურატურის პასუხი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე დღემდე აღძრულია და არ დასრულებულა“, – განაცხადა სასამართლოში “არუას” ხელმძღვანელმა ტიმურ გულიამ.
გულიას მიაჩნია, რომ ორდენი უნაკლო რეპუტაციისა და ბიოგრაფიის მქონე ადამიანებს უნდა გადასცენ, ხოლო ალექსანდრ ანქვაბის პიროვნება „არ შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც ერგება ორდენის მფლობელს“.
გარდა მორალური ასპექტისა, “აარუას” განცხადებაში გამოთქმული პრეტენზიები ასევე ეხება დაჯილდოების პროცედურას, რომელიც, ვეტერანების თქმით, განხორციელდა „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევით – დაჯილდოების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დამოუკიდებლად მიიღო და პრეზიდენტის დაჯილდოების კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს.
ვეტერანთა ორგანიზაციის ყველა არგუმენტის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და პრემია ძალაში დატოვა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო