მოსაზრება: "ქართული ოცნების“ მმართველობა ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაშია გადასული
გაზიარება
გაზიარება
“ქართული ოცნების“ მმართველობა
“რონდელის ფონდის“ მკვლევარი გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ მმართველობა ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაშია გადასული. როგორც მან განმარტა, ოპონენტებს დაპატიმრება, ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა, დიქტატორული მმართველობის ნიშნებს ატარებს.
ამასთან, ბადრიძემ ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ოლიგარქიულ და პოლიტიკურ წრეებს შორის პირდაპირი კოორდინაციის შესაძლებლობაზე გამოთქვა ეჭვები. მისივე თქმით საქართველო კარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, რაც ხელს აძლევს რუსეთის გეგმას, რომ საქართველო ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც სრულად იქნება მასზე დამოკიდებული.
გიორგი ბადრიძე: “აქამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ახასიათებდნენ, როგორც ავტორიტარიზმის დამახასიათებელ ხელისუფლებას. დღეს, გაზვიადების გარეშე, შეიძლება დიქტატურა ვუწოდოთ. დღეს არის ვითარება, როდესაც ოპონენტებს მასობრივად აპატიმრებენ, როდესაც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ახშობენ. ამაზე უფრო მეტი კლასიკური განსაზღვრება დიქტატურისა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არ არის.
რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ინტერესების თანხვედრაა, ძნელად წარმომიდგენია, რომ თანხვედრის გარდა არ იყოს პირდაპირი კოორდინაცია. ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთის ოლიგარქიულ და პოლიტიკურ წრეებთან, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
საქართველო არის ბელორუსიზაციის პროცესში, როდესაც ანტიდემოკრატიული ქმედებები რეჟიმს აკარგვინებს ლეგიტიმაციას, რის გამოც ის უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე. თუ მანამდე მას შეეძლო ლავირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, დღეს ის იძულებულია რუსული მხარე დაიკავოს საერთაშორისო დავებში.
საქართველოში არ წარმომიდგენია გრძელვადიანად სტაბილური დიქტატურის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ ეტაპზე ქმედებები, რომლებსაც მე ვხედავ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, სრულ თანხვედრაშია რუსეთის გეგმასთან. ჩვენ უკვე ვართ ვითარებაში, როდესაც საქართველო მისი ხელისუფლების კომპონენტში კარგავს საერთაშორისო ლეგიტიმურობას. საქართველოს უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს პირდაპირ ხელს აძლევს რუსეთის გეგმას, რომ საქართველო ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც ის სრულად იქნება დამოკიდებული რუსეთზე.
ამ რეჟიმის წარმომადგენლები ისეთი სისწრაფით კვეთენ პოლიტიკურ წითელ ხაზებს, რომ ვერ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი გახდეს მათი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ციხეში უზით. ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ერთად ყოფნის უუნარობა. ვიღაცამ იხუმრა კიდევაც, რომ “ერთად ყოფნა არ უნდოდათ, მაგრამ ერთად ჯდომა მოუწევთო“.
ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს რეპრესიები სალომე ზურაბიშვილამდეც მივიდეს. სალომე ზურაბიშვილს რა როლიც არ უნდა ჰქონოდა წინა პოლიტიკურ ფაზაში, დღეს რომ ეს არჩევნები არ არის აღიარებული დასავლეთის მხრიდან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებაა.”