საქართველოში 2026 წელს არაქართულენოვანი პირებისთვის ქართული ენის გამოცდა ჩატარდება
გაზიარება
გაზიარება
ქართული ენის გამოცდა
“ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, არაქართულენოვანი პირებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება.
მიქანაძის განმარტებით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.
2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს”, – ამბობს მიქანაძე.
მიქანაძის თქმითვე, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.