"ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები" - რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
რა გამოხმაურება მოჰყვა პრემიერის განცხადებებს
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და კვლავ “ომის პარტიაზე” [“ნაციონალურ მოძრაობაზე”} ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.
პრემიერის ამ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მის სიტყვებს გამოეხმაურნენ როგორც პოლიტიკოსები და მწერლები, ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ბახმუტში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა.
3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ქართველი მოხალისეები, უკრაინის აღმოსავლეთში, დღემდე ცდილობენ გამოიყვანონ 5 თანამებრძოლი, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს ქალაქ ბახმუტთან ინტენსიური შეტაკების დროს.
საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.
არჩილ ხოფერია, ჯამბულ ხოფერიას მამა:
“მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე…
არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია, უბრალოდ, იცოდეთ: ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნჰენში იყო, დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა… უბრალოდ ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა… იგი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი…
მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც, ვფიქრობ, პირუთვნელად იარა…”
არჩილ მაჭარაძე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი:
ასე ერთმანეთს აცდენილი ხალხი და ხელისუფლება მგონი არასდროს ყოფილა. რატომ ვითმენთ ამდენ შეურაცხყოფას??
აქ არავის წამოვუყვანივარ, ისევე, როგორც აქ მყოფი მებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა. წამომიყვანა იმან, რომ ხელისუფლებამ დაიკავა სამარცხვინო, ლაჩრული პოზიცია და რუსეთის გამარჯვებაზე გააკეთა ფსონი!
მივედი უკრაინის საელჩოში, დამაკვალიანეს რომ იავორივის ბაზაზე მივსულიყავი, მარტის დასაწყისში ჩემით ვიყიდე თბილისი-ვარშავის ბილეთი და მარტო ჩამოვედი
წამიყვანეს არა დედიშენის.”
რატი ამაღლობელი, პოეტი:
“ძალიან მძიმეა უკრაინის ომის ყურება, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმეა ამ სამარცხვინო განცხადებების მოსმენა 24 თებერვლის შემდგომ, რასაც აკეთებს პირადად ღარიბაშვილი და სხვადასხვა მესვეური მთავრობისა.
ეს არის დაბალი ეშელონების რუსული მმართველობა… უბრალოდ ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით, შინაარსით არის ФСБ-ს ტექსტები.
ძალიან სამარცხვინოა, მძიმეა, როდესაც ასე გელახება ღირსება, როდესაც ასე გრცხვენია, რომ ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოს ყველაზე რთულ და ისტორიულ დროს და ეს სირცხვილი ყველაზე მძაფრად, დოკუმენტურად ვიწვნიეთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ ყველასთვის ცნობილი მიზეზებს გამო კანდიდატის სტატუსი.
ეს სირცხვილი არ არის მხოლოდ გრძნობების სფერო, ეს სირცხვილი კონკრეტულ ამბებზე დგას, კონკრეტულ ვერინტეგრაციაზე დგას, საქართველოს მომავლის დაბლოკვაზე დგას ქართული ოცნების მხრიდან. ეს არ არის მარტო პირადი განცდები, ეს სირცხვილი იზომება იმ 12 პუნქტით.
არ უჩანს ფსკერს ფსკერი, ყოველ ჯერზე ხვრეტენ ამ ფსკერს და რომ გგონია, ამის იქით სადღა შეიძლება წავიდეს, კი, შეიძლება დაეცეს ასე სამარცხვინოდ.”
●”ხილული კავშირები რუსეთთან” – ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
● “გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა რუსეთ-უკრაინას შორის” – ილია II-ის მილოცვა რუსეთის პატრიარქს
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
“მინდა აქედან [პოლონეთიდან] მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც არიან ჩართული თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით ამ ჩვენს მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი.”
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე:
“პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.
ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!
ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
ეს ადამიანი კი ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების – ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!
დიდება გმირებს!”
გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე:
“იმდენად შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმარის თქმის ინსტინქტი არ ჰქონიათ თვითონ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მთელს გუნდს აკრძალული ჰქონდა, რომ ამ საკითხზე თანაგრძნობის საჯარო პოზიცია ჰქონდეთ.
სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა მხრივ, სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება.
მერე, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებოდნენ და ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, მოღალატეობრივი აზრისთვის, რომ თურმე ადრე ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო ან შეიძლება იყოს რუსეთი თუ თავს დაგვესხმება.”
ხატია დეკანოიძე, “ნაციონალური მოძრაობა”:
“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ახალი არ არის. ეს მათი პროპაგანდაა, რომელიც რუსეთისა და კრემლის პროპაგანდასთან ერთი-ერთშია.
ერთადერთი, რაც ახლა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელია, არის ის, რომ იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, იმ ადამიანებს, ვინც ბახმუტში ალყაში იყვნენ მოქცეული – აი, ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ ბრძოლაში ვიღაცის შეკვეთით მიდიხართო.
ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფლებისთვის ადამიანმა თავი გაწიროს. ამიტომ, მის ამ განცხადებაში ამ ადამიანების შეურაცხყოფა არის ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი. ამ მებრძოლებს აყენებს შეურაცხყოფას იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკური შუღლისთვის ასე სჭირდება.
ჩემი მოსაზრებაა და ვფიქრობ, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთას ამ მებრძოლების ფასი არავინ და არაფერი გვყავს. ისინი არიან თავისუფლების ყველაზე დიდი ელჩებიც, ემისრებიც. შიდა პოლიტიკური კლასი სულ რომ გადაადნო, ამ ადამიანების ფასი არაფერი არ არის, წარმოუდგენელ გმირობას სჩადიან.”
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 2000-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა.
უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან უკან დახევის შემდეგ, მოსკოვმა ძირითადი ძალები აღმოსავლეთით მიმართა, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად ხელში ჩასაგდებად. თვეების განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.
„ბახმუტი ახლა მთავარი ცხელი წერტილია რუსეთ-უკრაინის ომში. იქ მიდის ყოველდღიური სასტიკი ბრძოლები“, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” სერჰი ჩერევატმა, უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერმა. მისივე თქმით, უკრაინელები ძალიან აფასებენ ქართული ლეგიონისა და “ქართველი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად.“