პროტესტი, რომელიც შთაგვაგონებს
„ეკოლოგიური პასუხისმგებლობა“, „ურბანული დემოკრატია“, „სოციალური სამართლიანობა“_ სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ თბილისური საპროტესტო აქციების მეგაფონებიდან ამ სიტყვებს გავიგებდით.
უახლოეს წარსულში თბილისში საპროტესტო აქციების 200 პროცენტი პოლიტიკური იყო. მეგაფონებში საკუთარი ფანჯრის ხედივით მოსაწყენ მოთხოვნებს გაჰყვიროდნენ, რომლებშიც ფიგურირებდა ტერმინები „თავისუფლება“, „დამოუკიდებლობა“, და, ასევე, შედარებით უფრო კონკრეტული _ „წადი“ და „ხელახალი არჩევნები“.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ათეულობით ახალგაზრდული მოძრაობა შეიქმნა. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება პოლიტიკას. დღესდღეობით ყველაზე პოპულარული მოთხოვნები ეკოლოგიასა და სოციალურ პოლიტიკას ეხება.
საოცარია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთნენ ენერგიით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები სუპერმარკეტების მოლარეების სამუშაო დღის ხანგრძლივობითა და იმ თავსაბურავებით, რომლებიც მშენებლობაზე მომუშავე ყველა ადამიანს უნდა ეხუროს.
აღფრთოვანებას იწვევს, რომ ეს ახალგაზრდები მოლარეებისა და მშენებლების ხელმძღვანელებს პირისპირ იწვევენ სასაუბროდ და კონკრეტულ, არგუმენტირებულ მოთხოვნებს უყენებენ.
პოლიტიკურიდან ადამიანურ თემებზე გადასვლა თავისით, შეუმჩნევლად და თანდათანობით მოხდა. ბევრმა ჩვენგანმა ვერც კი შენიშნა, როგორი რევოლუციური ცვლილებები განიცადა ქართულმა მენტალიტეტმა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მრავალი წლის განმავლობაში პირველად ითხოვენ არა პოლიტიკურ დანიშვნებსა თუ გადადგომებს, არამედ სუფთა ჰაერს, ავტომობილების პარკირების წესის დახვეწასა და ქალაქის გონივრულ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მათ ქმედებები ახლებური დინამიკით, კრეატიულობითა და ეფექტიანობით გამოირჩევა.
კონცერტი, პერფომანსი და ფლეშმობი პროტესტის ახალი ფორმებად იქცა. თუმცა, სხვა ფორმებიც არსებობს. ბოლო დროის ყველაზე ეფექტური გამოსვლა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფების მუშაობა გახდა.
13 ივნისის ღამეს თბილისში კოკისპირულად წვიმდა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა, დილით კი ათასობით მოხალისე უსიტყვოდ შეუდგა საქმეს. მოხალისეები ერთი კვირის განმავლობაში (ზოგიერთები-უფრო დიდხანს) მუშაობდნენ დილიდან საღამომდე.
ქალაქის პარკებში ორგანიზებული მრავალდღიანი მორიგეობაც პროტესტის ახალ ფორმას წარმოადგენს. სიახლედ აღიქმება ის, რომ ასეთი აქციები ხმაურიანი მოწოდებებისა და შიმშილობების გარეშე ეწყობა.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია გამოფენების, კონცეტებისა და სხვა ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობდა. იგივე ხდებოდა გუდიაშვილის პარკის ბარბაროსული რეკონსტრუქციის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე.
ამ ახალი მოძრაობების წევრები ყველგან არიან და შეუძლებელია მათი მოხელთება. ისინი იზრდებიან, მრავლდებიან და ძლიერდებიან. ყველა მათი ონლაინ კამპანია ვირუსივით სწრაფად ედება სოციალურ ქსელებს – შექმნიდან ერთ კვირაში მათი გვერდებს უკვე ათასობით „ლაიქერი“ ჰყავს , რადგან მათი მოთხოვნები ადვილად პოულობს გამოხმაურებას საზოგადოებაში.
არც ისე ბევრი თბილისელი იტყვის, რომ ხეების უკანონო ჭრა, ქალაქის ცენტრში დაწყებული სამშენებლო ისტერიკა, პანდუსებთან მანქანების გაჩერება და ნაგვის ქუჩაში დაყრის მანკიერი პრაქტიკა შესაჩერებელი არაა.
ყველა ეს მოთხოვნა, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ჰაერშია გამოკიდებული, თუმცა აქამდე ამ პრობლემების გახმოვანების დრო არ გვქონდა და ყველა თავს იკავებდა, ვიდრე ახალი თაობა არ წამოიზარდა.
თუ დავაკვირდებით ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც ახალი მოთხოვნები აქვთ, დავინახავთ ვიწრო მსოფლხედველობის მქონე, ღიპიანი თაობის ალტერნატივას, რომელიც ძირითადად, სადღეგრძელოების წარმოთქმითა და ყოფილი გმირობების გახსენებით შემოიფარგლება.
მართლაც, ამ ახალი ძალის ძირითად ნაწილს ახალგაზრდობა წარმოადგენს _ ისინი, ვინც საზარელ 90-იან წლებში დაიბადნენ, ღარიბი მშობლების შვილები, რომელთა დედებსა და მამებსაც მინიმალური ანაზღაურების მისაღებად უწევდათ მუშაობა. ეს ახალგაზრდები სამოქალაქო ომისა და პურის რიგების პერიოდში დაიბადნენ, თუმცა თავად არც ისე კარგად ახსოვთ სამოქალაქო დაპირისპირება და მასთან დაკავშირებული უბედურებები.
შესაძლოა, ის, რომ ომის ბავშვებს უშუალოდ არ უნახავთ ის საზარელი დაპირისპირება, კიდეც განაპირობებს მათ თავისუფალ ქცევას.
და თუ უახლოეს მომავალში მათ მოთხოვნებს პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეერევა, შგვიძლია მივიჩნიოთ, რომ შეშის ღუმელს, ნავთქურასა და პურის რიგებს, რომლებიც მათ კარგად ახსოვთ, ამაოდ არ ჩაუვლია.
გამოქვეყნდა 05.09.2016