პროფესორ-მასწავლებლები: "ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის ნებას, დაიცვან ევროპული კურსი
პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
აკადემიური სფეროს 600-ზე მეტი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. მათი თქმით, იდგებიან იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.
პროფესორ-მასწავლებლებმა განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან წაიკითხეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.
სტუდენტების ნაწილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის და გახსნა – საპოლიციო ძალებისთვის.
განცხადება
“უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.
საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.
ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია.
ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის — ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის.
ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა ძალადობის თანამონაწილე — იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად”.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქვეყნის ბედისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 54 პროცენტი მიიღო. ეს 12 პროცენტით მეტია ეგზიტპოლის შედეგებზე.
ამ მონაცემების არ სჯერათ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს. მათ მიერ აღმოჩენილებმა ათასობით დარღვევამ და გაყალბების სისტემურმა სქემამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არჩევნებიდან უკვე სამი კვირა გავიდა და ამ დრომდე მისი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ვიქტორ ორბანია.