აფხაზეთი: ექსპერტებმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი პრესკონფერენცია წარუმატებლად მიიჩნიეს
პრეზიდენტობის კანდიდატების პრესკონფერენცია აფხაზეთში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა პირდაპირ ეთერში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ყურადღების ცენტრში ორი მთავარი კანდიდატი მოექცა – ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
ოფიციალური მედია შეეცადა ხელისუფლების კანდიდატის მხარდაჭერას, თუმცა შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. გუნბა პასუხებში არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული არგუმენტებით, მისი ერთადერთი უპირატესობა აფხაზური ენის უკეთესი ფლობა იყო. აღსანიშნავია, რომ სხვა კანდიდატებს რუსული ენა უფრო კარგად აქვთ გათვისებული.
ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ჟურნალისტებმა ეს გარემოება გუნბას ოპონენტების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, თუმცა სიტუაცია ეთიკის ფარგლებს გასცდა.
მაგალითად, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კანდიდატებს მათი შვილების განათლების შესახებ ჰკითხა – რომელ სკოლებში სწავლობენ და როგორ ფლობენ აფხაზურ ენას. ეს კითხვა აშკარად არძინბას წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან მისი შვილები რუსეთში იღებენ განათლებას. თუმცა, კითხვამ მოულოდნელად სხვა კანდიდატიც დააზარალა – რობერტ არშბა, რომელმაც წლების წინ ტრაგიკულად დაკარგა ერთადერთი შვილი.
გარდა ადგილობრივი ჟურნალისტებისა, პრესკონფერენციას ესწრებოდა Russia Today-ის წარმომადგენელი, რომლის საქციელმაც შეხვედრის ატმოსფერო კიდევ უფრო გაამწვავა.
პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მან აფხაზური გამოცემის, “ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი, იზიდა ჭანია შეურაცხყო, რის შემდეგაც ბოდიშის მოხდა მოუწია. მოგვიანებით მან ადგურ არძინბას პროვოკაციული კითხვა დაუსვა, რაც მისი სავარაუდო პროთურქულ პოზიციებს ეხებოდა, თუმცა ჟურნალისტს კონტექსტი აშკარად არ ჰქონდა გათავისებული.
პრობლემებზე საუბრის გარეშე
სამ საათიანი ეთერის განმავლობაში აფხაზეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები პრაქტიკულად არ განხილულა.
თუმცა, გარკვეული დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლებოდა.
____
“პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი ძლიერი მხარე, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ მათი კომპეტენცია კითხვის ნიშნებს აჩენს.
- ოლეგ ბარციცი კარგად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოებრივ კავშირებში.
- რობერტ არშბა მხარს უჭერს რეფორმებსა და ძალაუფლების გადანაწილებას.
- ადგურ არძინბა ეკონომიკურ საკითხებსა და საერთაშორისო პროექტებში გამორჩეულად კომპეტენტურია.
- ბადრა გუნბა… უბრალოდ თავისუფლად და კარგად ლაპარაკობს აფხაზურად“.
ასე აჯამებს პრესკონფერენცია ტელეგრამ-არხ „Апсны хабар“-ის მთავარი რედაქტორი ლევან ლაგულაა.
ცნობილი აფხაზი ბლოგერი, ასტამურ კაკალია კი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა პასუხები მათთვის ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ვერ მიიღეს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
“ხელისუფლებამ სცადა პროცესის მანიპულაცია, მაგრამ ამით მხოლოდ გაამწვავა ნეგატიური დამოკიდებულება თავისი კანდიდატის მიმართ. მთავარი დასკვნა ნათელია – ქვეყნის მმართველობის სისტემის რეფორმა გარდაუვალი ხდება, ამას უკვე ბრმა და ყრუ ადამიანიც კი მიხვდება“.
მისი აზრით, აუცილებელია კიდევ ერთი პრესკონფერენცია, ოღონდ ამჯერად დაუგეგმავი და ხელოვნური ჩარევების გარეშე:
“ხელისუფლების მიერ წინასწარ მომზადებული კითხვები რეალურ პრობლემებს ანაცვლებდა. არავის დაუსვამს კითხვები, რომლებიც ხალხს რეალურად აწუხებს – კორუფცია, უმუშევრობა, კრიმინალი, კრიპტომაინინგი… არ ყოფილა შეკითხვა იმაზე, რატომ არ გამოქვეყნდა კანდიდატების ქონებრივი დეკლარაციები. რეალური დღის წესრიგის იგნორირება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს უბრალო მოქალაქეებისთვის“.