პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ვიწრო წრეს გაანდო
თავიდან რამდენიმე ტელეკომპანიის ახალი ამბების ეთერში გამოცხადდა, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რის თაობაზეც 6 დეკემბერს ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. ეს იყო 2 დეკემბერს, საღამოს. მეორე დღეს ტელეარხები დუმდნენ, ვიდრე არ გამოჩნდა ოფიციალური განცხადება, სახელმწიფოს მეთაურის ჟურნალისტებთან საუბრის ვიდეოჩანაწერი და გაშიფრული მთელი გამოსვლა ვებგვერდზე president.am.
ონლაინ-გამოცემებში ამასთან დაკავშირებით მაშინვე გაჩნდა კომენტარები. პირველად ამის შესახებ მედია-ინიციატივების ცენტრის ვებგვერდმა media.am დაწერა: ‘ჩნდება ეჭვი, რომ არსებობს ცენზურის პრობლემა მაშინაც კი, როდესაც ყველა დამსწრე ‘სანდო’ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენდა. უფრო შორს მიმავალი ეჭვებიც ჩნდება – ხომ არ აპირებენ, იქვე დამონტაჟებული, ოღონდაც ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული სიუჟეტები გვიჩვენონ.’
სხვა ქსელური გამოცემა ‘Civilnet’ სვამდა კითხვას: ‘მსოფლიოს რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ 8 ტელეარხის 12 ჟურნალისტი მონაწილეობდეს პრეს-კონფერენციაში, რომელსაც მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის კამერები იღებს? მაშინ რისთვის იკავებენ სხვები ამდენ სიხშირეს?’
რაც შეეხება თავად პრეს-კონფერენციას, სერჟ სარგსიანმა გამოთქვა თავისი შეხედულება საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე; განმარტა, თუ რისთვის სჭირდება, მისი აზრით, ის ქვეყანას, და რატომ გახდა თავად ამ პროცესის ინიციატორი:
‘მე საფრთხედ მიმაჩნია მოქმედი კონსტიტუციის კონკრეტული რეგულაციები და მოვალე ვარ, გავახმაურო ეს ფაქტი. არ შემიძლია გავჩუმდე და დამშვიდებულმა ვიფიქრო, რომ ვხედავ ამ საფრთხეს, მაგრამ რადგან, ზოგის აზრით, ახლა არც ამის დროა და არც საზოგადოების მხრიდან მოთხოვნილება, ხმას არ ამოვიღებ.’
სარგსიანს პირველ და მთავარ საფრთხედ ესახება, ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროს პრეზიდენტის უფლებებსა და პასუხისმგებლობას შორის არსებული შეუსაბამობა. ლაპარაკია სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებაზე, როდესაც მას თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოების მხოლოდ ‘კოორდინირების’ და არა მათი ‘ხელმძღვანელობის’ უფლება აქვს.
პრეზიდენტის თქმით, მეორე საფრთხე ის არის, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებელი არ არის არც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მესამე საფრთხე არის ‘სასამართლო სისტემის შიდა და გარე დამოუკიდებლობა’. სერჟ სარგსიანმა პრეს-კონფერენციის მონაწილეებს მიმართა: ‘ვფიქრობ, არც ერთი თქვენგანი არ უარყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ყველა განაჩენი სასამართლო დარბაზში გახმოვანებამდე, ჯერ ბაგრამიანის 26-ში (პრეზიდენტის რეზიდენციის მისამართი – JAMnews) გამოაქვთ.’ ახლა მოსამართლეებს პრეზიდენტი ნიშნავს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში კი, ‘სპეციალისტთა უმრავლესობის მოსაზრებით, ეს საკითხიც გადაწყდება’, – ირწმუნება პრეზიდენტი.
უფრო დიდი ინტერესი ხვდა პრეზიდენტის მომდევნო განცხადებას: ‘გულწრფელად ვამბობ, ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტური საპრეზიდენტო მმართველობა რომ მოქმედებდეს, შესაძლოა, ამ რეფორმებზე არც წავსულიყავი, რადგან საპარლამენტო სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, საპრეზიდენტოს – თავისი. მაგალითად, ომის პირობებში საპრეზიდენტო სისტემა სავსებით მისაღებია, იგი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ომის დროს საპარლამენტო სისტემა არ არის ქმედითუნარიანი. აი, ნახევრადსაპრეზიდენტო კი – ნამდვილად მოკლებულია ქმედითუნარიანობას.’
სამწუხაროდ, პრეს-კონფერენციაზე დამსწრე არც ერთ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა, – თუ ასეა, რაღატომ აირჩია პრეზიდენტმა საპარლამენტო და არა 100%-იანი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა. თუმცა, იქნებ ჰკითხეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ეს არც გვინახავს და არც მოგვისმენია.