ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე ოცნების ინიციატივა არაკონსტიტუციურია - საია
პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ორგანიზაციის ცნობით, პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება).
Საიამ აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასა. მათივე განმარტებით, 5 ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს ახალი, უკვე ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის.
“კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი “ბოროტად გამოყენებისგან“. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით. აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს.” – წერს საია.
გარდა ამისა, საია-ს განმარტებით, კანონპროექტიდან არ ჩანს, თუ რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს, რომ ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობა სასამართლოს მეშვეობით მარტივად შეიზღუდოს პარტიასთან “დაკავშირებული პირის“ სტატუსით.
“პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით. პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად, არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.” – აცხადებს ორგანიზაცია.
საია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპორციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.
“შესაბამისად, საიას შეფასებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
● “კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება” – “ქართულ ოცნებას” თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკოსებისა და პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები შეაქვს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე აღნიშნა, “ოცნება” წულუკიანის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს “უახლოეს მომავალში” შეიტანს.
● კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები” ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს. მისივე თქმით, ეს ადამიანები საერთოდ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას.
● გარდა ამისა, რეპრესიული ცვლილებები შეეხებათ პარტიებსაც. კერძოდ, მათ აეკრძალებათ, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირების პარტიულ სიებში შეყვანა, მათგან შემოწირულებების მიღება, “წინააღმდეგ შემთხვევაში”, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.