უნდა ელაპარაკოს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებას? რა ხდება დებატების გარშემო საქართველოში
პოლიტიკური დებატები საქართველოში
საქართველოში, სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია უკიდურეს ზღვარს აღწევს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წლების განმავლობაში გაწყვეტილი კომუნიკაცია მოულოდნელად „დებატების“ ფორმატში აღდგა.
მმართველი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა კრიტიკულ მედიას და ერიდებოდა პირდაპირ პაექრობას ოპონენტებთან, ახლა თავად ხდება საჯარო დისკუსიების ინიციატორი.
ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ მწვავე ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდის როგორც ქვეყნის შიგნით (არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული პროტესტის გამო), ისე საერთაშორისო ასპარეზზე (და ამის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის რეგიონული ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც საქართველოს გვერდის ავლით ჩაიარა).
ამ პროცესმა მწვავე დისკუსია გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში. აზრი გაიყო იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ დებატებში. ორივე მხარეს, როგორც დებატების მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, თავიანთი არგუმენტები აქვთ.
დებატების დაბრუნება
22 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მზად იყო ოპონენტებთან დებატებისთვის და „საჯარო დისკუსიის“ დაბრუნების ინიციატივა წამოსწია.
ამ ინიციატივამდე საქართველოში წლებია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ ვადაში მინისტრები და დეპუტატები რეგულარულად ესწრებოდნენ ოპოზიციურ ტელეარხებს, თუმცა ეს პრაქტიკა რამდენიმე წლის წინ სრულად შეწყდა და ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. განსაკუთრებით შეიცვალა სიტუაცია “რუსთავი 2-ის”, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური არხის, ხელისუფლების ხელში გადასვლის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ, კრიტიკულმა ტელეარხებმა ხელისუფლებას საკუთარი ეთერი შესთავაზეს, თუმცა მმართველმა პარტიამ დებატების პლატფორმად პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“ და „იმედი“ აირჩია (ამ ორ არხს ოპოზიციისა და სამოქალა ქო სექტორის ნაწილი აფასებს როგორც პროპაგანდისტულ მედიას).
„რუსთავი 2“-მა დებატებისთვის სპეციალური სტუდიაც კი შექმნა შუაში უზარმაზარი წითელი მაგიდით.

“დებატები” ტელეწამყვანს, რეზი ჭიჭინაძეს მიჰყავს. გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს არის “საჯარო დიალოგი, რომელიც ტელეეთერს უბრუნდება, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი, რათა მაყურებელმა განსხვავებული პოზიციები ერთ სივრცეში მოისმინოს… და რომელმაც პოლარიზაციას წერტილი უნდა დაუსვას…”
ამ ფორმატის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი თემა იყო ფასების ზრდა, ფასნამატები. ამ დებატებში თავად პრემიერი კობახიძე მონაწილეობდა.
კობახიძე მონაწილეობდა ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 14 თებერვალს გამართულ დებატებშიც, რომლებიც განათლების რეფორმას შეეხებოდა.
რატომ ახლა?
ხელისუფლების ამ ინიციატივას ანალიტიკოსები რამდენიმე მიზეზით ხსნიან: შიდა ლეგიტიმაციის ძიება, საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის მცდელობა და ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვა.
ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში „რეალური შინაარსობრივი დებატი“ პრაქტიკულად აღარ არსებობს, ამიტომ პრემიერის მიერ შეთავაზებულ ფორმატი არის მცდელობა, „იზოლაციიდან და ერთპარტიულობიდან სურათის შემსუბუქება“.
“რა მიზანს ემსახურება (დებატები) ზუსტად ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს არის მათი მიზნის მისაღწევად. არ არსებობს იმის ვარიანტი, რომ ერთ საათიან დებატში, პრემიერთან, რომელიც არ წარმოადგენს სფეროს ექსპერტს, რამეს მიაღწიო”.
განათლების ექსპერტი, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია, რომელიც 14 თებერვლის დებატებში თავად მონაწილეობდა, აანალიზებს, რატომ ცვლის ხელისუფლება სტრატეგიას. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ პოლარიზაცია არ მუშაობს:
“პოლიტიკური პარტიებისთვის უკანასკნელი ხელმისაწვდომი კვლევები ამბობს, რომ უკიდურესი ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების ზომა მცირდება და შედარებით ზომიერი პოზიციის მქონე ჯგუფის წევრების, ე.წ. ნეიტრალურების, ნიჰილისტების და ა.შ. რაოდენობა იზრდება.”

მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობს ზომიერი ელექტორატის მოპოვებას: “‘ოცნება” თამაშობს კონსტრუქციული ხელისუფალის როლს და თან იმედი აქვს, რომ ზომიერების ჯგუფზე ზეგავლენის მოხდენას მხოლოდ თვითონ მოახერხებს, რადგან დებატებზე ოპოზიციას ან ვერ დაითანხმებს, ან ხელოვნურად გარიყავს ამ პროცესიდან.”
რას ამბობენ დებატებში მონაწილეობის მომხრეები
ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილში დებატებში მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად არ შეფასებულა: გაჩნდა მწვავე პოლემიკა, ემოციური პოსტები და ზოგჯერ ურთიერთბრალდებები.
დებატებში მონაწილეობის მხარდამჭერები რამდენიმე არგუმენტს იყენებენ. მათი აზრით, სიმართლის სათქმელად ყველანაირი სივრცის გამოყენება შეიძლება, პროპაგანდისტული ტელევიზიის ჩათვლით. პროსახელისუფლებო არხებით პროტესტის მონაწილეები ხმას მიაწვდიან “ოცნების” მომხრეებსა და პოლიტიკურად “მერყევებს”.
“საზმაუს მარშების” ორგანიზატორი გოტა ჭანტურია აღნიშნავს: “შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ეთერების გახსნა იყო. დიახ, მთავარი მოთხოვნა ‘ეთერი ხალხს’ იყო, მაგრამ არც დისკუსიებზე და დებატებზე გვითქვამს ოდესმე უარი”.
აქციის მონაწილე თინათინ მოსიაშვილი ხაზს უსვამს მედიის პოლარიზაციას: “მე მომხრე ვარ დებატების. დღეს ჩვენ მაინც პარალელურ სიბრტყეებზე ვცხოვრობთ. ერთი ნაწილი ერთ საინფორმაციო საშუალებას უყურებს, მეორე – მეორეს და ჩვენ შორის დიალოგი არ არის.”
სიმონ ჯანაშია, რომელმაც თავად მიიღო მონაწილეობა დებატებში, განმარტავს: “ჩემი მიზანი არ არის, კობახიძე დავარწმუნო რამეში. ჩემი მიზანია, გავარღვიო ის პატარა სივრცე, რომელშიც მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ. “იმედს” ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს საქართველოში და მისი არგამოყენება არ შეიძლება.”
ჯანაშია უარყოფს მოსაზრებას, რომ დებატებში მონაწილეობა რეჟიმის აღიარებას ნიშნავს: “დასაშვებად მიაჩნიათ, რეჟიმს ელაპარაკონ, მაგ: აეროპორტში, ქუჩაში, მაგრამ არა დებატებში, რადგან ფიქრობენ, რომ ეს რეჟიმის აღიარებად აღიქმება. ასე სულაც არ არის. მინახავს, როგორ ელაპარაკებოდა ზვიად გამსახურდია რუს სამხედროებს 9 აპრილის შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამსახურდია საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებდა საქართველოში.”
მწერალი ლაშა ბუღაძე ხაზს უსვამს: “ცხადია პოლიტიკოსი ყველგან უნდა მიდიოდეს, სადაც ლაპარაკის და ხალხზე ზემოქმედების უმცირესი შანსიცაა. “იმედზე” თუ ივანიშვილის სოციოპათ და უაღრესად სუსტ, მბოდავ და მატყუარა “პრემიერს” ვერ მოუგე კამათში, დიდ ბრძოლას რას მოიგებ? უნდა მოუგო!”
მომხრეების არგუმენტები, რომლებიც საჯარო დისკუსიაში ტრიალებს, რომ შევაჯამოთ, ძირითადად ასეთია:
▇ მომხრეთა მთავარი არგუმენტები
● სიმართლის სათქმელად სივრცე უნდა გამოიყენო ყველგან, მათ შორის პროსამთავრობო ტელევიზიაშიც;
● ოპოზიცია უნდა მისწვდეს ხელისუფლების მხარდამჭერებს და მერყევ ამომრჩეველს. ამას სხვანაირად ვერ გააკეთებს, რადგან ბევრი მათგანი “იმედის” და “რუსთავი 2″ის მაყურებელია;
● დებატებში მონაწილეობა ავტომატურად „რეჟიმის აღიარებას” არ ნიშნავს. პირიქით, შეიძლება მიიღო დებატებში მონაწილეობა და პირდაპირ ეთერში პროსახელისუფლებო არხების მაყურებლებს აუხსნა, თუ რატომ არის “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლება;
● ეს არის შანსი კრიტიკული კითხვები დაუსვა ხელისუფლებას, რომელიც გაურბის პრობლემებზე საუბარს და კრიტიკულ კითხვებზე პასუხს.
● თეორიულად, დებატებმა, შესაძლოა, პოლარიზაციის შემცირებასაც შეუწყოს ხელი.
● წლებია დებატები არ ყოფილა და ამან არ მოგვიტანა წარმატება. მოდი, ვცადოთ, იქნებ დებატების ტაქტიკამ გაამართლოს. რას ვკარგავთ?
რას ამბობენ დებატებში მონაწილეობის მოწინააღმდეგეები
დებატებში მონაწილეობის კრიტიკოსები კატეგორიულები არიან თავიანთ პოზიციაში. მათი მთავარი არგუმენტია, რომ როდესაც დებატების ავტორი და ორგანიზატორი “ქართული ოცნებაა”, მონაწილეობა ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს.
“რადიო თავისუფლებამ” რუსთაველის აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი გამოკითხა. აქციის მონაწილე თამუნა გიორგაძე აცხადებს : “როცა ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ ადამიანებს და ფურცლების დახევისთვის პატარა გოგონას 2 წლით პატიმრობით ემუქრებიან, ძალიან უადგილოა, ხელისუფლების შემოგდებულ დებატებში ჩართვა და ამით მისთვის მცირედი, მაგრამ მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება.”
აქციის მონაწილე თეა პაიჭაძე ასე ასაბუთებს: “არ ვემხრობი მარტივი ლოგიკის გამო, თუ იმას აწყობს, შენ არ უნდა გაწყობდეს. ილუზიას შექმნის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. არადა, არ არის. რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ოთხას დღეზე მეტია გირტყამს.”
მწერალი, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია კატეგორიულია: “არ მიმაჩნია მიზანშეწონილად შულერების, ხალხის გადამგდებების, სახელმწიფო გადატრიალების მომწყობების ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა.”
დებატებში მონაწილეობის წინააღმდეგია ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ის, რომ დებატებში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს და ნაწილი არ მონაწილეობს, ამის ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის დაყოფაა.
„ეს ძალიან კარგად იციან. ქვეყნის მართვა ნამდვილად არ იციან და არც არაფერში ჩანს, მაგრამ დაყოფა „იმისთვის, რომ იბატონო“, ეს კარგად იციან. ეს არის ძველი ტექნოლოგია, რომელსაც, რაღაც მომენტში, ყველა რეჟიმი იყენებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
▇ მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტები ასეთია:
● დებატების ორგანიზატორი თავად ხელისუფლებაა, ამიტომ მონაწილეობა მას მცირე, მაგრამ რეალურ ლეგიტიმაციას აძლევს. არსებობს რისკი, რომ ხელისუფლება დებატებს გამოიყენებს საერთაშორისო და შიდა აუდიტორიისთვის „ნორმალიზაციის“ სურათის საჩვენებლად.
● პროსახელისუფლებო ტელევიზიაში მონაწილეობა ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც ფარისევლურ პროცესში ჩართვა იმ პირობებში, როცა თავად ხელისუფლებამ შეზღუდა დამოუკიდებელი მედია და საჯარო დისკუსიის სივრცე.
● „მოწინააღმდეგის მოედანზე“, მისი წესებით თამაში წინასწარ წამგებიან პოზიციაში აყენებს ოპონენტს.
● ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იღებდნენ კრიტიკულ ინფორმაციას, ვერც ამ დებატებით შეიცვლიან პოზიციას.
● რეპრესიების, დაპატიმრებებისა და ჯარიმების ფონზე დებატებში მონაწილეობა მორალურად შეუსაბამოდ მიაჩნიათ.
● დებატების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს ოპოზიციის შიდა დაყოფის გაღრმავება – მონაწილეებსა და ბოიკოტის მომხრეებს შორის.
● ზოგი მიიჩნევს, რომ რეალური საჯარო დისკუსიისთვის უფრო სწორი სივრცე იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დებატები ევროინტეგრაციის შესახებ
განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს ევროინტეგრაციის თემაზე დაგეგმილი დებატები. რუსთავი 2-ი აანონსებს დებატებს, რომლისა თემა ასე ჟღერს, “სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?”
პარტიამ “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც ფასების შესახებ დებატებში მონაწილეობდა, ამჯერად უარი განაცხადა მონაწილეობაზე: “ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს. შესაბამისად, სადებატო არაფერია!”
სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომელიც პროევროპული პროტესტის მხარდამჭერია, ფეისბუკზე დაწერა რომ ასევე მიიღო შეთავაზება რუსთავი 2-ზე ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში მონაწილეობაზე და ასევე უარი თქვა: “ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია.” მისი აზრით, “ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა – თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია.”
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე დებატების მიზანი აშკარაა: “როცა დებატებში მონაწილეთა 80 თუ 90 პროცენტი ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეა და ასე აპირებენ დებატების მოწყობას, ხომ ცხადია, სურთ იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ აი, დიდი უმრავლესობა ევროინტეგრაციის წინააღმდეგია და მხოლოდ მარგინალი ადამიანები არიან ევროინტეგრაციის მომხრეები.”
ამ დებატების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ დებატების საგანი ხდება კონსტიტუციით გარანტირებული კურსი, მიიჩნევენ ექსპერტები.
რას ველით დებატებისგან?
რეალურად, ეს დებატები ასახავს უფრო ფართო დილემას – როგორ უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ისეთ ხელისუფლებასთან, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსები, მაგრამ არ აქვს ფართო ლეგიტიმაცია – საჯარო დიალოგში შესვლის გზით თუ ბოიკოტის სტრატეგიით.
სიმონ ჯანაშია აღიარებს რისკებს, მათ შორის იმას, რომ ხელისუფლება ამ პროცესს საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს, თუმცა დასძენს: „სცენა უკვე განათებულია და ახლა ჩვენი საქმეა ვიყოთ კეთილი, მამაცი და კომპეტენტური… ჩვენი უმწეობა გვაქვს დასამარცხებელი“.
საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ დებატების სერია საქართველოში თემატური დისკუსია კი არ არის, არამედ ეს არის ბრძოლა დღის წესრიგის მოსაპოვებლად.
ეჭვგარეშეა, რომ ოპოზიციისთვის სულ უფრო რთული იქნება დიალოგის წარმოება იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება კონტროლს უწევს მედიის უმეტეს ნაწილს, იღებს ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ კანონებს და აგრძელებს რეპრესიებს პროტესტის მონაწილეების და ოპოზიციის მიმართ. ამავდროულად, დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს უარს ერთადერთ ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციაზე.