პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს
საქართველოს ეროვნული გმირი, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა, საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.
22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები დაიწყება, ხოლო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ნეშტის გადმოსვენების ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
ადგილზე იყო საპატიო ყარაული პირველი რესპუბლიკის დროშებით.
“გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა.
გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის”, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
______________________________
● პირველი საქართველოს დასასრული. წითელი არმიის მიერ თბილისის აღებიდან 100 წელი გავიდა
● ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
_________________________________
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში დაიბადა. ის იყო ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში.
მან დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და სწორედ ის იყო ამ სკოლის პირველი ხელმძღვანელი. სამხედრო განათლება თავად კვინიტაძემ თბილისსა და პეტერბურგში მიიღო.
წითელი არმია საქართველოში “აჯანყებული მშრომელების” მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა.
25 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკვე თბილისში იყო – ხუთკვირიანი მძიმე ბრძოლების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს ქვეყნის დაცვა ოკუპაციისგან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
“არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“, – ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია.
“რადიო თავისუფლებამ” გიორგი კვინიტაძესთან ინტერვიუ 1968 წლის მაისში, გენერლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ჩაწერა. ინტერვიუს ჩაწერისას გიორგი კვინიტაძე 95 წლის იყო. მას ესაუბრება “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი კარლო ინასარიძე: