თეატრი ADO მხოლოდ დასის ძალისხმევით არსებობს. თეატრის დირექტორის, ელმინ ბადალოვის თქმით, მათ სრულიად დამოუკიდებელი თეატრის შექმნა სურდათ – ცენზურისა და რაიმე შეზღუდვის გარეშე. უნდოდათ, რომ აბსოლუტურად თავისუფლები ყოფილიყვნენ. აღმოჩნდა, რომ ასეთი თავისუფლება სახსრების შეზღუდულობას გულისხმობს – თეატრი საცხოვრებელ შენობებში მუშაობს და მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. იჯარის ფულია გადასახდელი, ბილეთი კი სულ რაღაც 5 მანათი (დაახლოებით 3 დოლარი) ღირს. თითოეული მსახიობს მეორე სამსახურიც აქვს, რომ თავი ირჩინოს. კოსტუმებსა და ინვენტარსაც ან თავად ყიდულობენ, ან სახლებიდან მოაქვთ. მაგრამ მიაჩნიათ, რომ მათი საყვარელი საქმე ნამდვილად ღირს ამად.
თეატრი ADO 2013 წლის 15 ივლისს შექმნილი თეატრი ODA-ს მემკვიდრეა. თავის სპექტაკლებში თეატრი ОDA წინა პლანზე საჭირბოროტო საკითხებს წევდა და “უხერხულ” თემებებს ეხებოდა. არც იქ იყო ცენზურა. კლასიკოსებისა და ცნობილი თანამედროვე დრამატურგების პიესებს დგამდენ.
მოგვიანებით თეატრ ODA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მისი მისია დასრულებულია და იმავე დასით თეატრი ADO შექმნა, რომელიც “კანონიკური” თეატრისგან კიდევ უფრო შორს აღმოჩნდა. გადაწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ სტანდარტულ დარბაზსა და სცენაზე. მაყურებლები სპექტაკლების მონაწილეებად იქცნენ. მსახიობები გმირის სახეს ქმნიან და ამით პიესაში რაღაც საკუთარი, ახალი ხედვა და გააზრება შეაქვთ. თეატრ ADO-ს დასის წევრები დრამატურგობასაც ცდილობენ. მაგალითად, პიესა სახელწოდებით “სტოპ!” თეატრის დირექტორმა, ელმინ ბადალოვმა დაწერა.
ეს წარმოდგენა ერთდროულად ემოციურიცაა და სქემატურიც. ელმინ ბადალოვის თქმით, პიესა წარმოადგენს პროვოკაციას – ერთგვარ ალიყურს საზოგადოებისთვის. სპექტაკლის შემქნელების ჩანაფიქრით, მაყურებელმა პერსონაჟებში (ერთში, ორში ან, საერთოდ ყველაში) საკუთარი თავი უნდა ამოიცნოს. აი, რა მოეთხოვებათ მაყურებლებს.