პაველ ლატუშკა: საქართველო დღეს იმ ფაზაშია, რომელშიც ბელარუსი იყო 2020 წელს
პაველ ლატუშკას მოსაზრება
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ლატუშკა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო დღეს იმ ფაზაშია, რომელშიც ბელარუსი იყო 2020 წელს.
ლატუშკა ავლებს პარალელებს ბელარუსსა და დღევანდელ საქართველოს შორის, აღწერს, როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ერთი “ლაიკიც“ კი საკმარისია თავისუფლების დასაკარგად და აფრთხილებს ქართულ საზოგადოებას, რომ ქვეყანა „ბელარუსის ბედს გაიზიარებს, თუ გაჩერდება“.
პაველ ლატუშკა – ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლუკაშენკოს რეჟიმის ყოფილი კულტურის მინისტრი და ყოფილი ელჩი საფრანგეთში, დღეს იმავე რეჟიმის მიერ ძებნილი “ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისათვის“, სვეტლანა ციხანოუსკაიასთან ერთად.
საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ლატუშკას 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ლატუშკა დღეს ემიგრაციაში მყოფი ბელარუსის დემოკრატიული ძალების საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელია.
პაველ ლატუშკა: “ვფიქრობ, რომ საქართველოში მოვლენები ძალიან მარტივად შეიძლება იმავე სცენარით წავიდეს, როგორიც ბელარუსში ვნახეთ. ტენდენცია უკვე სახეზეა.
ეს სცენარი კი დღეს გამოიყურება ასე: ბოლო ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში ბელარუსი იძულებით დატოვა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამის ერთადერთი მიზეზი შიშის, ტერორისა და რეპრესიების ატმოსფეროა, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა შექმნა, განსაკუთრებით – 2020 წლიდან. ადამიანები ლუკაშენკოს გაურბიან, მაგრამ რეჟიმი მათ უცხოეთშიც დევნის
თუ საუბარს გეოპოლიტიკურ ჭრილში გადავიტანთ, უნდა გვესმოდეს: რუსეთის მიზანია – თუნდაც ფორმალური, მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენა. ამისთვის კრემლი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მაგრამ სტრატეგიული მიზანი სრულიად ნათელია. ამაზე მეტყველებს უკრაინაში ომიც – უკრაინამ უარი თქვა მოსკოვს დამორჩილებოდა და ამისთვის დღემდე უმძიმეს ფასს იხდის.
ბელარუსი ამ სტრატეგიაში საკვანძო როლს ასრულებს. ლუკაშენკო – პრორუსი ლიდერია, რომელსაც ყოველთვის სურდა კრემლში დიდი კაცი ყოფილიყო და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. საბოლოო ჯამში, ლუკაშენკომ ვერ გათვალა – დიდკაცობის ნაცვლად, კრემლის მსახურად იქცა და შედეგად ბელარუსი რუსეთის სრული მძევალი გახდა. ფორმალურად დღეს ჩემი ქვეყანა არსებობს, აქვს ადგილი რუკაზე, გაეროს წევრიცაა, მაგრამ შინაგანი სუვერენიტეტი შეზღუდულია, გარე – დაკარგული, სამხედრო კი – ლიკვიდირებული. აი, ეს არის ბელარუსის დღევანდელი რეალობა.
საქართველოშიც ვხედავთ პრორუსული ძალების მზარდ გავლენას. მოლდოვაში მუდმივად არსებობს ჩარევის საფრთხე. სომხეთიც, ცხადია, კრემლის შემდეგ სამიზნედ განიხილება. ყაზახეთიც, დარწმუნებული ვარ, იმავე რისკის ქვეშ არის. თუ ამ ქვეყნებმა ვერ შეძლეს ეფექტური სტრატეგიის ჩამოყალიბება, მათი სცენარები შეიძლება იყოს ბელარუსულის ან ქართულის იდენტური – ან კიდევ უარესი. ეს ჩემი, როგორც დიპლომატის, პროგნოზია – და, სამწუხაროდ, ის პესიმისტურია.
დღეს ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე ვცდილობთ წინააღმდეგობის გაწევას – საკუთარ ქვეყნებში, საკუთარ რეჟიმებთან. მაგრამ საჭიროა საერთო სტრატეგია. მჯერა, რომ ევროკავშირმა სიტუაციას უფრო ფართოდ უნდა შეხედოს – არა მხოლოდ რუსეთის სამეზობლოს პრიზმაში, არამედ როგორც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლის ერთიან სივრცედ რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთის ექსპანსიისა და წნეხის წინააღმდეგ ყველა არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ, თანაც – ერთობლივად.
თუ ქართველებს უნდათ, საკუთარი მომავალი დაინახონ, ბელარუსს შეხედონ
როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან შიდა სუვერენიტეტი ნაწილობრივ დაკარგულია, გარე – სრულად დავთმეთ, სამხედრო – გაყიდულია, გირაოშია ჩადებული და გადასაცემად გამზადებული. ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს – არა ბელარუსის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კრემლის ინტერესებიდან.
რისი გაკეთებაა შესაძლებელი? სხვადასხვა ინსტრუმენტია. ბელარუსისთვის ესაა სანქციები. ძლიერი, გამანადგურებელი სანქციები. ისეთი, რომელსაც შეუძლია რეჟიმის ქცევის შეცვლა. არა უბრალოდ „ზეწოლა“, არამედ დარტყმა, რომელიც რეჟიმს წააბარბაცებს.
ასევე აუცილებელია საერთაშორისო სამართლის მექანიზმები – ხუთი წელია ვცდილობთ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში პროცესი დაიწყოს, რომ ლუკაშენკო დამნაშავედ გამოცხადდეს. რადგან თუ დამნაშავე ხელისუფლებაში რჩება – და რჩება არათუ დაუსჯელი, არამედ დამნაშავის იარლიყის გარეშეც კი – ამის შემხედველი, ბელარუსები სულით ეცემიან, ადამიანები დემოკრატიის მიმართ რწმენას კარგავენ.
საქართველო დღეს, ჩემი აზრით, იმ ფაზაშია, რომელშიც ბელარუსი იყო 2020 წელს. იმედი მაქვს, რომ… ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ინანებთ. გაჩერება არ შეიძლება. თუ გაჩერდებით, რეჟიმი ყოველდღე გაძლიერდება – რეპრესიებით, შიშით, ხალხის აპათიით.
თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ სიტყვის თავისუფლება, ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი მედია. ჩვენთან ეს საერთოდ აღარ არსებობს. ყველა ოპოზიციური სტრუქტურა ლიკვიდირებულია, მედია ემიგრაციაშია, გამოცხადებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად. მათი ყურებაც კი სისხლის სამართლის დანაშაულია, მეტიც, ფეისბუკპოსტზე მოწონების დატოვების გამო უშვებენ ხალხს ციხეში.
ჩვენთან დღეს სრულმასშტაბიანი ტოტალიტარიზმია. თუ ვითარება არ შეიცვალა, საქართველოსაც იგივე ელის
ჩვენი მიზანია, საზოგადოება იყოს მოტივირებული, იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ დღეს ქუჩაში გამოსვლა შეუძლებელია. როგორც გითხარით, ზოგჯერ ერთი „ლაიკიც“ კი არასწორ პოსტზე საკმარისია, რომ ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს. ქვეყანაში გამეფებულია შიში, დემოტივაცია, აპათია, სიბრაზე. საზოგადოება მუდმივ მოლოდინშია, თუმცა თანდათანობით ბევრს უქრება სურვილიც კი, პოლიტიკაზე ფიქრი გააგრძელოს.