პარლამენტი "რუსული კანონის" განხილვას იწყებს - შენობაში ჟურნალისტებს არ შეუშვებენ. პარლამენტთან აქციები იწყება
ჟურნალისტები რუსული კანონის წინააღმდეგ
15 აპრილს საქართველოს პარლამენტი “აგენტების კანონის” განხილვას იწყებს, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა: სრულად შეიზღუდება დღეს საქართველოს პარლამენტში ვიზიტორების შესვლა. უკვე გამოცხადდა, რომ პარლამენტში არ შეუშვებენ ონლაინ-მედიის წარმომადგენლებს, შენობაში იმუშავებენ მხოლოდ ტელევიზიები.
შენობაში არ შეუშვებენ საშვიან ჟურნალისტებსაც – მათ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს. შენობაში დღეს ვერ მოხვდებიან ვერც JAMnews-ის კორესპონდენტები.
მიზეზად უსაფრთხოების ზომები სახელდება.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს.
პარლამენტში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან იგეგმება საპროტესტო აქციების გამართვა.
დილის 10:00 საათისთვის პარლამენტთან მისვლას გეგმავენ აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები. მასშტაბური აქცია კი საღამოს – 19:00 საათისთვის იგეგმება.
ხელისუფლება ამბობს, რომ ამჯერად აუცილებლად მიიღებს კანონს “აგენტების შესახებ”.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიციირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას – მაგალითად, საუბარია “შავ ფულზე”, რომელიც “არეულობების დასაფინანსებლად” იხარჯება. ასევე, ხელისუფლების არგუმენტია ის, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” აშშ-შიც მოქმედებს და ასევე საფრანგეთში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.
● ამ არგუმენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● თუ რატომ არ ჰგავს აღნიშნული კანონპროექტი არც ამერიკულ და არც ფრანგულ ვარიანტს, ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. მოკლედ კი, არგუმენტები ასეთია: ამერიკული კანონი FARA მიიღეს 1938 წელს ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის გავლენისგან (ანუ მტრული ქვეყნების გავლენისგან) აშშ-ის დასაცავად (საქართველოში კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი დამფინანსებლები მეგობარი ქვეყნები არიან). ასევე, მნოშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ ამერიკული კანონი ეხება მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს (მაშინ როცა ქართული კანონი, რუსულის მსგავსად, ეხება მედია-ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას).
● რადიკალური განსხვავებაა “ქართული ოცნების” კანონსა და საფრანგეთში მოქმედ “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონს შორის. ფრანგულ კანონში პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს (და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები). საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია – რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი არანაირი ჩანაწერი არ არსებობს “ქართული ოცნების” კანონში.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიციირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.