ოსური სოფლები თავს იცავენ... მგლებისგან
ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინას მკვიდრი სახლისკენ მიმავალ გზაზე მგლების ხროვამ ალყაში მოიქცია, და ის მხოლოდ ყოველი შემთხვევისთვის თან წაღებულმა სანადირო თოფმა გადაარჩინა.
ძაღინა,შეიძლება, მივარდნილი სოფელი გეგონოთ,მაგრამ სინამდვილეში ამ დასახლებულ პუნქტში დაახლოებით ასი ადამიანი ცხოვრობს. აქ ყველა ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს _ ძროხას, ცხვარს, ღორსა და ქათამს უვლის.
თუმცა, საქონელზე თავდასხმა ასეთ სოფლებში ჩვეულებრივ ამბად იქცა.არც პირუტყვის გატაცების შემთხვევებია იშვიათი, განსაკუთრებით _ ზამთარში.
ბოლო წლებში მგლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.
გეოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის განყოფილების უფროსი, იური გაზაევი ვარაუდობს, რომ ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მგელი და ორჯერ მეტი ტურა უნდა იყოს.
‘მტაცებლების რაოდენობის ზრდა მეტწილად ე.წ. ჰიბრიდიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული, რაც მგლებისა და ძაღლების შეჯვარებას გულისხმობს. ომის შემდეგ ბევრი ძაღლი უპატრონოდ დარჩა და გაველურდა. ასეთი ძაღლები მგლებს უჯვარდებიან, _ განაცხადა გაზაევმა. ამის გამოა,რომ ძუ მგელი წელიწადში ერთხელ(რაც ჩვეულებრივია მგლისთვის)კი არა, ორჯერ ყრის ლეკვებს. ბოლო დროს ამ მტაცებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ზნაურის რაიონში, რადგან მგლისთვის აქ ძალიან იოლია ცხოვრება _ შინაური ცხოველიც მეტია და ლანდშაფტიც უფრო მარტივია. მგელს ურჩევნია, მთაში არჩვის დევნას, ბარში შველზე ინადიროს.
სოფლებზე მტაცებელთა თავდასხმები უზარმაზარი ზვავებითაცაა გამოწვეული. მგელი საკბილოს ძიებაში დათოვლილ ტყეს ამიტომაც ტოვებს.
იური გაზაევი ერთხელ კინაღამ თავად იქცა მგლის საკბილოდ:
‘ზაფხულში სოფელ მალდას მგლების ხროვა შემოესია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე მტაცებლების კვალს ვეძებდი. ძლივს გადავრჩი, როდესაც ხროვამ ჩემი ‘მონადირება’ დააპირა. სამი მგლის მოკვლა მაინც შევძელი’.
სამხრეთ ოსეთში საწრაფო წესით მიიღეს მტაცებლების განადგურების სპეციალური პროგრამა. ის, რაც ადრე ბრაკონიერობად ჩაითვლებოდა, ახლა ჯილდოს ითვალისწინებს. ძუ მგელის მოკვლისთვის მონადირე 2 000 რუბლს მიიღებს, ხვადის მოკვლაზე 1500 რუბლის ოდენობის სარგოა დაწესებული. მგლის ლეკვების, ტურებისა და სხვა, შედარებით უფრო მცირე ზომის მტაცებლების დახოცვისათვის კი მონადირეები 1000-1000 რუბლს იღებენ.
სოფელ ყორნისის მცხოვრებმა ბათრაძ ხასიევმა ძლივს გადაარჩინა საკუთარი საქონელი მტაცებლებისგან.
‘შუაღამისას ძაღლებმა ყეფა ატეხეს. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, ტურები ხბოებს დაესხნენ თავს. იმხელა ტურები მანამდე არასდროს მენახა’, — თქვა ხასიევმა. მტაცებლის დაკბენილი ცხოველის ხორცის ჭამა აღარ შეიძლება _ შეიძლება ცოფით დაავადდეთ.
სამხრეთ ოსეთში მიაჩნიათ, რომ მტაცებლების რაოდენობის შემცირება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან მტაცებლების წარმოუდგენელი სიმრავლე უეჭველად გამოიწვევს ეკოლოგიურ დისბალანსს .
’სამხრეთ ოსეთში კურდღელი გაიშვიათდა, _ თქვა იური გაზაევმა, _ მგლები შველსა და ირემს ანადგურებენ. ორმოცდაათწლიანი გამოცდილების მონადირე ვარ და ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ , თუ რამდენი სული იხოცება ნადირობისას. თუკი მოცემული გეგმით და ასეთი ტემპით ვიმოქმედებთ, დროთა განმავლობაში კურდღლის, შველისა და ირმის რაოდენობასთან დაკავშირებული დისბალანსი აღარ გვექნება.