ორი დიალექტი და არანაირი კანონი: ჩრდილოეთ ოსეთი ოსური ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსს ითხოვს
ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა შეშფოთებულია ოსური ენის პოზიციების მკვეთრი შესუსტებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის კონსტიტუციით ოსურ ენას რუსულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, ეს სტატუსი კანონმდებლობით გამყარებული არ არის.
2024 წლის დეკემბერში, საერთაშორისო ოსური მოძრაობის – “ოსთა უმაღლესი საბჭოს“ ყრილობაზე, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელს, სერგეი მინაილოს ოფიციალურად მიმართეს თხოვნით, რომ მიღებულ იქნას კანონი “ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენების შესახებ“.
თუმცა, ხელისუფლებამ ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა, რის შემდეგაც საზოგადოებამ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო: ჩრდილოეთ ოსეთის საგვარეულო საბჭოებმა (თაობათა უხუცესთა სამდივნოებმა) ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სერგეი მინაილოსადმი მოწოდებების გაგზავნა – დაიცვას კონსტიტუცია და შეაჯეროს ენობრივი პოლიტიკა მოქმედ კანონმდებლობასთან.
უკვე 30-მდე საგვარეულომ მიმართა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას თხოვნით, დაიწყოს კანონპროექტის მომზადება, რომელიც ოსური ენის სახელმწიფო ენად განსაზღვრას იურიდიულად დააკანონებს.
თუმცა ხელისუფლება კვლავ დუმს და 15 მაისსაც კი – როცა ოსური ენისა და ლიტერატურის დღე აღინიშნება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ოსეთში – არ გაუკეთებია არცერთი ოფიციალური კომენტარი.
პრობლემის ისტორია და წინაპირობები
ჩრდილოეთ ოსეთის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ოსურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს. თუმცა რეალურად საქმე ასე არ არის: 1993 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივი პარლამენტი კანონის “ოსური ენის შესახებ“ მიღებას მუდმივად აჭიანურებს. შედეგად, არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ოსური ენის გამოყენებას არეგულირებს რესპუბლიკის სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
დელოპროდუქცია ოსურად არ მიმდინარეობს, არსებობს მხოლოდ ერთი ოსურენოვანი გაზეთი, ხოლო რესპუბლიკის ყველა სფეროში რუსული ენა დომინირებს.
ოსური ენის დაცვისა და განვითარების კომისიამ რამდენიმე კანონპროექტი შეიმუშავა, თუმცა პარლამენტმა არც ერთი მათგანი არ მიიღო. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თავად ოსური ენის შიგნით არსებული დიალექტური დაყოფაა: ზოგიერთი პოლიტიკოსი და მეცნიერი დიგორულ დიალექტს (რომელზეც ოსების მცირე ნაწილი – დიგორების სუბეთნოსი საუბრობს) ცალკე ენად განიხილავს და ცდილობს, მისი სტატუსი გაათანაბროს ირონულ დიალექტთან, რომელიც ოსური ენის ძირითად ფორმად ითვლება და მასზე საუბრობს უმრავლესობა.
ბოლო წლების განმავლობაში რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ცალკეული სახელმძღვანელოები “დიგორის ენისთვის“, ხოლო ეს დიალექტი შეტანილია სასკოლო სასწავლო პროგრამაში ორ რაიონში, სადაც დიგორების მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს.
ჩრდილოეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილში კი ოსური ენის სწავლება ხორციელდება მისი ლიტერატურული, ირონული დიალექტის საფუძველზე — სწორედ ამ დიალექტზეა დაწერილი ოსური ლიტერატურის უმრავლესობა და მისით სარგებლობდა მრავალი ოსი პოეტი და მწერალი.
დიალექტურმა დაპირისპირებამ ოსურ საზოგადოებაში არაერთი დაძაბულობა გამოიწვია. მაშინ, როცა პარლამენტარები ცდილობენ თავი აარიდონ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებულ უთანხმოებებს, ბევრი მიიჩნევს, რომ ოსური ენის მდგომარეობა რესპუბლიკაში უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
ახალგაზრდობა სულ უფრო იშვიათად საუბრობს ოსურად — მათ შორის იმ სოფლებშიც კი, სადაც ეს ენა ტრადიციულად მტკიცე პოზიციებით სარგებლობდა.
ოსური ენა ჩრდილოეთ კავკასიაში ერთადერთი ავთენტური ინდოევროპული ენაა და ერთადერთი ცოცხალი ირანული ენა, რომლის მატარებელთა უმრავლესობა რუსეთის ტერიტორიაზე კომპაქტურად ცხოვრობს.
2009 წელს იუნესკომ ოსური ენა გადაშენების პირას მყოფად აღიარა. ამ დროისთვის მას მხოლოდ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი ფლობს – ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, ასევე ოსური დიასპორის მცირე წარმომადგენლები. თუმცა ეს ოფიციალური სტატისტიკაა – რეალურად ოსურად მოსაუბრეების რიცხვი გაცილებით ნაკლებია.
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში სასწავლო პროცესი საბჭოთა დროიდან მოყოლებული რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ოსური ენა და ლიტერატურა სწავლების პროგრამაში სხვა საგნებთან ერთადაა შეტანილი.
გამონაკლისს მხოლოდ ორი სკოლა წარმოადგენს, სადაც სწავლება სრულად ოსურ ენაზე ხორციელდება.
რაც შეეხება მეზობლებს?
ფედერაციულ ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს — 1990-იანი წლების დასაწყისში იქ უკვე მიიღეს კანონები სახელმწიფო ენების შესახებ.
მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთში სახელმწიფო ენებად ოფიციალურად აღიარებულია რუსული, ყაბარდოული და ბალყარული ენები.
შესაბამის კანონში მითითებულია:
“სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენების თანაბარ უფლებებს მათი შენარჩუნების, გამოყენების, განვითარების და სრულყოფის თვალსაზრისით. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები გარანტირებენ სახელმწიფო ენების სოციალურ, ეკონომიკურ და იურიდიულ დაცვას. რესპუბლიკის მოქალაქეებს ეძლევათ უფლება აღიზარდონ და განათლება მიიღონ სახელმწიფო ენებზე. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები ვალდებული არიან თავისუფლად ფლობდნენ რესპუბლიკის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელიც საერთაშორისო დონეზე არაღიარებული რესპუბლიკაა და ფორმალურად არ მიეკუთვნება რუსეთის ფედერაციას, 2012 წელს ასევე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ოსური და რუსული ოფიციალურ ენებად გამოცხადდა.
სხვათა შორის, ჩრდილოეთ ოსეთში დაწყებულ კამპანიას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ “ერთიანი ოსეთი“ მხარი დაუჭირა საგვარეულო საბჭოებს და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტს მოუწოდა, მიიღოს კანონი სახელმწიფო ენების შესახებ.