დასახელდა პარტიები, რომელთა აკრძალვას „ქართული ოცნება“ აპირებს. მათ შორის არ არის გახარიას პარტია
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოში
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაასახელა პარტიები, რომელთა აკრძალვის მოთხოვნით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. “ოცნება” მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და აიკრძალოს სამი ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.
სარჩელის შინაარსი
მმართველმა პარტიამ სხვა სატელიტ პარტიებთან ერთად დაასრულა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე, რომელიც ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.
სარჩელს საფუძვლად დაედო სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის (ე.წ. წულუკიანის კომისია) დასკვნა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა შეისწავლა. ქართული ოცნების სარჩელი სრულად ნახეთ აქ.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები „საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობაა“, რომელიც ერთიან ორგანიზმად მოქმედებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას.
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია:
– მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
– მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
– მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დამატებითი პარტიები, რომლებიც შესაძლოა შემდგომში მოხვდნენ სარჩელში
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, მათ შორის:
- „ელენე ხოშტარია – დროა“
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“
- „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
- „ფედერალისტური პარტია“
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები ფორმალურად დამოუკიდებლად არიან რეგისტრირებული, ფაქტობრივად „კოალიცია ცვლილებისთვის“-ის შემადგენლობაში მოქმედებენ. თუმცა, ამ ეტაპზე მათ აკრძალვის საჭიროება არ იკვეთება, რადგან არ გააჩნიათ არც ორგანიზაციული სტრუქტურა, არც საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური შანსი და შესაბამისად, არ წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებისთვის.
„მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ,“ – განმარტა პაპუაშვილმა.
ორი კრიტერიუმი – რა საფუძვლით მოამზადეს სარჩელი
პაპუაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას „ქართულმა ოცნებამ“ ორი მთავარი კრიტერიუმი გამოიყენა:
- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება;
- რამდენად უქმნის აღნიშნული პარტია, თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურითა და პოლიტიკური გავლენით, რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელია არა მხოლოდ არაკონსტიტუციური იდეებისა და ქცევის არსებობა, არამედ ისიც, რომ პარტიას ჰქონდეს რესურსი რეალური საფრთხის შესაქმნელად. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც ვითხოვთ, სწორედ ამ ორ პრინციპს დავეყრდენით,“ – აღნიშნა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ.
რატომ არ მოხვდა სარჩელში პარტია „გახარია – საქართველოსთვის“
ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. „ქართული ოცნება“ მათგან მხოლოდ ერთს („გახარია საქართველოსთვის“) არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში.
პაპუაშვილმა განმარტა, რომ სარჩელი არ შეეხება პარტია „გახარია – საქართველოსთვის“, რადგან, მისი თქმით, მთავარი სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა პარტიამ მანდატები შეინარჩუნა და საპარლამენტო საქმიანობა განაახლა, რაც ამ არგუმენტს მნიშვნელობას უკარგავს.
“რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა – პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც და ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გახარიას პარტიამ დღეს, 28 ოქტომბერს, დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა.__________________________
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ პარტიის წარმომადგენელთა რიტორიკაში მუდმივად არის “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნა, თუმცა სამართლებრივი სახე ამას ჯერ არ მისცემია.
პირველად პარტიების აკრძალვის შესახებ თავის საპროგრამო სიტყვაში განაცხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის აპრილში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.
ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.
ახალი ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვეში მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.