კომენტარი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება "შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის
ოპოზიციის დევნა საქართველოში
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება “შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის, ხოლო რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს, “მიუხედავად სისტემის მობილიზებისა”, რომ მათ ბრალი დაუმტკიცონ, ამას ვერ ახერხებენ.
გარდა ამისა, კლდიაშვილმა აქციების დროს დაკავებული პირების საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე ჩანს შეთითხნილი ბრალდებები, ცრუ მოწმეები და ის, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, იმის გამო სჯიან, რომ “რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებიან“.
“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს (2004-2006), ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ოქრუაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
კომისიაზე არ მისვლის გამო, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

გიორგი კლდიაშვილი: “ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის. ბოლო წერილი, რომელიც კობახიძემ ტრამპს გაუგზავნა, ძალიან კარგი ილუსტრაციაა, თუ რა ცუდ დღეში იმყოფება ეს რეჟიმი. მათ არ აქვთ ქმედებების დიდი არჩევანი, ისინი გადასულები არიან რეპრესიებზე. მათ შორის, მედიის მიმართ, როდესაც მედიის დაფინანსების ყველა საფუძველი გადაკეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები კი წლებია, რაც მიმდინარეობს.
ცხადია, მიიღეს კანონი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს. ამის პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი, რაც ვითომ წინა რეჟიმის გასამართლებისთვის არის მიმართული. ვინც დაბარების შედეგად არ მივიდა კომისიაზე, იმ ადამიანების დევნა მიმდინარეობს. ცხადია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. როდესაც არ აღიარებ შენ ამ რეჟიმს და ამბობ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გაქვს საფუძველი არ მიხვიდე.
ფაქტია, რომ პოლიტიკური ბრძოლის პროცესი მიმდინარეობს. პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ არ ემორჩილებიან ამ რეჟიმის გადაწყვეტილებებს. არ მინდა, ასე მოხდეს, მაგრამ თუ რეჟიმმა ერთხელ გადაწყვიტა და დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაშიც იმგვარადვე იმოქმედებენ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც დააკავებენ.
პოლიტიკური პატიმრები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან არამარტო ბოლო დროს მიმდინარე აქციების დროს, არამედ გასულ წელს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოსვლების დროს. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები, უკანონოდ მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. მიმდინარე საქმეები აჩვენებს, რომ არ აქვს ბრალდების მხარეს გამყარებული თავისი პოზიცია. მათი მოწმეები ვერ ადასტურებენ ბრალს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანების დევნას კონკრეტული მიზანი აქვს.
ბრალდებები შეთითხნილია, ცრუ მოწმეები პოლიციელების, თუ იმ მოწმეების სახით, რომელიც ბრალდების მხარეს ჰყავს ამ ადამიანების წინააღმდეგ. მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ დაამტკიცონ ბრალი, ამას ვერ ახერხებენ. სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, გამოხატვის თავისუფლების გამო სჯიან, რადგან ამ რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ.”