გიუმრი-2 თუ ხელისუფლების კონსოლიდაცია? სომხეთის არჩევნებამდე ოპოზიცია ოლიგარქიულ ალიანსს აყალიბებს
ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო გადაჯგუფება სომხეთში
სომხეთი 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური გადაჯგუფების ფაზაში შედის. ოპოზიციის ნაწილმა უკვე დააანონსა ახალი ალიანსი, რომელიც, მათი თქმით, „ძალაუფლების ცენტრის“ შექმნას ისახავს მიზნად. მმართველი პარტია კი აფრთხილებს: ეს შეიძლება იყოს გიუმრის სცენარის „ეროვნული რეპეტიცია“.
ახალი ბლოკის ფორმირებაზე განაცხადეს პრორუსმა პოლიტიკოსმა, პარტია „დედა სომხეთის“ ლიდერმა ანდრანიკ ტევანიანმა და ბიზნესმენმა, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა. ტევანიანი წარსულში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციური ფრაქციის წევრი იყო.
ტევანიანის განცხადებით, მათი გაერთიანება „სერიოზული პროგრამისა და გუნდის“ ჩამოყალიბებას ნიშნავს, რომლის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა. რიტორიკა მკაფიოა: 2026 წელი „ამჟამინდელი რეჟიმის დასრულების წელი უნდა გახდეს“.
გიუმრის პრეცედენტი
მმართველი პარტია შიშობს, რომ ოპოზიცია ცდილობს გაზაფხულზე გიუმრიში განხორციელებული სქემის გამეორებას. მაშინ ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვა 50%+1, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ხმა მმართველმა პარტიამ მიიღო, ოპოზიციურმა ჯგუფებმა კოალიცია შექმნეს და კომუნისტური პარტიის კანდიდატი, ვარდან ღუკასიანი, ქალაქის მერად აირჩიეს.
ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია შესაძლოა სამი ცალკეული ძალით გავიდეს არჩევნებზე, საჯაროდ ერთმანეთისგან დისტანცირდეს, მაგრამ შედეგების შემდეგ კოალიცია ჩამოაყალიბოს. მისივე თქმით, ეს იქნება „ოპერაცია გიუმრი-2“.
პარლამენტარი ვაჰაგნ ალექსანიანი კიდევ უფრო პირდაპირ საუბრობს.
“ოლიგარქიული ოპოზიცია დიდი ბლოკების ფორმირებით ცდილობს არჩევნების შემდეგ ერთობლივ ხელისუფლებაში მოსვლას, თუმცა, ეს გეგმა ვერ განხორციელდება.” – ამბობს ალექსიანი.
ვინ ვისთან?
ტევანიანისა და ცარუკიანის ალიანსს, სავარაუდოდ, შეუერთდება პოლიტოლოგ სურენ სურენიანცის „დემოკრატიული ალტერნატივა“. მედიის ნაწილი წერს, რომ რბოლაში შესაძლოა ჩაერთოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
ცალკე თამაშს იწყებს ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომლის პარტია „ძლიერი სომხეთი“ კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვებაზე საუბრობს. კარაპეტიანი ამჟამად შინაპატიმრობაშია, მას ბრალად ედება ძალაუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, კონსტიტუციური შეზღუდვები (რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობა) მის კანდიდატურას პრობლემურს ხდის.
კარაპეტიანის გუნდი კოალიციურ სცენარებს საჯაროდ უარყოფს, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებულია. მათი შეფასებით, „8 ივნისს ეს მთავრობა აღარ იარსებებს“.
ფაშინიანის პასუხი
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპონენტებს მწვავედ პასუხობს. მისი თქმით, ოლიგარქებისა და ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნება პოლიტიკაში ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობაა. ფაშინიანი ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ „ვერც ერთ ოლიგარქს და ვერც ერთ ყოფილ პრეზიდენტს“ პოლიტიკურ ასპარეზზე ვეღარ ვიხილავთ.
ოპოზიცია ამას შიშის გამოხატვად აფასებს. ქოჩარიანის ოფისიდან აცხადებენ, რომ 8 ივნისის შემდეგ „არ იქნება ლიდერი, რომლის გამოც ერს შერცხვება“.
ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტია ჯერ არ აცხადებს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მმართველ ძალას ახსენებს „ქვეყნის მარცხს“ ფაშინიანის ხელმძღვანელობის პერიოდში.
მთავარი კითხვა: სამშვიდობო ხელშეკრულება
დაპირისპირების ფონი მხოლოდ შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქოჩარიანისა და ორი ბიზნესმენის ბლოკს მკაფიოდ არ დაუდასტურებია, მოაწერს თუ არა ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. რუბინიანის თქმით, ისინი ტექსტის „გადახედვასა“ და „დამატებით გარანტიებზე“ საუბრობენ, მაგრამ პირდაპირი ვალდებულებას არ აჟღერებენ.
ამ კონტექსტში არჩევნები მხოლოდ მანდატების განაწილება აღარ არის. ისინი განსაზღვრავს, დარჩება თუ არა სომხეთი მოქმედი სამშვიდობო არქიტექტურის ფარგლებში, თუ გადახედავს მას – და რა ფასად.
გიუმრის მაგალითმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ხმა ავტომატურად ძალაუფლებას არ ნიშნავს. ახლა საკითხავია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ეროვნული მასშტაბით იმავე მათემატიკის გამეორებას და რამდენად მზად არის ამომრჩეველი ოლიგარქებისა და ყოფილი პრეზიდენტების შესაძლო დაბრუნებისთვის.
7 ივნისი, ფაქტობრივად, პასუხი იქნება არა მხოლოდ იმაზე, ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი, არამედ იმაზეც, რა მიმართულებით აიღებს კურსს ქვეყანა – რევანშისკენ თუ კონსოლიდაციისკენ.