საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მასში მხოლოდ ხელისუფლება მონაწილეობს
21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება 17 ერთმანდატიან ოლქში.
ეს არჩევნები განსაკუთრებულია საქართველოს ისტორიაში, რადგან მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” ერთადერთი საარჩევნო სუბიექტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს.
უკლებლივ ყველა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რომელიც მეორე ტურში გავიდა, საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.
ოპოზიციამ ასევე საკუთარ მხარდამჭერებსაც მოუწოდა არჩევნების ბოიკოტორებისკენ.
არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ყოფილა.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 31 ოქტომბერს შედგა. რვავე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში მოხვდა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, შედეგებს არ სცნობს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
შესაბამისად, ამომრჩეველს, რომელიც დღეს არჩევნებზე მივა, არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს, მან მმართველი გუნდის კანდიდატი უნდა შემოხაზოს.
ოპოზიციამ ასევე საკუთარი დამკვირვებლებიც მოხსნა საარჩევნო უბნებიდან. საარჩევნო კომისიაში მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები იქნებიან.
არჩევნებს ასევე დააკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მეორე ტურის ჩატარებაში ბიუჯეტიდან 8,6 (2.7 მილიონი დოლარამდე) მილიონი ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად ოპოზიციის გადაწყვეტილებისა, ხელისუფლებამ საარჩევნო ბიულეტენებში მაინც დატოვა ოპოზიციონერ კანდიდატთა გვარები.
არჩევნები შემდგარად ჩაითვლება ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში. მოიგებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას დააგროვებს. ვინაიდან 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია, შესაბამისად, ყველა მანდატს ხელისუფლება მოიგებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ახალი სისტემით – 120/30. ანუ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩიეს, 30 კი მაჟორიტარულით.
პირველ ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, 17-ში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 48,22%
“ნაციონალური მოძრაობა” და ბლოკი “ძალა ერთობაშია” — 27,18%”
ევროპული საქართველო” — 3,79%,
“ლელო საქართველოსთვის” — 3,16%,
“პატრიოტთა ალიანსი” — 3,14%,
“სტრატეგია აღმაშენებელი” — 3,15%,
“გირჩი” — 2,89%,
“მოქალაქეები” — 1,33%,
“ლეიბორისტული პარტია” — 1%.