რუსეთის ნაკრები, შესაძლოა, 2018 წლის ოლიმპიადის მიღმა აღმოჩნდეს
16 ნოემბერს მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამფუძნებელთა საბჭომ რუსეთის ანალოგიურ ორგანიზაციას უფლებების აღდგენაზე უარი განუცხადა, – იუწყება ВВС.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამფუძნებელთა თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ სპორტის რუსი ჩინოვნიკები ქვეყანაში დოპინგის გამოყენების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი სისტემის არსებობის ფაქტს ძველებურად არ აღიარებენ.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ნაკრების სამხრეთი კორეის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს საქმიანობა ორი წლის წინათ, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის მიერ რუსეთში დოპინგის შესახებ გამოქვეყნებული პირველივე მოხსენების შემდეგ შეუჩერდა. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთში დოპინგის გამოყენების ხელიუფლების მიერ სანქციონირებული სისტემა არსებობს.
მოგვიანებით რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები დაადასტურა, და სოჭისა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ახალი წვრილმანები გაამჟღავნა.
2016 წლის მაისში შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც კანადელი სპორტული იურისტი რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფს როდჩენკოვის განცხადებები უნდა გამოეძიებინა. მაკლარენის მოხსენების შედეგების მიხედვით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიო- დე- ჟანეიროში პარალიმპიადა 2016-ზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვა.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ჟუკოვს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს უფლებები არ აღუდგეს, „სუფთა“ რუს სპორტსმენებს პხენჩხანის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაში ხელს არ შეუშლის.
2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის ნაკრების მონაწილეობის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტი მიიღებს. ადრე გაზეთი The New York Times წერდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დოპინგის სკანდალთან დაკავშირებით რუსეთისთვის სხვადასხვა სანქციის დაწესების ვარიანტებს განიხილავს. თუმცა, შესაძლო ვარიანტებს შორის (ეროვნული ჰიმნის შესრულების აკრძალვა, რუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშით და ნეიტრალური ფორმებით გამოსვლა) ოლიმპიადიდან რუსეთის სრული ჩამოცილება არ ყოფილა.