ვიდეო: განახლებული ძველი მუსიკა
როდესაც ტრიო „მანდილის“ წარმატების ამბავმა სომხეთშიც ჩააღწია და თბილისელი გოგონების მიერ ნამღერი ქართული ხალხური სიმღერები პოპულარული გახდა ინტერნეტში, ბევრი სომეხი აღფრთოვანდა და, ამავდროულად, გაწბილებულიც აღმოჩნდა. ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა, თუ რატომ არ არის სომხეთში ისეთი ბენდი, რომელიც ფოლკლორული მუსიკის მიმართ ინტერესს გააღვივებდა.
ძნელი სათქმელია, ქართველი გოგონების წარმატებამ იმოქმედა, თუ უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ძალიან მცირე ხნის შემდეგ სომხური ჯგუფი „გატაც“ პოპულარული გახდა „იუთუბზე“.
«ყველა დაბრკოლება იმ რესურსების საშუალებით გადავლახეთ, რომლებზეც ხელი მიგვიწვდებოდა. იმ მომენტში უფასო ვარიანტს „იუთუბი“ წარმოადგენდა და ჩვენც სწორედ ეს რესურსი ავირჩიეთ. კამერა არ გვქონდა, მობილური ტელეფონით ვიღებდით. მონტაჟს მე თვითონ ვაკეთებდი. ასე დავამსხვრიეთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ფოლკლორის მიმართ ინტერესის არარსებობა რესურსების არარსებობითაა განპირობებული», – ამბობს ჯგუფ „გატას“ დაარსების იდეის ერთ-ერთი თანაავტორი, გარიკ არაქელიანი.
ჯგუფ “გატას” რეპერტუარში არსებული ზოგიერთი ნაწარმოები (კერძოდ კი სიმღერები „დონე იარ“ და „ტოტიკ“) რამდენიმე პაბის არაოფიციალურ ჰიმნებად იქცა. როდესაც ეს სიმღერები ირთვება, ახალგაზრდები მაშინვე ცეკვას იწყებენ – ის ადამიანებიც კი, რომლებიც ხალხური მუსიკის ფონზე იშვიათად ცეკვავენ ხოლმე.
არმანი, რომელიც ერთ-ერთი ასეთი პაბის ხშირი სტუმარია, აღნიშნავს: «ახალ თაობას ფოლკლორი მხოლოდ ასეთი ფორმით უნდა მიაწოდო. ძველი ფორმით გადმოცემული ძველი კონტენტი ახალგაზრდებისათვის გაუგებარია». ამჟამად არმანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სიმღერა, რომელსაც „ტოტიკს“ უწოდებენ – «როდესაც სევდა მიპყრობს, ვხვდები, რომ ამ სიმღერის მოსმენის დრო დადგა», – ამბობს ის.
ბენდის საერთაშორისო არენაზე გასვლას ხელი შეუწყო ბრიტანელმა ჯოს სტოუნმა, რომელმაც გასულ წელს, სომხეთში ვიზიტის დროს, ჯგუფ „გატასთან“ ერთად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით „დონე იარი“.
„ჩვენს მიზანს პირადი წარმატების მიღწევა არ წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, რომ სომხური კულტურა მასობრივი გავხადოთ. ჯოს სტოუნის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ამ კლიპის წყალობით დაიწყო ფოლკლორის მოსმენა ყველამ, ვინც მუსიკას „თვალებით უსმენს“, ანუ სურს, რომ ცნობილი ადამიანები ნახოს, ან უბრალოდ ძვირადღირებულ ვიდეოკლიპებს ანიჭებს უპირატესობას“, – ამბობს გარიკ არაქელიანი. მისი აზრით, ადამიანებმა უბრალოდ უნდა დაივიწყონ ხელოვნური ბარიერები და ინტერნეტი კარგად შესრულებული ფოლკლორული მუსიკით აავსონ.