ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რეალურად აღიქვას სინამდვილე
გაზიარება
გაზიარება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, “რეალურად” აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან “გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება”, რეგიონული სტაბილურობის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
“მიუხედავად თბილისიდან მომდინარე გარკვეულწილად შემრიგებლური ტონალობისა, კვლავ ვაფიქსირებთ დესტრუქციული ტერმინოლოგიის და გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი შეფასებითი მსჯელობების გამოყენებას ოფიციალურ დღის წესრიგში, ბრალდებებს „რუსულ ოკუპაციაში“ და ა.შ.“, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.
მიუხედავად ამისა, მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა”, – წერია განცხადებაში.
17 ნოემმბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში უქმდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მისი შექმნა “გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი” იყო.
მისივე თქმით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც “კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს”.
პაპუაშვილი ამბობს, რომ “ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”.