ოცნება ოთხი წლის შემდეგ
სექტემბერია. ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თბილისის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი უჩვეულოდ გამოცოცხლებულია – ზოგან გზის ახალ საფარს აგებენ, ზოგან კანალიზაციას აწესრიგებენ, ან წყლის ახალი მილები გაჰყავთ.
ქალაქში ბევრგან შეამჩნევთ ამწეებს, რომლებიც შენობების ფასადებსა და განათების ბოძებზე უზარმაზარ ბილბორდებს ამაგრებენ.
“თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”
“ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის!”
“გავთავისუფლდეთ!”
საცობების გამო, ქალაქში მოძრაობა აქამდეც რთული იყო, ახლა კი, ამ ტოტალური სარემონტო სამუშაოების პარალელურად, გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ხელისუფლებამ თითქოს ყველა გასაკეთებელი საქმე სექტემბრისთვის შემოინახა – ქალაქში მტვრისა და საღებავის სუნი ტრიალებს.
საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. 8 ოქტომბერს ქვეყანა ახალ პარლამენტს აირჩევს. პარტია, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს, მთავრობას დააკომპლექტებს და ქვეყნის მმართველს – პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. ამიტომ, ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლოა.
4 წლის წინათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის პრეცედენტული აღმოჩნდა – პირველად ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ედგა, მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობა დაასრულა.
მაშინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადეს, თბილისი დღესასწაულმა მოიცვა. დედაქალაქის ცენტრალურ უბანებში მანქანები სიგნალებით გადაადგილდებოდნენ, ლურჯ დროშებს აფრიალებდნენ, რომელზეც რიცხვი “41” – ივანიშვილის კოალიციის საარჩევნო ნომერი იყო გამოსახული.
განსაკუთრებით დიდი ანგარიშით იმდროინდელმა ოპოზიციამ – “ქართულმა ოცნებამ” სწორედ დედაქალაქში მოიგო. პირველივე წინასაარჩევნო მიტინგზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე ასი ათასობით ადამიანი მივიდა. ასეთი მასშტაბური მიტინგი აქ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ არ ყოფილა. უკვე მაშინვე ცხადი გახდა, რომ თბილისი “ქართული ოცნებას” დაუჭერდა მხარს.
“მიტინგზე მთელი უბანი წავედით. დროშებით, ტრანსფარანტებით. ბიძინა ივანიშვილს ვუყურებდით როგორც მხსნელს, რომელიც “ნაციონალების” პარპაშს მოუღებდა ბოლოს. ჩემი მეგობარი არაფრის გამო დაიჭირეს “ნაცებმა”. სხვებიც ბევრი ვიცოდი ასეთი შემთხვევები. ხალხს უბანში ჩამოსვლის ეშინოდა. არაფრის გამო იჭერდნენ,”- ჰყვება 39 წლის ოთო ხ.
ოთოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ამბობს, რომ კავშირგაბმულობის სპეციალისტია, თუმცა არასოდეს უმუშავია. სამსახური ვერც “ქართული ოცნების” ოთხწლიანი მმართველობის დროს იშოვა.
“ჩემნაირი მხარდამჭერი და გულშემატკივარი “ქართულ ოცნებას” არ ჰყოლია. 2012 წელს ბათუმსა და ქუთაისში მიტინგებს რომ ატარებდნენ, იქაც მივდიოდი მეგობრებთან ერთად… მაგრამ ახლა ხმას ვეღარ ვიღებ სირცხვილით, როცა მეკითხებიან, – ეს არის შენი “ოცნებაო”?! თურმე ხადურის და ნარმანიას კაი ცხოვრებისთვის და პრემიებისთვის გვიბრძოლია,” – ამბობს ოთო.
თბილისელები მილიარდერისა და მის პოლიტიკურ გუნდისგან მართლაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდნენ.
პირველ რიგში, სამუშაო ადგილებს. ასევე კომუნალური გადასახადების შემცირებას, უპროცენტო კრედიტებს. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო.
წინა, ისტორიული არჩევნებიდან 4 წელი გავიდა. რა შეიცვალა მას შემდეგ უკეთესობისკენ და რა უარესობისკენ? ამ კითხვით თბილისელებს მივმართეთ:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 11 პარტია დაარეგისტრირა. საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ბიულეტენებში დიდი მრავალფეროვნება დახვდებათ. აქ არის ყველაფერი: დაწყებული ევროატლანტიკური მიმართულების პარტიებით, დამთავრებული რუსეთთან კავშირების აღდგენის მოსურნეებით; არიან ტრადიციული ღირებულებების და რწმენის მქადაგებლებიც და მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ძალებიც.
მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი დაბნეული და აპათიურია.
ბოლო გამოკითხვით, რომელიც ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივლისში ჩაატარა, გამოკითხულთა 57 პროცენტი ამბობს, რომ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. თბილისში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 52 პროცენტია – რაც, ჯამში, უფრო მეტია, ვიდრე ყველა პარტიის ერთიანი რეიტინგი.
2012 წლისგან განსხვავებით, როდესაც ქვეყანა მკაფიოდ ორ ნაწილად იყო გაყოფილი – “ოცნებისა”და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებად, დღეს ეს ასე აღარ არის. ამომრჩეველს ორივე ძალის მიმართ დაკარგული აქვს ინტერესი.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “გადაუწყვეტელი ამომრჩევლები” პირველ რიგში ხელისუფლების პრობლემაა.
“გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროფილი ცალსახად ამბობს, რომ მას არ მოსწონს ხელისუფლება. “ქართულ ოცნებას” ურჩევნია ამას მიაქციოს ყურადღება. ეს ზოგადად წლევანდელი საარჩევნო ციკლის მთავარი პრობლემაა,” – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მისი აზრით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველის მიმხრობის ყველაზე მეტი შანსი ე.წ. მესამე ძალებს აქვთ და არა მთავარ მოთამაშეებს – “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”.
“ამომრჩეველი უარს ამბობს არსებულ პოლიტიკურ ელიტაზე. ის ამბობს,რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია, და ეძებს ახალ არჩევანს. უნდა ახალი ლიდერები იხილოს, რომლებიც არ არიან წარსულის ცოდვებით და მუდმივი წარუმატებლობით დამძიმებულები,” – აცხადებს ხუხაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ის, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამომრჩევლებმა არ იციან, ვის დაუჭირონ მხარი, მხოლოდ “ცუდი პოლიტიკური ელიტის” დამსახურება არ არის, – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია.
მისი აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ვერც ქართველმა ამომრჩეველმა მოახერხა გაზრდა და სათანადო პოლიტიკური კულტურის შემუშავება.
“პოლიტიკური ელიტა ციდან არ მოფრინდება, ის ხალხის ნაწილია – შედარებით აქტიური ნაწილი, სხვა არაფერი. თუ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არჩევანი კიდევ ვერ გააკეთა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: მათ არ იციან, რა უნდათ. მათ უნდათ ახალი მესია, რადგან წინა მესიებმა (მიშა, ბიძინა) იმედი გაუცრუეს. რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ ამ 57-მა პროცენტმა გაიგოს, რომ მესია აღარ მოვა?! არჩევანი უნდა გააკეთო იმ მეტად არასულყოფილ პარტიებს შორის, რომლებიც ამ წუთში არსებობს.”
არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. თბილისელებს ცოტა დრო აქვთ, რომ გადაწყვიტონ, ვის ანდობენ ქვეყნის ბედს.
2012 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი ელოდება, რომ არჩევანის გაკეთებაში მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილიც “წაეხმარება”. ისინი ციხის კადრების მსგავს კომპრომატებს გულისხმობენ. ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ფარული კადრები ხომ მაშინ არჩევნებამდე სულ რაღაც 12 დღით ადრე გამოაქვეყნა.
ბევრი მიიჩნევს, რომ ამ კადრებმა მაშინ არჩევნების ბედი გადაწყვიტა.
ციხეში წამების თემა ამ არჩევნებზეც აქტუალურია, ოღონდ ამჯერად ამომრჩევლებს არა ფარული კადრები, არამედ მხატვრული ფილმი შესთავაზეს.
პროსახელისუფლებო არხზე – ტელეკომპანია “იმედზე” რეჟისორ გოგა ხაინდრავას მრავალსერიანი ფილმი “ჰეროკრატია” გადის.
ფილმი სააკაშვილის მმართველობაზეა და ძალადობის სცენებს შეიცავს.
ფილმის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მანვე დააფინანსა მისი გადაღებაც. საგანგებოდ შეირჩა ჩვენების დროც – წინასაარჩევნო პერიოდი.
გათვლა ასეთია – ხალხს შეახსენოს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს პატიმრებს აწამებდნენ და ადამიანის უფლებები ილახებოდა.
ოთოს ვკითხეთ, უყურებს თუ არა ის “ჰეროკრატიას”:
“ორ სერიას ვუყურე და ვეღარ გავქაჩე. ძალიან მძიმეა. ან რაში მჭირდება. ყველაფერი კარგად მახსოვს. ერთ კითხვას კი დავუსვამდი ბატონ ბიძინას, რომ მქონდეს საშუალება – ამ ფილმებს რომ გვიღებს და გვაჩვენებს, ვინმე, ერთი ადამიანი მაინც, დაისაჯა ადამიანების ციხეში წამებისთვის? ახლა ეს უკვე მხოლოდ “ნაცების” კომპრომატი აღარ არის.”
გამოქვეყნებულია: 19.09.2016