ჩრდილოეთი კავკასია: მდგომარეობა მწვავდება
2016წელს რუსეთმა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ დევნა გააძლიერა და აზრის გამოთქმის, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებები კიდევ უფრო მეტად შეზღუდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სალაფიტურ საზოგადოებები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები ხელისუფლების ძლიერ ზეწოლას განიცდიან.
ბოლო ოთხი წლის მანძილზე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა
12 იანვარს გამოქვეყნებული მოხსენების ავტორების მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოელი აგენტის“ სტატუსი „კიდევ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას „მიანიჭა“, რომელთა შორისაც წამყვანი უფლებადამცველი ჯგუფები და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრებიც აღმოჩნდნენ“.
„ამ მიმოხილვის მომზადების მომენტში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში 148 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო აღნიშნული.
2012–2016 წლებში, სულ ცოტა, 30 ორგანიზაცია დაიხურა, იმიტომ რომ ამ ჯგუფების წევრებს „უცხოელი აგენტების“ იარლიყით მუშაობა შეუძლებლად მიაჩნდათ, – ნათქვამია მოხსენებაში, რომელსაც „2017 წლის მსოფლიო მოხსენება. პოპულიზმი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ: გლობალური დაპირისპირება“ ეწოდება (ზემოთ მოყვანილი ციტატა ამოღებულია პარაგრაფიდან „რუსეთი. 2016 წლის მოვლენები“).
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოხსენების ავტორები ახსენებენ უფლებადამცველ ვალენტინა ჩერევატენკოს საქმეს, უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების რელიგიათაშორისი ასოციაცია „აგორას“ ლიკვიდაციის ფაქტს, პუბლიკაციებში განსაზღვრება „უცხოელი აგენტის“ არარსებობის გამო დაწესებულ ჯარიმებს (კერძოდ იმ შემთხვევას, როდესაც აღნიშნული განსაზღვრების გამოუყენებლობის გამო უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ დააჯარიმეს) და ა.შ.
ამას გარდა, 2016 წელს მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ ოპოზიციას უარს ეუბნებოდა საპროტესტო ღონისძიებების შეთანხმებაზე და არასანქცირებული სამშვიდობო შეკრებებისა და ცალკეულ ერთკაციანი პიკეტების მონაწილეებს დევნიდა.
ამას გარდა, მოხსენებაში აღნიშნულია ის საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც რუსეთში 2016 წელს დაწესდა. მ.შ. ე.წ. „იაროვაიას კანონი“, რომელიც მედიაორგანიზაციებს საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების დეკლარირების ვალდებულებას აკისრებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ახალი ამბების აგრეგატორების მფლობელები (რომლებსაც „ნიუსების“ „კონტენტზე“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა) აუცილებლად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უნდა იყვნენ.
“2014 წლის ზაფხულიდან 2016 წლის შემოდგომამდე (როდესაც ეს მიმოხილვა მზადდებოდა)რუსულმა სასამართლოებმა, სულ ცოტა, ხუთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სეპარატიზმთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც ინტერნეტში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე აღიძრა. ამას გარდა, მიმოხილვის მომზადების მომენტში კიდევ სულ ცოტა, 15 საქმე იყო დარჩენილი წარმოების პროცესში”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
კავშირები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სალაფიტების დევნა
მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც 2016 წელს რუსეთში მომხდარ ამბებს ეხება, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ავტორების მონაცემებით, გასულ წელს გრძელდებოდა შეიარაღებული დაპირისპირება ისლამისტურ იატაკქვეშეთსა და ძალოვანებს შორის.
განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია იყო დაღესტანში. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები რეგიონს ტოვებდნენ და რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ ერთიანდებოდნენ. ამას გარდა, გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ძალოვანები ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს აკავებდნენ.
“დაღესტანში სალაფიტური საზოგადოებებზე ზეწოლა ფიქსირდებოდა. ამ რელიგიური თემის წარმომადგენლებს სამართალდამცავი ორგანოები ავიწროვებდნენ, იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები სალაფიტებს შეიარაღებული იატაკქვეშეთის დამხმარეებად და მომხრეებად მიიჩნევენ. სალაფიტები პროფილქტიკურ აღრიცხვაზე აყავდათ – როგორც ექსტრემიზმისკენ მიდრეკილი პირები, რომლებსაც ხშირად (და კონკრეტული მიზეზების გარეშე) აკავებდნენ და მათგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ.
მეჩეთებში ეწყობოდა რეიდები, რომლებიც მასობრივი დაპატიმრებებით სრულდებოდა. რამდენიმე მეჩეთი (ის მეჩეთები, რომლებიც სალაფიტური მიმდინარეობის საკულტო მაგებობებად ითვლებოდა) დახურეს – მ.შ. მაჰაჭყალაში მდებარე მეჩეთი „ნადირია“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ჩეჩნეთი
მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ჩეჩნეთშიც, სადაც რამზან კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში სალაფიტების ადგილი არ არის და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურებისგან იმ პირების დასჯას ითხოვდა, რომლებიც რეგიონისათვის ტრადიციულ სუფისტურ ისლამს განუდგნენ.
“რესპუბლიკაში ხშირად ეწყობოდა სალაფიტების საწინააღმდეგო რეიდები. ხელისუფლება კოლექტიური დასჯის პოლიტიკას მიმართავდა იმ ადამიანების ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც იატაკქვეშა შეიარაღებული ფორმირებების წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი. დასჯის სხვადასხვა მეთოდი არსებობდა, მ.შ. ეჭვმიტანილებისა და მათი ნათესავების სახლების გადაწვის პრაქტიკაც უნდა აღინიშნოს”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
სექტემბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესება უძღოდა წინ.
„ადგილობრივმა ხელისულებამ განსხვავებულად მოაზროვნე და „არასაიმედო“ ადამიანების დევნა-შევიწროვება დაიწყო. ეს ყველაფერი გატაცებების, ძალადობრივი გაუჩინარების, ღირსების შემლახავი მოპყრობის, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარისა და ნათესავების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის განზრახვაზე საუბრის ფონზე მიმდინარეობდა. უფლებადამცველებსა და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს თავდასხმებს უწყობდნენ”, – აღნიშნულია ტექსტში.
მოხსენების ავტორები ახსენებენ ჟურნალისტებით სავსე ავტობუსს, რომელსაც 2016 წლის მარტში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე დაესხნენ თავს. იგი იხსენებს იმ შემთხვევასაც, როდესაც ჩეჩნეთში მომუშავე რუსი უფლებადამცველი ორგანიზაციების მობილური ჯგუფის ხელმძღვანელზე მოაწყვეს თავდასხმა. ინციდენტის შემდეგ ამ გაერთანების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მისმა თანამშრომლებმა რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს.
https://youtu.be/SIEmG1N4rEs
“მაისში პოლიციამ დააკავა რუსი ჟურნალისტი, რომელიც ამზადებდა მასალას საკუთრების განზრახ გადაწვის მორიგი სადამსჯელო აქტის შესახებ.
ძალოვანები ზემოაღნიშნულ ჟურნალისტს დაემუქრნენ. შემთხვევის შესახებ ასექტემბერში, მართლმმსაჯულების წესების დარღვევით, სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა 23 წლის ჩეჩენ ჟურნალისტს, ჟალაუდი გერიევს. სავარაუდოდ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებულია და ერთგვარ შურისძიებას წარმოადგენს იმის გამო, რომ გერიევი თანამშრომლობდა საინფორმაციო პორტალ „კავკაზსკი უზელთან“, რომელიც ჩეჩნეთში არსებული მდგომარეობის შესახებ შექმნილი კრიტიკული მასალებითაა ცნობილი”, – ნათქვამია მოხსენებაში.
2016 წლის 28 დეკემბერს ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ ჟალაუდი გერიევის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. 5 სექტემბერს შალის რაიონულმა სასამართლომ გერიევს მარიხუანის შენახვაში დასდო ბრალი და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩეჩნეთის სასამართლოში გერიევმა მთლიანად უარყო გამოძიების ვერსია და განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის დროს ზეწოლას განიცდიდა.
ანგარიშში ნახსენებია ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული რამდენიმე აქტივისტიც, რომლებიც 2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანში დაღუპული ადამიანების ყოველწლიური მოსაგონარი აქციის დროს დააკავეს იმის გამო, რომ მათ მაისურებს „პუტინი – ბესლანის ჯალათი“ ეწერა.
“მოვლენების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებს, ელენა კოსტიუჩენკოსა („ნოვაია გაზეტა“) და დიანა ხაჩატრიანს („ტაკიე დელა“) თავს დაესხა ადამიანების ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელდასხმით მოქმედებდნენ. რეპორტიორებს სასაფლაოზე სცემეს. პოლიციას ამ შემთხვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. ექიმებმა კოსტიუჩენკოს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის სხვა ნაწილები ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს, პალიატიურ მზურნველობას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს, სადაც ასევე, ავტორთა მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი დარღვევაა გამოვლენილი. ანგარიშში ასახულია საერთაშორისო აქტორების კრიტიკაც რუსეთის კანონმდებლობისა და საგარეო პოლიტიკის მიმართ.