"აიძულებდნენ მუხლებზე დგომას, ამცირებდნენ" - საქართველომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის საქმე
საქართველოს სახელმწიფომ წააგო სასამართლო დავა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ყოფილი მოსწავლეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ყოფილ აღსაზრდელებს 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილება, სასამართლომ, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო.
PHR-ის სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეყრდნო. ამ გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ სკოლა პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, კომიტეტი კვლავ უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით და ამ საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგს აგრძელებს.
ახალად გამოქვეყნებულ ანგარიშში, კომიტეტი უთითებს, რომ:
- სახელმწიფომ ხელახლა უნდა გადააფასოს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა;
- ასევე, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა და ჯერ არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული.
კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია გარემოებით, რომ ყველა ბავშვმა, რომელიც კვლავ პანსიონში იმყოფება, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა რეპარაციის მოთხოვნაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმა ეს თანხმობა.
კომიტეტის განცხადებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე.
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი 2012 წელს დაარსდა. დაწესებულება ფუნქციონირებს სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდაში, როგორც მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საცხოვრებელი და აღზრდის ცენტრი. ბავშვთა სახლს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართავს. სხვადასხვა პერიოდში ამ სკოლა პანსიონში ასზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა. პანსიონი ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციის თანახმად, 2012–2021 წლებში სახელმწიფომ მას დაახლოებით 9.8 მილიონი ლარი გამოუყო.
2021 წელს სკოლა პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში არ უშვებდნენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მონიტორინგი ეწარმოებინა. მომხდარს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ბევრი ბავშვი პანსიონიდან გაიყვანეს – ზოგი მინდობით აღზრდაში, ზოგი სხვა საოჯახო ტიპის სახლში. დაწესებულებაში დარჩენილი ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
სასამართლო დავა
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სკოლა პანსიონის 11 ყოფილი აღსაზრდელის უფლებას იცავდა. ორგანიზაციამ სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა – მალევე, როგორც კი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.
როგორც ორგანიზაცია წერს გავრცელებულ განცხადებაში, ამ ერთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა ოთხჯერ მიმართა სასამართლოს.
PHR თითო აღსაზრდელზე კომპენსაციად 100 ათას ლარს მოითხოვდა.
“მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კომპენსაციის ოდენობის ნაწილში, ორგანიზაციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა“,- აცხადებს PHR-ი.
დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
„ძალადობა, იზოლაცია, არასათანადო ზრუნვა“ – რა წერია გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ანგარიშში
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე საჩივარი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში 2021 წლის 5 მაისს შევიდა. მასში საუბარი იყო ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობასა და ინსტიტუციურ იზოლაციაზე.
საქმე 57 ბავშვს ეხებოდა, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ნინოწმინდის პანსიონში.
გადაწყვეტილება სამი წლის შემდეგ, 2024 წლის 24 მაისს გამოქვეყნდა. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვების ეფექტიანი დაცვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.
დოკუმენტი აღწერს სერიოზულ პრობლემებს ნინოწმინდის პანსიონში, მათ შორის ძალადობის, იზოლაციისა და არასათანადო ზრუნვის შემთხვევებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სკოლა პანსიონში ბავშვები სისტემატურად ხდებოდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. ჩამოთვლილია კონკრეტული შემთხვევები:
- ბავშვებს სჯიდნენ: იძულებით მუხლებზე დგომით, საკვების გარეშე დატოვებით, ოთახში ჩაკეტვით, სხვა ბავშვების წინაშე დამცირებით;
- ზოგჯერ უფროს ბავშვებს აიძულებდნენ სხვა ბავშვების ცემას;
- ერთ ბავშვს დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული მედიკამენტები, რის შედეგად მუდმივად ეძინა;
- ბავშვებს არ ჰქონდათ პირადი სივრცე;
- ისინი იზოლირებული იყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან. მათ არ შეეძლოთ პანსიონის დატოვება;
- ჰქონდათ არასაკმარისი კვება;
- არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები;
- განათლების მიღების პროცესში არსებობდა სერიოზული პრობლემები.
ამ ფონზე, პანსიონი ჩაკეტილი იყო მონიტორინგის ორგანოებისთვის. მაგალითად, რამდენჯერმე იქ არ შეუშვეს ომბუდსმენი.
საქართველოს ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ პანსიონში მონიტორინგი ხორციელდებოდა, ძალადობის ფაქტებს იძიებდნენ, ბავშვების ნაწილი ალტერნატიულ ზრუნვაში იყო, ზოგი ოჯახებთან ბრუნდებოდა და ის ვინც პანსიონში რჩებოდა, ამას საკუთარი სურვილით აკეთებდა.
რა ხდება დღეს
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი ისევ ფუნქციონირებს. 2021 წლის ხმაურიანი სკანდალების შემდეგ, სასწავლებელში ზედამხედველი სასულიერო პირი შეიცვალა – ეპისკოპოსი სპირიდონი (სპირიდონ აბულაძე) ბოდბელმა ეპისკოპოსი იაკობმა შეცვალა..
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის საქმე