ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივის პოვნას
ნიკოლ ფაშინიანის განცხადება
სომხური მედიის ცნობით, პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა “არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება.
“თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება.“ – განაცხადა ფაშინიანმა.
18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.
წინაისტორია
5 დეკემბერს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეხვედრა გაიმართა. წყაროების ცნობით, მთავარი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის საკითხი, რომელსაც შეუძლია ბაქოსა და ერევნისთვის ეკონომიკური დივიდენდების მოტანა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო, კი მათ საქართველოს გავლით ტრანზიტი ერთადერთ გზად მიიჩნიეს.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა თბილისისგან ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დასახელება სთხოვა, რაზეც ქართულმა მხარემ არსებულ ტარიფზე 20-ჯერ მეტი დაასახელა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გადავიდეს კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე, თბილისის ქცევა, ამ გარდამავალი პერიოდის შეფერხების მცდელობაა.
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უპასუხა. უწყების ცნობით, მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი იმპორტის შესახებ, რასაც სახელმწიფო სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.
გასულ კვირას კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო მედია Caliber-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა”. სტატიის ავტორი სამირ ველიევი ტრაილერის მძღოლების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, თუ როგორ შეიცვალა ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ საზღვარზე ბოლო პერიოდში.
ავტორის თქმით, მძღოლები აწყდებიან უხეშ მოპყრობას და კანონის უგულებელყოფას – მათ დღეები აყოვნებენ საზღვარზე, ზოგიერთი მძღოლი კი იმასაც იხსენებს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს “როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი” და მიანიშნეს, რომ გამოიყენონ ის მარშრუტი.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისის ასეთი სახეცვლილება შესაძლოა “ჩრდილოელ მეზობელს” ან საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ “სომხეთის ინტერესების გამტარებლებს” უკავშირდებოდეს.
უკვე 10 დეკემბერს აზერბაიჯანული გამოცემა Minval Politika აქვეყნებს სტატიას სათაურით: “თბილისის მხრიდან სატარიფო დემარშის საპასუხოდ, ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს”, რომელშიც ვკითხულობთ, რომ Minval Politika-ს წინა პუბლიკაციამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა და გამოაცხადა, რომ საქართველო “უფასოდ“ უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთჯერად ტრანზიტს სომხეთში.