საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი არ დგას
ნეიტრალიტეტის საკითხი არ დგას
ბოლო პერიოდში საექსპერტო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოს ე.წ. ნეიტრალიტეტზე, რასაც ხელისუფლება პასუხობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
დეპუტატი არჩილ თალაკვაძე შესაძლო სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუსობს, რომ ნებისმიერ ფორმატში განიხილავენ უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს:
“საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის“, – ამბობს თალაკვაძე.
ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
“ნეიტრალიტეტის საკითხს რაც შეეხება, კარგად ვიცით, საიდან დაიწყო – 17 მარტს, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა საკითხის შესახებ და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოციალურ მედიაში, თითქოს ეს არის თემა, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას”, – თქვა პაპუაშვილმა.
● ევროკავშირის წევრობის განაცხადის შემდეგ რა პროცედურებს გადის ქვეყანა
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
● საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. რას ნიშნავს ეს
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტზე დისკუსია კიდევ ერთი დასტურია, რომ “ქართული ოცნება” სიტუაციას ამოწმებს.
“დისკუსია ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული ოცნება ამოწმებს სიტუაციას, სწავლობს ვითარებას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არჩევანი გაკეთებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ვერც კონსტიტუციას შეცვლის ქართული ოცნება და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – თქვა სამნიძემ.