ნატომ გადახედა საქართველოსთან თანამშრომლობას, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს - ანგარიში
ნატოს ანგარიში
ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასია კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონია ალიანსის უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე.
ანგარიშში ხაზგასმულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ გადადგმული პროგრესი, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში და აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობა რეგიონული სტაბილურობისთვის. ანგარიშის მიხედვით, ნატო მზადაა გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან.
საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მიუთითებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი პერიოდების გათვალისწინებით, ალიანსმა გადახედა ზოგიერთი თანამშრომლობის ელემენტს, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს.
ანგარიშის მიხედვით, თავდაცვის სფეროში პროგრესი აღინიშნა მაისში ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლებით. რუტეს განმარტებით, თბილისში მდებარე ნატოს სამეკავშირეო ოფისი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამივე პარტნიორთან.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ამჟამად ერთ-ერთია იმ პარტნიორებს შორის, რომლებიც იღებენ დახმარებას ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში.
ეს ქვეყნებია:
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- საქართველო
- ერაყი
- იორდანია
- მავრიტანია
- მოლდოვა
- ტუნისი
ინიციატივის მთავარი მიზანია ამ პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა, გაზარდონ მდგრადობა და ხელი შეუწყონ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მიუხედავად სერიოზული წუხილისა, აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება. მისი თქმით, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს.

მარკ რუტე: “პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.
აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ.”