ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების საქმეები - ორი გაათავისუფლეს, ოთხი განაჩენის მოლოდინშია. დეტალურად
სინდისის პატიმრების საქმეები
15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა 22 წლის თედო აბრამოვი – ახალგაზრდა აქტივისტი.
აბრამოვი იყო ერთ-ერთი იმ 60-ზე მეტი მოქალაქიდან, ვინც პროევროპული აქციების დროს დააკავეს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, დამოუკიდებელი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამ ადამიანებს სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ.
განაჩენების მოლოდინში არიან პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა აქტივისტებიც. უმეტესობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ზოგს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა.

თედო აბრამოვი. ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა
გამოძიება აბრამოვს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა – ბრალდებას, რომელიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავების პირველივე დღიდან აბრამოვი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმე ფალსიფიცირებულია და ნამდვილი მიზეზი მისი ანტისახელისუფლებო აქტივიზმი იყო.
რვათვიანი პატიმრობის შემდეგ აბრამოვმა ციხე დატოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როდესაც სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული აქტივისტი გაამართლა. მანამდე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაათავისუფლა გიორგი ახობაძე, რომელსაც ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდება ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მომხრეთა რიგებში თედო აბრამოვისა და გიორგი ახობაძის უდანაშაულობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მათი გათავისუფლება მაინც დიდ მოულოდნელობად აღიქვა ხელისუფლების კრიტიკოსთა ბანაკმა – ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს იმედი პრაქტიკულად დაკარგულია, გამამართლებელი განაჩენი იშვიათი გამონაკლისია.
ამავე დროს, პარალელურად, სხვა სინდისის პატიმრებს, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, სასამართლო კვლავ უსჯის თავისუფლების აღკვეთას. არაერთ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენი ყალბ მტკიცებულებებსა და ცრუ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა.
რის ჩვენებას ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ზოგ პოლიტიკურ საქმეზე გამამართლებელ გადაწყვეტილებებს იღებს? რა განასხვავებს ახობაძის და აბრამოვის საქმეებს სხვა აქტივისტების საქმეებისგან, რომლებიც ისევ ციხეში რჩებიან?
გიორგი ახობაძის და თედო აბრამოვის საქმეები
გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს, ერთ დღეს დააკავეს.
გიორგი ახობაძე გამთენიისას აიყვანეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა – თამარ მეფის გამზირზე მისი მანქანა გააჩერეს, გაჩხრიკეს და დააპატიმრეს. პროკურატურამ ბრალად წაუყენა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ალფა PVP”-ს შეძენა-შენახვა.
იმავე დღეს, რამდენიმე საათით უფრო ადრე, თედო აბრამოვს პოლიცია სახლთან დახვდა – საღამო იყო, თედო აქციაზე მიდიოდა. ბრალდება ამბობდა, რომ ჩხრეკისას თედოს ქურთუკის წინა ჯიბიდან 4.4 გრამი კლუბური ნარკოტიკი (MDMA) ამოუღეს.
ორივე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. გიორგისაც და თედოსაც 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
ორივემ რვა თვე გაატარა უკანონო პატიმრობაში.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სხვა აქტივისტები და ერთნაირი ხელწერა საქმეებში
გიორგის და თედოს საქმეებს, სამართალდამცავთა ერთნაირი ხელწერის გარდა სხვა არაფერი აკავშირებს – ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ და მათი საქმეები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

გიორგისა და თედოს გარდა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ოთხი აქტივისტია დაკავებული – ნიკა კაცია, ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ანასტასია და არტემი წყვილია – ისინი ერთად დააკავეს და ეს ერთი საქმეა.
ანუ, სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ ხუთი საქმე იყო (ორი განაჩენი უკვე დადგა).
ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აქვთ საერთო – აქტივიზმი და პროევროპულ აქციებში აქტიური მონაწილეობაა. ისინი ან აქციიდან დაბრუნებისას, ან აქციაზე წასვლის წინ დააკავეს.
ნიკა (ნიკუშა კაცია) 42 წლისაა. ის ყოფილი ჟურნალისტია. ნიკა კაციაც 7 დეკემბრის საღამოს სახლთან დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა. მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ქუჩაში გაჩხრიკეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. მას 14 გრამი ნარკოტიკული საშუალების, კოკაინის შეძენა-შენახვას ედავებიან (ყველაზე მეტს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შორის).
ამ ხუთი საქმიდან სამს ერთი და იგივე პროკურორი ჰყავს – ნუგზარ ჭიტაძე. ორის – გიორგი ახობაძის და ანტონ ჩეჩინის საქმის პროკურორი კი შმაგი გობეჯიშვილია.
ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა ციმბირის ქალაქ ბარნაულიდან. საქართველოში 2022 წლის აპრილში ჩამოვიდა. რუსეთში ის ანტიპუტინისტური აქციების მონაწილე იყო და ბევრჯერ დაიჭირეს. მას საქმეც აქვს მოგებული რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ანტონ ჩეჩინი 3 დეკემბერს დააკავეს, დილით, სახლიდან გასულს პოლიცია ეზოში დახვდა. მას 4 გრამი “ალფა PVP”-ს შეძენა-შენახვას ედავებიან.
ანტონ ჩეჩინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას აქვს კისტა თავში, რომელიც ექიმების შეფასებით სიმსივნური წარმონაქმნია და მუდმივ კონტროლს საჭიროებს.
ხუთივე საქმე თითქმის იდენტურია.
ყველა საქმეში წერია, რომ დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა – ანუ, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკს ინახავდნენ. შესაბამისად, როცა პოლიცია ამ ადამიანების დასაკავებლად წავიდა, იცოდა სად და რატომ მიდიოდა. თუმცა, რატომღაც, დაკავებისა და ჩხრეკის ვიდეოგადაღება ვერცერთ საქმეზე ვერ მოახერხა – არცერთ საქმეში არ არსებობს ნეიტრალური ვიდეომტკიცებულება. დაკავების ოქმებში ჩაწერეს, რომ ბრალდებულები წინააღმდეგობას უწევდნენ და ვიდეოგადაღება ამიტომ ვერ შეძლეს.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბულიც რუსეთის მოქალაქეები არიან. 31 წლის ანასტასია სამოქალაქო აქტივისტია. ის 2012 წლიდან პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე იყო რუსეთში. არაერთხელ დააკავეს ხან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, ხან კი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. იყო ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი. ინტერნეტში მისი აქტიურობის და დაკავების ამსახველი რამდენიმე ვიდეო იძებნება. საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა დამალევე სომხეთში გადავიდა.
არტემ გრიბული 24 წლისაა. ის რუსეთიდან რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში დაწყებულ მობილიზაციას გამოექცა. არტემი თავდაპირველად სომხეთში ჩავიდა, სადაც თავისი სპეციალობით IT სფეროში დისტანციურად მუშაობდა. სომხეთში გაიცნო არტემმა ანასტასია და წყვილი საქართველოში ერთად დაბრუნდა 2024 წლის მიწურულს, დაკავებამდე ორი თვით ადრე. ისინი საქართველოდან ევროპაში წასვლას, დაოჯახებას და შვილის გაჩენას გეგმავდნენ. ბილეთებიც ნაყიდი ჰქონდათ.
ანასტასია და არტემი თბილისის აქციების მონაწილეებს ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ. ისინი 17 დეკემბერს დააკავეს.
ხუთიდან სამ საქმეში არც ნეიტრალური მოწმე არსებობს – ასეთი მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი გამვლელი ადამიანი, ვინც ჩხრეკას დაესწრებოდა. პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებისა და ჩხრეკის მომენტში ქუჩაში ასეთი ადამიანი ვერ გააჩერეს.
ორ საქმეში (ანტონ ჩეჩინის და რუსი წყვილის) ნეიტრალური მოწმე ის თარჯიმანია, რომელიც დაკავების დროს ბრალდებულებს პოლიციელების ნათქვამს უთარგმნიდა. ეს თარჯიმანი იმ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელია, რომელიც უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სათარჯიმნო კომპანია შპს „ინტელექტმარკეტი” 2017 წლიდან უწევს შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი აქტივისტი ბრალს არ აღიარებს. ისინი ამბობენ, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. ყველა მათგანი დაკავებას აქციებს უკავშირებს.
გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ თქვა, რომ “საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო”
“სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, – ამ ტექსტით, ზუსტად იდენტური განცხადებები გამოაქვეყნა თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეებზე.
რა ეტაპზეა დანარჩენი სამი საქმე
ნიკა (ნიკუშა) კაციას ერთ-ერთი ბოლო სასამართლოც დღეს, 15 აგვისტოს იყო – იმ დღეს იყო, რა დღესაც მოსამართლე მჭედლიშვილმა თედო აბრამოვი გაამართლა. ნიკა კაციას მოსამართლეც თამარ მჭედლიშვილია. კაციას პროცესზე ის მას მერე შევიდა, რაც აბრამოვის საქმის განხილვა დაასრულა.
ამ დღეს ნიკა კაციას საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა. პროცესუალურად, კაციას საქმეში დაცვის მხარისა და თავად ბრალდებულის დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი. ამის მერე მოსამართლე მჭედლიშვილმა ნიკა კაციას განაჩენიც უნდა გამოაცხადოს. მომდევნო პროცესი 26 აგვისტოსაა ჩანიშნული.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეც დასასრულისკენ მიდის. ამ საქმის მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენებით ცნობილი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. ანასტასიას და არტემის საქმეში დასრულდა მტკიცებულებების შესწავლა და ახლა მხარეების დასკვნითი სიტყვების ეტაპია დარჩენილი.
ანტონ ჩეჩინის საქმეზე ბოლო პროცესი 8 აგვისტოს იყო. ამ დღეს პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა დასკვნითი სიტყვა თქვა. მომდევნო პროცესზე, რომელიც 25 აგვისტოს არის ჩანიშნული, საბოლოო სიტყვებს დაცვის მხარე იტყვის და აქაც, პროცესუალურად, მხოლოდ განაჩენის გამოცხადება რჩება. ამ საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიაა.
რა კითხვებს აჩენს გამამართლებელი განაჩენები
ორი გამამართლებელი განაჩენი, 60-ზე მეტი პატიმრის საქმეში, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი უკვე მსჯავრდებულია, ცხადია, ზღვაში წვეთია. მაგრამ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ეს განაჩენებიც ბევრ კითხვის ნიშანს და ცოტა იმედსაც აჩენს.
2024 წლის გაზაფხულიდან ამავე წლის ბოლომდე, სულ აქციებზე მყოფი 64 აქტივისტი დააკავეს.
მათგან ათი გაზაფხულის აქციებზე. ათივე მათგანის საქმე დასრულებულია.
ათი ადამიანიდან შვიდი პატიმარია:
1. ფრიდონ ბუბუტეიშვილი
2. გიორგი კუჭაშვილი
3. დავით კოლდარი
4. საბა მეფარიშვილი
5. ომარ ოკრიბელაშვილი
6. გიორგი ოკმელაშვილი
7. ირაკლი მეღვინეთუხუცესი
სამმა კი ციხე დატოვა:
1.გიორგი შანიძე (შანო) – შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
2.ანდრეი რაუტბერგი – გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდა ჯარიმით
3. ვაჟა დურგლიშვილი – ასევე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და აქვს პირობითი მსჯავრი).
“რეჟიმი ჩამოშლის პირასაა”, “შიგნით [იგულისხმება სასამართლოში] არის ჯანყი”, “რაღაცის გადაფარვას ცდილობენ”, “გომელაურის კადრებს ებრძვიან” , “სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზიას ქმნიან” – ეს და სხვა მსგავსი შეფასებები ისმის სოციალურ ქსელში მას მერე, რაც სასამართლომ ეს ორი პრეცენდენტი დაუშვა.
სოციალურ ქსელში მსჯელობისას იშველიებენ მონაცემსაც, რომ “ქართული ოცნების” მომხრეთა 40%-იც კი სინდისის პატიმრებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
აქტივისტების დაკავების მეორე ტალღა შემოდგომით დაიწყო. შემოდგომით დაკავებულთა საქმეები ახლაა დასკვნით ეტაპზე. ზოგ საქმეზე განაჩენი უკვე დადგა.
ამ დროისთვის, შემოდგომით დაკავებულებიდან პატიმრობა მიუსაჯეს:
1. დავით ხომერიკს – 4 წელი და 6 თვე (15 აგვისტო. მოსამართლე – ნინო გალუსტაშვილი)
2. ანატოლი გიგაურს – 2 წელი (12 აგვისტო. მოსამართლე – ჯვებე ნაჭყებია)
3. დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს – 4 წელი და 6 თვე (8 აგვისტო, მოსამართლე – ნინო გალუსტაშვილი)
3. მზია ამაღლობელს – 2 წელი (6 აგვისტო. მოსამართლე – ნინო სახელაშვილი)
4. გიორგი მინდაძეს – 5 წელი (3 ივლისი. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი)
5. მათე დევიძეს – 4 წელი და 6 თვე (12 ივნისი, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი)
6. დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს – 3 წელი (2 ივნისი, მოსამართლე ლილი მსხილაძე)
ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც თედო აბრამოვი გაამართლეს, ერთ საათში კიდევ ერთი სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი გაუშვეს ციხეში 4 წლითა და 6 თვით. ხომერიკის საქმეშიც მთელი რიგი დარღვევებია და არც იქ არის “მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები”. ხოლო იმ დღეს, გიორგი ახობაძე რომ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მიუსაჯეს პატიმრობა.
ამიტომ, მთავარი საფუძველი – ადამიანების უდანაშაულობა და სამართლიანი სასამართლო, ცხადია, ამ დისკუსიაში არც არავის გახსენებია და ამის არც არავის სჯერა.
“ჯერჯერობით ერთი მეორეს მიყოლებით უშვებენ ხალხს, ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ. ანუ აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აღიარებენ, რომ პოლიციელები კრიმინალები არიან“, – დაწერა თედო აბრამოვის გამართლების შემდეგ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ სოციალურ ქსელში.
მსჯელობა – რომ ამ განაჩენებით ამ ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება დადასტურდა – ამ საქმეებს მთავარ ხაზად გასდევდა. ამიტომ, სამართლიანობის პირობებში, ახლა იმ ხალხის, პოლიციელების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს საქმის წარმოება, ვინც ახობაძისა და აბრამოვის საქმეში ფიგურირებდნენ.
დაიწყო თუ არა გამოძიება, არ ვიცით. ჯერ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სინდისის პატიმრების საქმეები