"ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა" - მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს
გამოცემების, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა, შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან კოლეგებს წერილით აცნობა. მზია ამაღლობელის წერილი, კლინიკა “ვივამედის” ეზოში, “გამოცემების”ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა
- მზია ამაღლობელის სოლიდარობა, 30-წუთიანი აქცია მოსამართლის სახლთან, 9 პირს 45 ათასი ლარი დაუჯდა
- “მზია ამაღლობელს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, შიმშილობის ფონზე არსებობს გართულების რისკი” – ომბუდსმენი
“ბათუმში, “ოცნების ქალაქი” მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანის ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.
ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა.
სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ.
არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – წერია ამაღლობელის წერილში.
მზია ამაღლობელი პირველი სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტია საქართველოში. ის ერთი თვეა მეტია დაპატიმრებულია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. დაპატიმრების დღიდან მზია ამაღლობელი შიმშილობს.
18 თებერვალი მზია შიმშილობის 38-ე დღეა. წერილებში, რომელსაც მზია კოლეგებს უგზავნიდა ციხიდან, ხაზგასმით წერდა, რომ მისი შიმშილობა იყო მისი პროტესტი უსამართლობაზე და ამას არ აკეთებდა შეღავათების მისაღებად.
4 თებერვლიდან მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი. გუშინ, 17 თებერვალს, კლინიკის დირექტორმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას პირველად ახსენა – “ლეტალური გამოსავალი”
“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას.
მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”,- განაცხადა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
რა იქნება ახლა
ამ წერილის გავრცელების შემდეგ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ ამაღლობელი კლინიკაში დარჩება და პროტოკოლის შესაბამისად ექიმების მეთვალყურეობით დაიწყება კვების აღდგენის პროცესი.
მან თქვა, რომ ეს არ არის მარტივი და ამ პროცესსაც ახლავს ბევრი რისკი.
“ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდი რისკებთან. 30 დღის შემდეგ, ყოველ დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობა, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან.
ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობს პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდებოდა თუნდაც პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. ეს უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ, კლინიკა ამისთვის მზად არის“, –განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
მისი განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე და რომ კლინიკა ყოველდღიურად დააკვირდება მზია ამაღლობელის მდგომარეობას.
მზია ამაღლობელის საქმე
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით მედიამენეჯერს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ შუამდგომლობა ეყრდნობოდა სამართლებრივ არგუმენტებს და ასაბუთებდა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს