"მტრის ხმა ჩაახშეთ“: სომხეთში რუსული ტელეარხების გათიშვას მოითხოვენ
რუსული არხების გამორთვა სომხეთში
ერევანში, სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს შენობის წინ, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ რუსული ტელეარხების ტრანსლაციის შეწყვეტას. აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „არა მტრულ არხებს“, „გამორთეთ მტრის ხმა“.
აქციის ორგანიზატორი პარტია „რესპუბლიკის სახელით“ იყო. მისი ლიდერის, არმან ბაბაჯანიანის თქმით, რუსული არხები, რომლებიც სომხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსით, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით მაუწყებლობენ, სომხეთს სისტემატურად შეურაცხყოფენ.
„საზღვარგარეთის არხები, რომლებიც მაუწყებლობენ ჩვენი გადასახადებით, პირდაპირ ეთერში აყენებენ სომხეთს შეურაცხყოფას. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება. ვთხოვთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გათიშოს ეს არხები. სიძულვილის ენას, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ჰიბრიდული ომის ნაწილად ვთვლით“, — განაცხადა ბაბაჯანიანმა.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან არამხოლოდ პლაკატები, არამედ ტელევიზორებიც მიიტანეს. მათ ეკრანებზე გამოსახულებები გადახაზეს და ტელევიზორები სანაგვე ურნებში ჩაყარეს — სლოგანით: „არა რუსულ ნაგავს“.
რუსული არხების გათიშვის თემა სომხეთში კვლავ აქტუალურია — საკითხმა საზოგადოების ხელახალი ყურადღება ივნისის შუა რიცხვებიდან მოიპოვა. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსული სახელმწიფო არხის, „Россия-1“-ის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა სომხეთს.
სოლოვიოვმა ეთერი დაიწყო სომხეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული სომეხი მეწარმის, სამველ კარაპეტიანის მხარდასაჭერი განცხადებით, თუმცა მალევე გადავიდა მკვეთრ კრიტიკაზე ერევნის ხელისუფლების მიმართ და პირდაპირი მუქარაც გამოხატა — გააფრთხილა სომხეთი, რომ მისთვისაც დადგება „არცახის ბედი“, რაც განიხილება როგორც ქვეყნის განადგურების მუქარა.
ჟურნალისტის ამ განცხადებას მკვეთრ რეაქციას მოჰყვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, სოლოვიოვის სიტყვები შეაფასა როგორც „მკვეთრი ჩარევა სომხეთის შიდა საქმეებში და მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ხელყოფა“. მინისტრის განცხადებით, რუსულ მხარეს გადაეცა ოფიციალური დიპლომატიური ნოტა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია, აპირებს თუ არა სომხეთის მთავრობა რუსული არხების მოხსნას საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსიდან.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ საკითხი სერიოზულ განხილვას საჭიროებს:
„თუ არსებობს არხები, რომლებიც აჭარბებენ და სერიოზულად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, მაშინ, შესაბამისი რეაგირება მართებს სახელმწიფოს — სულ მცირე, მათი ტრანსლაციის შეწყვეტის გზით.“
მანამდე სომხეთის წამყვანმა მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს რუსული არხების მაუწყებლობის შეწყვეტა. მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას დაიწყოს ექსპერტული განხილვები, რათა დაცული იქნას ქვეყნის საინფორმაციო სივრცე უცხოური ჰიბრიდული გავლენებისგან.
„სომხეთში ფაშისტური პროპაგანდა არ უნდა ისმოდეს“ — აქციის მონაწილეები რუსული მედიის წინააღმდეგ
ერევანში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „რესპუბლიკის სახელით“ თავმჯდომარემ არმან ბაბაჯანიანმა რუსული მედიის მოქმედებები ჰიბრიდული ომის ნაწილად შეაფასა.
„ომს მტრები აწარმოებენ. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა მტრულად არის განწყობილი სომხეთის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ. სწორედ ამის განხორციელებას ემსახურება რუსული მედიის სტრატეგიული ხაზი — მათი მიზანი სომხური სახელმწიფოების ლიკვიდაციაა,“ — განაცხადა ბაბაჯანიანმა.
პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ რუბენ მეგრაბიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთში ფაშისტური პროპაგანდისთვის ადგილი არ არის — არც ერთ ენაზე“. მისი შეფასებით, რუსული ტელეარხები არ უნდა მაუწყებლობდნენ არც ეთერში და არც კაბელურ ქსელში. მან ასევე მოითხოვა „სპუტნიკ სომხეთის“ საქმიანობის შეჩერება:
„სომხეთის მთავრობამ აღარ უნდა დაუშვას, რომ რუსეთმა ქვეყნის შიგნიდან განახორციელოს საინფორმაციო შეტევა.“
ვანაძორის ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ოფისის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა კი აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ გადავიდეს განცხადებებიდან რეალურ ქმედებებზე:
„მოვითხოვთ, რომ მთავრობამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიიღოს კონკრეტული ზომები.“
სომხეთის საზოგადოებრივი ციფრული მულტიპლექსით ამჟამად სამი რუსული არხი მაუწყებლობს: „РТР-პლანეტა“, „პირველი არხი — მსოფლიო ქსელი“ და „РТР-კულტურა“. მათი ტრანსლაცია ხორციელდება 2020 წლიდან სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში.
ამ შეთანხმების მეხუთე მუხლი პირდაპირ კრძალავს:
- ეთერში ეთნოსებისა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფას;
- ნებისმიერი ფორმით ჩარევას ხელმომწერი მხარის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
მიუხედავად ამისა, როგორც ცნობილია, შეთანხმების დარღვევებს რეგულარულად აფიქსირებს სომხეთის ტელე-რადიო კომისია, თუმცა არხის გათიშვის უფლება მას არ გააჩნია — შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრომ უნდა მიიღოს.
ამასთან, შეთანხმებაში არ არსებობს მექანიზმი მისი ცალმხრივად შეწყვეტისთვის.
ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ ორ რუსულ არხზე სისტემატური დარღვევები შენიშნა
სომხეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კომისიის განცხადებით, რუსული არხები „РТР-პლანეტა“ და „პირველი არხი — მსოფლიო ქსელი“ სისტემატურად არღვევენ როგორც სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების პირობებს, ისე ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. კომისიის წევრების თქმით, ეს არღვევს სომხეთსა და რუსეთს შორის ტრადიციულ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კავშირებს.
კომისია აცხადებს, რომ სომხეთის საინფორმაციო სივრცე უნდა იყოს დაცული უცხოური მანიპულაციური, პროპაგანდისტული და პროვოკაციული ზეგავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ძალებისგან, რომლებიც ცდილობენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას.
ბოლო პერიოდში მათთან შესულია მრავალი მოქალაქის საჩივარი და წინადადება, რომ არ დაუშვან სომხეთის საზოგადოებრივი მედიის სივრცის გადაქცევა შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის პლატფორმად. კომისიის შეფასებით, ამ არხების მიერ შექმნილი მტრული და დაუსჯელობის ატმოსფერო ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ცნობიერებას და ქცევაზე ნეგატიურად აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ არაერთხელ სცადა პრობლემის გადაჭრა დიალოგის გზით, ამან შედეგი ვერ მოიტანა. მათი თქმით, ორივე არხი კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას და შუღლის შემცველ მასალებს, რაც ვერ ეწყობა სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებს და საინფორმაციო გარემოს სტაბილურობას.
ფონი: სოლოვიოვის განცხადება
რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ორი გადაცემა სომხეთის საზოგადოებრივ მულტიპლექსში უკვე წელიწადზე მეტია დაბლოკილია ანტისომხური შინაარსის გამო. თუმცა მისი ბოლო განცხადება გადაცემაში „საღამო სოლოვიოვთან ერთად“ ფართოდ გავრცელდა სომხურ სოციალურ ქსელებში და მწვავე რეაქციები გამოიწვია.
სოლოვიოვი ეთერში საუბრობდა დაპატიმრებულ სომეხ მილიარდერ სამველ კარაპეტიანზე, რომელსაც ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდება. წამყვანმა მას „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა და სომხეთის მოქმედი ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა, დამნაშავედ შერაცხა და სომხეთის ისტორიასთან ღალატში დაადანაშაულა. მან დასვა შეკითხვა — მონაწილეობს კი სომხეთის საზოგადოება საკუთარი ქვეყნის ბედში, თუ მასაც იგივე ელის, რაც არცახს?
სოლოვიოვის ამ სიტყვებს მყისიერი პასუხი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გასცა. მისი თქმით, წამყვანი აჭარბებს საკუთარ შესაძლებლობებს, როდესაც თავს უფლებას აძლევს, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის ლიდერებს, მოუწოდოს ხალხს პოლიტიკურ ქმედებებზე და საკუთარი გზავნილები შეფუთოს „იაფფასიანი მსახიობობით“.
სიმონიანის განცხადებით, ეს არის პირდაპირი ჩარევა სომხეთის შიდა საქმეებში და მორალური შეურაცხყოფა როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე სომეხი ხალხის მისამართით. მისი აზრით, მსგავსი განცხადებები, მით უფრო — სახელმწიფო არხიდან, სერიოზულად აზიანებს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს და იწვევს საზოგადოების ღრმა უკმაყოფილებას.