საქართველოს მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. ამისთვის, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. შედეგად, ერთი კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სუბსიდირების პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება:
“არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს“, – განაცხდა პრემიერმა.
მისივე თქმით, უკვე შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი. წელს საქართველოში რეკორდულ, დაახლოებით 300 ტონა მოსავალს ელოდებიან.
ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება დაახლოებით 150 მილიონი ლარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახორციელებს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად მიიღო.
2019 წელს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დარგი უკვე საკმარისად იყო განვითარებული. ამიტომ, ამ წელს სუბსიდირება არ მომხდარა.
2008-2018 წლებში რთველის სუბსიდირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 175.8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2020 წლიდან რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ისევ განახლდა. 2020 წელს რთველის სუბსიდირებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი, 104 მილიონი ლარი დაიხარჯა. შემდეგ წელს კი კიდევ უფრო მეტი – 138 მილიონი.
სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ პროცესში მთელი რიგი კორუფციული პრობლემებია. მათ შორის, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.