დონალდ ტრამპი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტია - მთავარი ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან. ფოტო და ვიდეო
მთავარი ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან
დონალდ ტრამპი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი გახდა. მან კაპიტოლიუმის როტონდაში საპრეზიდენტო ფიცი დადო.
“ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია. დაე, ღმერთი დამეხმაროს”. – თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
მთავარი ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან
● “ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივისცემას დაიმსახურებს მთელი მსოფლიოსგან. ყველა ქვეყანას შეშურდება და ვეღარავინ ისარგებლებს ჩვენით.”
● “ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია სახლში მარტივი კრიზისის მართვაც კი, ხოლო ამავდროულად ეჩეხება უწყვეტ კატასტროფულ მოვლენებში ქვეყნის მიღმა. ჩვენი არაჩვეულებრივი კანონმორჩილი ამერიკელი მოქალაქეების დაცვას ვერ ახერხებს, მაგრამ თავშესაფრითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს სახიფათო დამნაშავეებს, რომელთაგანაც ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან არიან და მთელი მსოფლიოდან ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ.”
● “რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს გამოვცემ, რომელთა სამიზნეც იმიგრაციისა და ეკონომიკის საკითხები იქნება. აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, რითაც ქვეყანაში იმიგრაცია შეწყდება, ხოლო დამნაშავე იმიგრანტების დეპორტაცია დაიწყება.”
● “თანამდებობაზე ყოფნის პირველივე წუთებიდან ეროვნული ენერგეტიკის საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, რათა ენერგოსექტორში ფასებმა დაბლა დაიწიოს.”
● “ამერიკა უკან დაიბრუნებს დამსახურებულ ადგილს, როგორც ყველაზე დიდებულ, ყველაზე ძლიერ და ყველაზე პატივნაცემ ქვეყნად დედამიწაზე.”
● “პანამამ დაარღვია აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა: ამერიკულ გემებს მძიმედ ზედმეტს ახდევინებენ და სამართლიანად არ ეპყრობიან არანაირი გზით, ფორმითა და კუთხით, და ეს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსაც მოიცავს – პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ.”
● “როგორც 2017-ში, ჩვენ კვლავ ავაშენებთ ძლიერ ყველაზე ძლიერ არმიას, რაც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ დამთავრებული ომებით, და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვნად, ომებში არ ჩაბმით გავზომავთ.”
● “ვარსკვლავებისკენ ჩვენს გამოცხადებულ ბედ-იღბალს მივყვებით ამერიკელი ასტრონავტების გაშვებითა და პლანეტა მარსზე ამერიკის დროშის აღმართვით.”
● ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც არ განასხვავებს კანის ფერის მიხედვით და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი.”
● [ჩვენი მთავრობა] ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.”
● “ჩემი ბოლო არჩევები – ეს მანდატია იმაზე, რომ მთლიანად გავაუქმო საშინელი ღალატი და ყველა ეს მრავალრიცხოვანი ღალატი, რომელსაც ჰქონდა ადგილი და დავუბრუნო ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია, და რაც მთავარია, თავისუფლება. ამ მომენტიდან ამერიკის დაცემა დასრულდა.”
● “ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.”
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ამერიკის მეგობრობის მარში გაიმართა.
მარშს X-ზე პოსტით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა.
“სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მარშს მართავენ. პრეზიდენტო ტრამპო, ამერიკის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იმავეს?“ – წერს ის.
სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით ჩავიდა.
მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ
● უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან “აქტიურ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას“ ელის.
“პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაცხადებული „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პოლიტიკა ამერიკის ლიდერობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მთავარი პრიორიტეტია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
● ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „გლობალური გამოწვევების დასაძლევად ევროკავშირი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ელის“.
“ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ უფრო დიდ კეთილდღეობას მიაღწიონ და ჩვენი საერთო უსაფრთხოება გააძლიერონ. ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალაა“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
● ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, ინდოეთსა და აშშ-ს შორის მჭირდრო თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.
“მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსთვის უკეთეს მომავალს შექმნის. წარმატებებს გისურვებთ!“, – აცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.
● ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს:
“პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ – ნატო-ს მეშვეობით!“
● საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი:
“ვულოცავთ დონალდ ტრამპს მისი მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და სიძლიერე მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას.”
● გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი:
“დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ძლიერი კავშირია.”
● კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო:
“გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. კანადასა და აშშ-ს მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად – შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა ორივე ერისთვის.”