"მშობლები განათლებისთვის": ვშიშობთ, რომ მივიღებთ "კოვიდის დაკარგულ თაობას"
არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავს და ბავშვების წინაშე ნაკისრი კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ბავშვების იზოლაციას და ბაღებისა და სკოლების დაკეტვას ახლავს თან. მათი თქმით, მომავალში საქართველო მიიღებს ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო:
“ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები.“
მათი განმარტებით, ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ არ დავმდგარიყავით ამ ფაქტის წინაშე, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ მხოლოდ შეზღუდვებზე და არა იმაზე, როგორ მუშაობენ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა ამისთვის, რა შედეგებს მიაღწიეს და რა არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში.
არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ ნაბიჯებსაც სახავს იმისათვის, რომ სასკოლო განათლება ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული გეგმა შემდეგია:
- სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში;
- დანერგოს დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში და შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ცალკეული სკოლა, რომლის მიხედვითაც შეფასდება რისკები და მიიღება გონივრული გადაწყვეტილებები;
- დაუყოვნებლის დაადგინოს და გამოაქვეყნოს უსაფრთხოების ის ნორმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სკოლებმა გახსნის შემდეგ;
- სახელმწიფომ უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მშობელთა ჩართულობა-მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა;
- ინდივიდუალურად სკოლებმა ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალიზაციის პროცესს;
- I და XII კლასებისთვის გამონაკლისის დაშვება და მათთვის სკოლის შენობების გახსნა. რათა პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის და სოციალიზაციის პროცესი სწორად წარიმართოს, მე-12 კლასელებს სკოლაში მიღებული ცოდნით ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
- გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად;
- სწავლის დაწყებამდე შემუშავდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული სტრატეგიები;
- სახელმწიფომ შეამციროს ციფრული უთანასწორობა და 50400 ბავშვი, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ტექნოლოგიებზე, არ დატოვოს განათლების მიღმა;
- ბაგა-ბაღებში შემუშავდეს ფიზიკური/გონებრივი/სოციალური განვითარებისთვის საჭირო ღია სივრცეზე მორგებული აქტივობები;
- დაეხმაროს სახელმწიფო შშმ და სსსმ ბავშვებს უწყვეტად მიუწვდებოდეთ ხელი თერაპიულ მომსახურებაზე;
- გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან მუშაობისთვის.
______________________________________________
● სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. რას აპირებენ სკოლები და ბაღები?
● ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით: რა დაბრკოლებების წინაშე დგას შშმ ბავშვი საქართველოში?
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
_____________________________________________
15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებს კერძო და სახელმწიფო ბაღები.
როგორც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, 4 ოქტომბერს სასწავლებლების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას გამოიყენებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება სასწავლო ოთახებში. ამასთან, მშობელს შეეძლება აირჩიოს, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ საკლასო ოთახში.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 80-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.