მსახიობები ვასო აბაშიძის ახალ თეატრს პროტესტის ნიშნად ტოვებენ
გაზიარება
გაზიარება
მსახიობები ვასო აბაშიძის თეატრსტოვებენ
ვასო აბაშიძის ახალ თეატრს პროტესტის ნიშნად მსახიობები ტოვებენ. მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.
ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერს ხსნნიან
თეატრის დატოვების შესახებ ცნობები თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს მსახიობებმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი“, – ამ და მსგავსი ტექსტებით ამცნეს მსახიობებმა საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ.
ახალი თეატრი ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. შენობის ფასადზე, ცენტრალურ ადგილას, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ გადმოკიდებული ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი. თუმცა, 19 თებერვალს, მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს სამთავრობო ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ჩამოხსნის მომენტს იღებდა ყველა პროპაგანდისტული არხი და ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ამის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა, თეატრის მსახიობებმა ხელახლა გადმოკიდეს ბანერი, თუმცა, სხვა ადგილას. შესაბამისად, ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე “რუსთავი 2-ის“ ორი ბანერის გვერდით რჩებოდა. თუმცა ანდრო ჭიჭინაძის ბანერი მეორე დღეს უკვე საბოლოოდ ჩამოხსნეს და წაიღეს. თეატრის მსახიობებმა მისი მოძებნა ვეღარ მოახერხეს.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს, პროევროპული აქციებისას დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გასულ წლის აპრილში ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის სამინისტრომ გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რომელიც ასევე აქტიურად აპროტესტებდა ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ თეატრის საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებულია.