მოსაზრება: "ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს
მოსკოვის მექანიზმი
კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეკომენდაციები არის “გამაოგნებელი” სიმკაცრის და თუ “ქართული ოცნება” არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა სახელმწიფოებს თავისი სასამართლოთი შეუძლიათ ედავონ საქართველოს. მისივე თქმით, ანგარიშში მოცემულია მკაფიო ინსტრუმენტები იმ შემთხვევისთვის, თუ “ქართული ოცნება” რეკომენდაციებს არ შეასრულებს.
მისივე მოსაზრებით, “მოსკოვის მექანიზმის“ გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აისახება, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ეხება.
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

პაატა ზაქარეიშვილი: “მართლაც მნიშვნელოვანი და პრინციპული ანგარიშია, თუმცა არანაკლებ პრინციპული ყოფილა სხვებიც, მაგრამ ეს ნამდვილად გვირგვინია ყველაფრის, მისი რეკომენდაციების ნაწილში. შეფასებები არის მკაცრი, მაგრამ ეს შეფასებები გაუკეთებია სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, ევროკავშირს. აქ არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტები, როგორ მოხდება რეაგირება, თუ “ქართული ოცნება” ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს.
დოკუმენტი ძალიან დიდია, რეკომენდაციები რამდენიმე ტიპისაა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს მხოლოდ რეკომენდაციები. ისინი არის გამაოგნებელი სიმკაცრის. თუ “ქართული ოცნება” არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა სახელმწიფოებს თავისი სასამართლოთი შეუძლიათ ედავონ საქართველოს.
იმ 24 ქვეყნის რეაქცია არის მშვენიერი, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას, რომ ისინი აპირებენ ამ დოკუმენტის ხელში აღებას და როგორც ინსტრუქციის, ისე გამოყენებას.
ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ “ქართული ოცნების” წინააღმდეგაა. სანქციების ნაწილშიც კი გამოკვეთილია, რომ ის უნდა დაენიშნოს იმ პიროვნებებს, რომლებიც დანაშაულების ჩამდენები არიან ანუ საყოველთაო სანქციებზეც კი არ არის ლაპარაკი.
მე ყველაზე მეტად უფრო მენიშნა და ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ გუშინწინ ლიეტუვამ ჰააგაში შეიტანა სარჩელი ბელორუსის წინააღმდეგ. “ქართული ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს.
ეუთოსა და ევროკავშირის გამო კი არა, არამედ იტყვიან, რომ ჩვენ სასამართლო ვართ, დამოუკიდებელი ვართ, სუვერენიტეტი გვაქვს, “ორ ფეხზე ვდგავართ” და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს, თანაც ამას წინათ ირაკლი კობახიძემ დაასველა სიტყვა და თქვა, შეიძლება, სარჩელი შევცვალოთო. კი, გამკაცრება იგულისხმა, მაგრამ მე სხვანაირად მენიშნა ეს.
თუ აღმოჩნდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის პარტიების გაუქმებაზე და არ დაეთანხმება მოსარჩელეს, მე მგონია, რომ ეს იქნება გავლენა ამ “მოსკოვის მექანიზმის”. ამით დაიწყება მოსინჯვა, რამდენად წამოვლენ დიალოგზე.”