მოსაზრება: რუსი პოლიტიკური კონსულტანტების საქმე აფხაზეთში - რატომ არის ეს უფრო სერიოზული, ვიდრე უბრალოდ არჩევნებში ჩარევა?
რუსი პოლიტიკური კონსულტანტები
აფხაზეთში სკანდალი რუსი პოლიტიკური კონსულტანტების გარშემო სულ უფრო ფართოვდება და უკვე სცდება ერთჯერადი საარჩევნო დარღვევის ჩარჩოებს. საქმე ეხება პროცესს, რომელსაც კრიტიკოსები აფასებენ, როგორც აფხაზეთის პოლიტიკური სივრცის თანდათანობით გადაკეთების მცდელობას – გარედან, ფულისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყველაფერი 5 ნოემბერს დაიწყო, მუნიციპალურ არჩევნებამდე სამი დღით ადრე. აფხაზი ოპოზიციის აქტივისტების ჯგუფი შეიჭრა ერთ-ერთ ოფისში, სადაც, მათი თქმით, რუსი პოლიტსტრატეგები უკანონოდ მუშაობდნენ პროსამთავრობო კანდიდატებისთვის. აქტივისტებმა კონსულტანტები აიძულეს უკანონო საქმიანობის აღიარებას და შემდეგ ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.
თუმცა, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების დაწყების გარეშე, იმავე დღეს დააბრუნა ისინი რუსეთში. ამ გადაწყვეტილებამ მაშინვე კითხვები გააჩინა, როგორც სამართლებრივი პროცედურების, ისე პოლიტიკური ნების შესახებ.
მოსკოვის რეაქციამ არ დააყოვნა. რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური კონსულტანტები შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლნი გახდნენ და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აფხაზი ოპოზიციონეფები წინააღმდეგ. გარკვეული დროის შემდეგ, აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო საკუთარი მოკვლევა, თუმცა შედეგი შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა – რუს პოლიტსტრატეგებს ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრათ.
ეს გადაწყვეტილება არც ოპოზიციას დააკმაყოფილებდა და, როგორც ჩანს, არც მოსკოვს.
22 დეკემბერს სოხუმის პროკურატურამ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების — ივან რევას, დიმიტრი ბუდიკინისა და პაველ ტიმოფეევის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ მკვლელობის მუქარა, მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევა და თანხების მითვისება. პარალელურად, საქმე აღიძრა ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევაზეც.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ახიაცას“ ლიდერი ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ ეს საქმე მხოლოდ კონკრეტულ პირებს ან ერთ არჩევნებს არ ეხება. მისი თქმით, საუბარია უფრო ღრმა და სისტემურ პრობლემაზე – აფხაზეთში პოლიტიკური პროცესების სრულ კონტროლზე.
“ნებისმიერ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის გზა ცნობილია: იდეოლოგიის ჩანაცვლება, ხელისუფლებაში ‘სწორი’ ადამიანების მოყვანა და შემდეგ კონსტიტუციის გაუქმება. მეშინია, რომ სწორედ ამ სცენარს ვუყურებთ დღეს.“ – ამბობს ბჟანია.
მისი შეფასებით, რუსი პოლიტსტრატეგები უბრალო დაქირავებული კონსულტანტები არ იყვნენ. ისინი, ფაქტობრივად, მართავდნენ საარჩევნო პროცესს, მაშინ როცა ადგილობრივი პოლიტიკოსები და ოფიციალური სტრუქტურები დამხმარეებისა და საფარის როლში გამოდიოდნენ.
არჩევნების პერიოდში აფხაზეთი სავსე იყო ბანერებით, რომლებიც მოქალაქეებს “პრივილეგირებულებად“ და “არაპრივილეგირებულებად“ ჰყოფდა. ტარდებოდა გამოკითხვები რეჟიმის ცვლილების თემაზე, ფინანსდებოდა საარჩევნო კამპანიები, ორგანიზებულად იკრიბებოდნენ ადამიანები საჭირო საჯაროობის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემები ადმინისტრაციული სანქციებით შემოიფარგლნენ
ბჟანია პარადოქსზეც მიუთითებს: სკანდალის საჯაროობის გარეშე საზოგადოება ვერ გააცნობიერებდა პრობლემის მასშტაბს. მისი აზრით, კონსულტანტების მიმართ ფაქტობრივი დაუსჯელობა შემთხვევითი არ არის. მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათივე ორგანიზატორებისთვის, რადგან აფხაზეთის არჩევნების კონტროლის გეგმა საფრთხის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, ბჟანიას თქმით, აღიძრა საქმეები რუსეთში და სწორედ ამიტომ “მიეცათ მითითებები“ აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებსაც.
მისი თქმით, ძნელია დაიჯერო, რომ ასეთი მასშტაბის საქმიანობა მხოლოდ ერთ საარჩევნო ციკლს ეხებოდა. მომდევნო ნაბიჯები შეიძლება გახდეს მორჩილი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა, ხოლო საბოლოოდ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე.
“აფხაზეთი ძალიან ძვირი დაგვიჯდა, იმისთვის, რომ მისი მომავალი ივან რევას და მის მსგავსებს გადავაბაროთ.“ – ამბობს ბჟანია.