მოსაზრება: როგორი იქნება აზერბაიჯანის რეაქცია ირანში სამხედრო ოპერაციის კონტექსტში?
აზერბაიჯანი ირანთან ომის ფონზე
ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ვაშინგტონმა „ეპიკური მრისხანება“ უწოდა და რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივად წამოიწყეს, რამდენიმე დღეში გაცდა თავდაპირველ ჩარჩოს და რეგიონული დაპირისპირებიდან ფართო გეოპოლიტიკურ კრიზისად გადაიქცა.
კონფლიქტის გაფართოებამ სამხრეთ კავკასიაშიც შეიტანა ახალი დაძაბულობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 5 მარტს აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები მოხდა.
ბაქოს ოფიციალური ვერსიით, უპილოტო აპარატები ირანის ტერიტორიიდან მოფრინდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი დრონი ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალს დაეჯახა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. მეორე აპარატი სოფელ შეკერაბადში, სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტსაც შეეჯახა.
ირანმა ბრალდებები უარყო. თეირანთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა მომხდარი “ისრაელის პროვოკაციად“ შეაფასეს, რამაც ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა გააჩინა.
ამ ვითარებაში აზერბაიჯანის მთავარი პრობლემა მხოლოდ საზღვრის უსაფრთხოება აღარ არის: ქვეყნის გრძელი საზღვარი ირანთან, ნახიჩევანის გეოგრაფიული იზოლაცია, ენერგეტიკული და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა და ბაქოს სტრატეგიული კავშირები დასავლეთსა და ისრაელთან ქმნის გარემოს, სადაც თეირანმა შესაძლოა აზერბაიჯანი მეორეხარისხოვან სამიზნედაც კი განიხილოს.
ბაქოსთვის ყველაზე რეალისტური მიზანი ამ ეტაპზე კონფლიქტის შეკავება და მისი საკუთარი საზღვრების მიღმა დატოვებაა. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანის ოფიციალური განცხადებები ძირითადად თავშეკავებისა და ესკალაციის შეჩერებისკენ მოწოდებებს შეიცავს.
ბაქოს ოფიციალური პოზიცია და „წითელი ხაზები“
ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლება ხაზგასმით აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა თავისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის.
ეს პოზიცია მკაფიოდ გამოიკვეთა იანვარში ბაქოსა და თეირანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშიც.
ომის დაწყებისთანავე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეგიონული სამხედრო ესკალაცია სერიოზულ საფრთხედ შეაფასა და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ეს ტონი შეესაბამებოდა ბაქოს სურვილს, თავიდან აეცილებინა აღქმა, თითქოს ის რომელიმე სამხედრო კოალიციის წევრია.
ნახიჩევანში მომხდარმა ინციდენტმა ოფიციალური რიტორიკა გაამკაცრა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. უწყებამ ირანისგან დაუყოვნებელი განმარტება და გამოძიება მოითხოვა და დაამატა, რომ აზერბაიჯანს „შესაბამისი საპასუხო ზომების მიღების უფლება“ აქვს.
იმავე დღეს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ინციდენტი „აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტულ აქტად“ შეაფასა. მისი განცხადებით, შეიარაღებული ძალები მობილიზაციის პირველი დონის მდგომარეობაში გადაიყვანეს და თეირანს ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიში მოსთხოვეს.
პარალელურად მიმდინარეობდა დიპლომატიური კონტაქტებიც. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა უარყო ქვეყნის მონაწილეობა ინციდენტში და გამოძიების დაწყება დაადასტურა.
საერთაშორისო მხარდაჭერა და დიპლომატიური ბალანსი
ბაქოს რეაქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო საერთაშორისო მხარდაჭერის ხაზგასმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დადებითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელმაც დრონებით თავდასხმები დაგმო.
ამ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ეს პოზიცია შეესაბამება აშშ–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ამერიკული მხარდაჭერის დემონსტრირება.
ეს ნაბიჯი შეიძლება განიმარტოს როგორც მცდელობა, რომ აზერბაიჯანმა ერთდროულად შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტის რიტორიკა და პარალელურად გააძლიეროს უსაფრთხოების გარანტიების ძიება დასავლეთთან.
ეკონომიკური და სატრანზიტო შედეგები
აზერბაიჯანის მედია სივრცეში, განსაკუთრებით სახელმწიფო მედიასა და მასთან დაახლოებულ პლატფორმებზე, ნახიჩევანის ინციდენტი ხშირად განიხილება როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, რომელმაც უსაფრთხოების შოკი გამოიწვია.
ამავე დროს, ანალიტიკურ სტატიებში ყურადღება ექცევა ომის სწრაფი გაფართოების რისკებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას და საზღვრის გასწვრივ დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას.
ეკონომიკური და ლოჯისტიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს: აზერბაიჯანის მთავრობამ დროებით შეაჩერა ტვირთების გადაადგილება აზერბაიჯან–ირანის საზღვარზე, მათ შორის ტრანზიტი.
ომმა გავლენა მოახდინა ავიაციაზეც. საერთაშორისო მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სამხრეთ საჰაერო სივრცის ნაწილობრივმა დახურვამ ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის ხელმისაწვდომი დერეფნები შეამცირა, რამაც ავიაკომპანიებს მარშრუტების შეცვლა და საწვავის ხარჯების გაზრდა აიძულა.
ამ ფონზე ბაქოსთვის მთავარი გამოწვევა ორმაგია – უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმიჯის დაცვა, რომელიც ქვეყანას რეგიონული სატრანზიტო ცენტრის სტატუსით აქვს ჩამოყალიბებული.
,,სამხრეთ აზერბაიჯანის“ საკითხი და რეალური შეზღუდვები
ხშირად განხილული თემაა ასევე ე.წ. „სამხრეთ აზერბაიჯანი“, ირანის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონები, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
თუმცა საერთაშორისო ანალიტიკური წრეები ამ სცენარს, რომლის მიხედვითაც ბაქომ შესაძლოა ამ ტერიტორიებზე გავლენის დამყარება სცადოს, ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევენ.
კვლევითი ცენტრების შეფასებით, ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის ფართო სეპარატისტული მოძრაობის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს. სოციალურ პროტესტებში, როგორც წესი, დომინირებს ეკონომიკური უკმაყოფილება და არა ეთნიკური სეპარატიზმი.
ამავე დროს, ოფიციალური ბაქო მუდმივად უსვამს ხაზს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ჩარევა ავტომატურად გაზრდიდა სრულმასშტაბიანი ომის რისკს.
სად გადის ინტერვენციის რეალური ზღვარი
ანალიტიკოსები აზერბაიჯანის შესაძლო მოქმედებებს ორ კატეგორიად ყოფენ: პირველი ეხება თავდაცვით ზომებს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, მეორე კი ირანის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო ოპერაციებს.
არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი ამჟამად პირველ კატეგორიაში მოქმედებს. შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაშია, საზღვარზე ლოგისტიკური შეზღუდვები დაწესდა და მიმდინარეობს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების კონტროლი.
ირანის ტერიტორიაზე პირდაპირი სამხედრო ოპერაციის სცენარი, განსაკუთრებით “სამხრეთ აზერბაიჯანის“ რეგიონში, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
თუმცა გარკვეულმა პირობებმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს — მაგალითად, თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმები განმეორდება ან ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაემუქრება საფრთხე.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი
ექსპერტების შეფასებით, ომის ხანგრძლივობის პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია. თუმცა ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მხარეები საკუთარ მაქსიმალისტურ მიზნებს არ შეამცირებენ, კონფლიქტი შესაძლოა გადაიზარდოს გამოფიტვის ომში.
ასეთი სცენარი აზერბაიჯანისთვის ორი ძირითადი რისკის ზრდას ნიშნავს: უპილოტო აპარატების შემთხვევითი ან განზრახ გადმოფრენა საზღვარზე და ეკონომიკური შოკები, რომლებიც სატრანზიტო მარშრუტებსა და რეგიონულ პროექტებს შეეხება.
ამიტომ ბაქოს მთავარი სტრატეგიული მიზანი უცვლელი რჩება – ომის სწრაფი შეკავება და მისი გავრცელების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის ოფიციალური განცხადებები სწორედ ამ ხაზს მიჰყვება: მოწოდებები დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების შენარჩუნება და პარალელურად თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება.