მოსაზრება: კრემლის ახალ კურატორს აშკარად არ მოსწონს აფხაზეთის ხელისუფლების უმოქმედობა
სერგეი კირიენკოს ვიზიტი აფხაზეთში
10 ივლისს აფხაზეთს მორიგი ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია. ის სულ ცოტა ხნის წინ გახდა კრემლის მხრიდან აფხაზეთის მიმართულების კურატორი.
აფხაზური გამოცემის “ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორი, ინალ ხაშიგი საკუთარ ბლოგში განმარტავს, რით განსხვავდება ახალი კურატორი წინა ხელმძღვანელისგან და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ეს ცვლილება.

ინალ ხაშიგი წერს:
სერგეი კირიენკომ სოხუმში ერთდღიანი ვიზიტის განმავლობაში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად:
- განიხილა ენერგოკრიზისიდან გამოსვლის გზები;
- დეტალურად იმსჯელა სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე;
- შეამოწმა იმ რუსული ბანკის მუშაობა, სადაც აფხაზეთის პენსიონერები ბოლო ხანებში რუსულ პენსიებს იღებენ;
- გამართა შეხვედრა აფხაზეთის განათლების მინისტრთან — რუსეთთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვის მიზნით;
- განიხილა სოხუმსა და სოჭს შორის საზღვაო ტრანსპორტის ამოქმედების საკითხი;
- მოინახულა სოხუმის ცნობილი კაფე “ბრეხალოვკა“ და დაწესებულებას ახალი მაგიდებიც გადასცა.
ინალ ხაშიგის შეფასებით, სერგეი კირიენკო მკვეთრად განსხვავდება აფხაზეთის წინა კურატორისგან — დმიტრი კოზაკისგან, რომელიც, მიუხედავად ხუთწლიანი უფლებამოსილების პერიოდისა, სოხუმში არც ერთხელ არ ჩასულა და აფხაზეთის მაღალჩინოსნებს თავად უწევდათ მოსკოვში გამგზავრება, საიდანაც ხშირად ბრუნდებოდნენ სადავო ინიციატივებით — მათ შორის, რუსული მსხვილი ბიზნესისთვის გადასახადებისგან გათავისუფლების (ე.წ. “ნავთობი ზონის“) შექმნის გეგმებით.
ამ არაპოპულარული პროექტების აუცილებლობა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ იმით ახსნა, რომ “სუვერენიტეტი გაზიარებადია“. თუმცა, საზოგადოების მწვავე რეაქციის ფონზე, 2024 წლის ნოემბერში ბჟანია პრაქტიკულად გადააყენეს, ხოლო ცოტა ხანში დმიტრი კოზაკმაც დაკარგა აფხაზეთის კურატორის სტატუსი.
დღეს, ხაშიგის აზრით, ეს გეგმა წარსულს ჩაბარდა. სერგეი კირიენკომ პრაქტიკულად აღიარა, რომ მსგავსი ინიციატივები აფხაზეთისთვის არ იყო მომგებიანი, და მათი ადგილი უკვე არ ჩანს რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის დღევანდელ დღის წესრიგში.
ინალ ხაშიგის განმარტებით, აფხაზეთის წინა კურატორი, დმიტრი კოზაკი, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ბრძანებითი ტონით საუბრობდა — ასე ამბობენ პროცესის კულუარული მცოდნეები. სერგეი კირიენკო კი მის წინამორბედთან შედარებით გაცილებით თავშეკავებული და კორექტულია — მიმართავს “თქვენობით”, ინტერესდება არა მხოლოდ ჩინოვნიკების, არამედ რიგითი მოქალაქეების აზრითაც. თუმცა ამ თავაზიანობის უკან, ხაშიგის თქმით, მკაფიოდ ჩანს შინაგანი სიმტკიცე, რაც მას რთული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას აძლევს.
დღეს აფხაზეთისთვის — დაწყებული რიგითი მოქალაქეებიდან, დამთავრებული ახალ პრეზიდენტ ბადრა გუნბამდე — კირიენკო კრიზისმენეჯერს ჰგავს, რომელსაც დამოუკიდებლად დაეკისრა აფხაზეთის მრავალმხრივი კრიზისიდან გამოყვანის მისია.
თუმცა სწორედ ამ მიდგომაში, სადაც აფხაზეთის ხელისუფლება ნებაყოფლობით თმობს გადაწყვეტილებების მიღების ინიციატივასა და ინტელექტუალურ ლიდერობას, ხაშიგი სისტემურ პრობლემას ხედავს.
“სავარაუდოდ, ამას თავად სერგეი კირიენკოც აცნობიერებს. მას აშკარად არ აკმაყოფილებს ადგილობრივი ხელისუფლების უქმედობა და მათგან ინიციატივის არარსებობა, რადგან ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი კვლავ მიგვიყვანს მწვავე შიდა პოლიტიკურ კრიზისამდე, მორიგ გადატრიალებამდე და მორიგი პრეზიდენტის გადაყენებამდე.“ — წერს ხაშიგი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო