მოგვეცით ან ძალით დავიკავებთ
ცხადია, აფხაზეთში არიან ადამიანები, ვისაც ბინის საყიდლად საკმარისი შემოსავალი აქვს. თუმცა, ასეთები უმცირესობას წარმოადგენენ. ბინებს, ძირითადად, ან რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები ყიდულობენ, ან მათი შვილები.
სხვები კი, უსახლკარობას ისე ებრძვიან, როგორც შეუძლიათ.
პრობლემა მარტივად ჟღერს: ხალხს სახლი არ აქვს
ესმა და ასტანი ერთი წელია, რაც დაქორწინდნენ. ნახევრ წელიწადს ასტანის მშობლებთან ცხოვრობდნენ. ასტანს დიდი ოჯახი ჰყავს – ორი ცოლ-შვილიანი ძმა, და ყველა ერთ სახლში ცხოვრობს. ახალდაქორწინებულებისთვის ამ სახლში ადგილი თითქმის არ იყო. ამიტომ, ასტანი და ესმა ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.
ესმა არ მუშაობს, სამედიცინო კოლეჯში სწავლობს. ასტანი პროდუქტების მაღაზიაში მუშაობს საქონლის ჩამბარებლად. მისი ხელფასი სულ 15 ათასი რუბლია (დაახლოებით$200). ახალგაზრდა ოჯახს მშობლები ეხმარებიან: ამ შემოსავლით ბინის ქირის გადახდა, კვება და თუნდაც რაიმე ტანსაცმლის ყიდვა, ძალიან რთულია.
“სახელმწიფო ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას მოითხოვს, მაგრამ თავად რას აკეთებენ ახალგაზრდა ოჯახების დასახმარებლად? მე და ჩემ ქმარს ამჟამად ბავშვის გაჩენა არ შეგვიძლია, რადგან მისი რჩენის საშუალება არ გვაქვს,” – ამბობს ესმა.
ჩვენი მშობლები ისეთი შეძლებულები არ არიან, რომ ბინა გვიყიდონ. რუსეთში ახალგაზრდა ოჯახებს იპოთეკურ სესხს აძლევენ ნორმალური პროცენტებით. ჩვენ ქვეყანაში კი მხოლოდ მოთხოვნა იციან, დახმარება არავის უნდა,” – ამბობს ასტანი.
ახალგაზრდა ოჯახი, რომელსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს, სოხუმში საკმაოდ ბევრია, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
“რატომ უნდა ვიყიდო ბინა? სახელმწიფომ უნდა მომცეს,” – ამბობს დმიტრი, 25 წლის ბიჭი. ის უბრალოდ კი არ ითხოვს ბინას, არამედ სახელმწიფოსგან მოითხოვს.
დმიტრი ერთი წლის წინათ დაქორწინდა, და მისთვის და მისი ცოლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებთან ერთად არ იცხოვრონ. ამიტომ, როგორც ამბობენ, ყველაფერზე წავლენ, თავისას რომ მიაღწიონ.
“მამაჩემი ომში დაიღუპა, ვალდებულები არიან, ბინა მომცენ. უახლოეს მომავალში თუ არ მომცემენ, წავალ და ცარიელ ბინას დავიკავებ. დავიღალე ლოდინით,” – ამბობს დმიტრი.
ცარიელ ბინებში შეჭრა – როგორ ხდება ეს
“წავალ და ცარიელ ბინას დავიკავებ”. ის, რის გაკეთებასაც დმიტრი აპირებს – ეს აფხაზეთისთვის უნიკალური და ამავდროულად უკვე ტიპური მოვლენაა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ რაიმე პერსპექტივას, რომ ოდესმე ბინის შესაძენ თანხას გამოიმუშავებენ, რეიდერულ დაჯგუფებებში ერთიანდებიან, ცარიელ ბინებს პოულობენ და იქ იწყებენ ცხოვრებას.
ამგვარი “რეიდებით” განსაკუთრებულად მდიდარი იყო 2015 წელი. მაგალითად, 2015 წლის მაისში, ახალ რაიონში, გუმისთას 39-ში მდებარე მრავალსართულიანი ცარიელი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში თვრამეტი ახალგაზრდა სოხუმელი ოჯახი შეიჭრა.
მათ სადარბაზო თავიანთი მიტანილი რკინის კარით ჩარაზეს, შემდეგ კი ბინები “გაინაწილეს”.
შემთხვევის ადგილზე მისული მილიციის განცხადებით, ამ შენობის რეკონსტრუქციით დაკავებული იყო აფხაზეთის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც რეპატრიანტების ოჯახებისთვის აპირებდა ამ ბინების გადაცემას.
მილიციის მოთხოვნას, რომ შენობა დაეტოვებინათ, “დამპყრობლებმა” აგრესიით უპასუხეს; იმეორებდნენ, რომ ბინების მიღების უფლება მათაც აქვთ. მაშინ სახლთან 30-მდე “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი” (როგორც ოქმში იყო ნათქვამი) ადამიანი შეიკრიბა.
შედეგად, დააკავეს ქალაქ ტყვარჩელის მკვიდრი არსენ ლომია, სადრბაზოს რკინის კარი კი მოხსნეს.
“დაკარგული თაობა” და ცარიელი ბინები “სხვებისთვის”
ამგვარი რეიდებისთვის ახალი რაიონი განსაკუთრებულ საცთურს წარმოადგენს – იქ ბევრ სახლში ბინები წლობით არის ცარიელი. უკვე გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ამ ბინების გაღებას და იქ დასახლებას ცდილობენ, მეორე დღეს კი უცბად ბინის პატრონები ჩნდებიან.
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ახალგაზრდები ასეთი რადიკალური გზით ცდილობენ, მართლაც მასშტაბურია.
აფხაზეთში არსებობს სისტემა, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მოსახლეობის განსაკუთრებულ კატეგორიას “სოციალური საცხოვრებლით” უზრუნველყოფს. ასეთი საცხოვრებლის მიღების რიგში დღეს 2 ათასზე მეტი ადამიანი დგას. ესენი არიან სამამულო ომის (1990-იანი წლები) ინვალიდები; ამ ომში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახები; ასევე ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; საბჭოთა კავშირის გმირები; აფხაზეთის გმირები; რეპატრიანტები.
ახალგაზრდა ოჯახები ამ სიაში არ არიან, და არც რაიმე ცალკე პროგრამა არსებობს მათთვის.
ამასობაში, ისინი, ვინც რთულ 1990-იანებში დაიბადნენ, უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. გარდაქმნების ეპოქაში დაბადებულმა ამ თაობამ ვერც ხარისხიანი განათლება და აღზრდა მიიღო, და არც რაიმე სასტარტო შესაძლებლობები მიუცია მათთვის ვინმეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მათ ძალიან დაბალი და არასტაბილური ხელფასები აქვთ. სწორედ ახლა არიან ისინი იმ ასაკში, როდესაც ოჯახებს ქმნიან და ბავშვებს აჩენენ. სადმე ხომ უნდა იცხოვრონ?
მეორე მხრივ, აფხაზეთში ძალიან ბევრი ცარიელი საცხოვრებელია. სოხუმის ისევ იმ ახალ რაიონში, ახალგაზრდების თვალწინ უამრავ ცარიელი სადარბაზოა. ეს ბინები 1990-იანების ომის დროს გადასახლებულ ქართველებს ეკუთვნოდა. ასევე, არის ახალი სახლები, სადაც “ყოველი შემთხვევისთვის” დაბევებული აქვთ ბინები დიასპორის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს, რომლებიც აფხაზეთში არ ცხოვრობენ.
ამგვარად, თეორიულად ცარიელი ბინები კი არის, მაგრამ სინამდვილეში, ყველას პატრონი ჰყავს. ამ ბინების თვითნებური “დაპყრობა” უკვე 20 წლის წინათ მოხდა – წინდახედულმა ფულიანმა ადამიანებმა, ყველფერი შეისყიდეს. ასე რომ, მართალია, ბინები ცარიელია, მაგრამ უპატრონო არ არის.
“სხვა გამოსავალი არ გვქონდა, არავინ ჩვენ არ გვეხმარება”, – ამბობს ახალ რაიონში ვერშემდგარი შესახლების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამრა კვიცინია.
“არ გვინდა, ჩვენი შვილებიც ჩვენსავით იტანჯებოდნენ უსახლკარობით”, – გვიხსნის “რეიდის” კიდევ ერთი მონაწილე ლავრენტი ფეტ-ოღლი.
ლავრენტი გვიამბობს, თუ რატომ ამოარჩიეს მაინცდამაინც ეს სახლი: “ყველაზე ძველია და მზად ვიყავით, ჩვენი ხელით შეგვეკეთებინა. ამაში იმ ფულს გადავიხდიდით, რის გადახდაც ნაქირავებ ბინებში გვიწევს.”
ამ ადამიანებისთვის არ ესმით, რატომ უნდა დაიცვან კანონი. ჯერ ერთი, ეს ის თაობაა, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს მიღმა აღიზარდა. მეორეც – ახალგაზრდა თაობის თვალში საკუთრების ომისშემდგომი გადანაწილება არალეგიტიმურია, რადგან მათ ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ, გასაგები მიზეზების გამო. ახლა ისინი საკუთრების თავიდან გადანაწილების მოწოდებით გამოდიან. ახალგაზრდებს უკვირთ, რატომ არ შეიძლება მათთვის ის, რაც უფროსებისთვის შეიძლებოდა – ანუ, ცარიელი ბინების დაკავება.
ამ ახალგაზრდებისთვის არც იმის თქმას აქვს აზრი, რომ ხელ-ფეხი აქვთ და თავად შეუძლიათ გამოიმუშაონ ბინის საყიდელი ფული. ჯერ ერთი, ეს ტყუილი მოწოდება იქნებოდა – ბინის საყიდელ ფულს ისინი ვერსად იშოვიან, რადგან აფხაზეთში სამუშაო ადგილები ცოტაა, ხელფასები კი ძალიან პატარა. და მეორეც, – რა მორალური უფლება აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობისგან ცხოვრებისული წარმატება მოითხოვოს, როდესაც თავად არაფერი მიუცია მათთვის – არც განათლება, არც განვითარების შესაძლებლობები. ეს სწორედ ის “დაკარგული თაობაა”, რომელიც წინა თაობის შეცდომების საფასურს იხდის.
რატომ მოხდა ასე
ომისშემდგომ აფხაზეთში, უკვე 2000-იანებში, საცხოვრებლის თვალსაზრისით, პრინციპულად ახალი სიტუაცია შეიქმნა. მრავალი ცარიელი, მაგრამ “დაკავებული” ბინა და სახლი (ბევრი მათგანი დღემდე გაფორმებულიც კი არ არის) ერთგვარ ვალუტად იქცა, რომელსაც იმარაგებდნენ იმ იმედით, რომ მისი კურსი მომავალში აიწევდა. ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის მსურველთა განცხადებები თითქმის ასჯერ აჭარბებს ყიდვის მსურველთა განცხდებების რაოდენობას.
გასაოცარი სიტუაციაა – ბინები რეალურად არის, ისინი იყიდება და ამ დროს ახალგაზრდა ოჯახები ტოტალურად უსახლკაროები არიან.
რა უნდა გაკეთდეს
2015 წელს ცარიელი ბინების მასშტაბურად დაკავების შემდეგ, აფხაზეთის ხელისუფლება პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ რეპატრიანტებისა და ცალკეული პირების გარდა, უფასო საცხოვრებლით ის რიგითი მოქალაქეებიც უზრუნველეყო, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ.
პირველი არცთუ დიდი შედეგი ასეთია: მინისტრთა კაბინეტმა ათი ახალგაზრდა ოჯახისთვის გამოყო ბინები მისამართზე – სოხუმი, კრსანომორსკაიას 92. ეს ბინები სახელმწიფო საბინაო ფონდს ეკუთვნის და რეპატრიანტებისთვის იყო განკუთვნილი.
სოხუმის საბინაო ფონდის საამართველოს უფროსი სერგეი მატოსიანი ამბობს, რომ არ არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს “სოციალური საცხოვრებლით” უზრუნველყოფს.
“მიხარია, რომ 10-მა ახალგაზრდა ოჯახმა შეძლო ბინების მიღება, მაგრამ ეს ყველაფერი უამრავ კითხვას აჩენს. კანონის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ – რასაკვირველია, ეს ძალიან უხეში დარღვევა იყო, რადგან ეს ბინები რეპატრიანტებს უნდა მიეღოთ. მეორე მხრივ, ეს ახალგაზრდები სასოწარკვეთილებამდე იყვნენ მისულები. და მაინც – ბევრი მათგანი სოხუმში ჩაწერილიც კი არ არის”, – ამბობს სერგეი მატოსიანი.
მატოსიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ამ ათ ოჯახს ბინები გადაეცა, მისი კაბინეტის წინ იღბლიანთა შორის მოხვედრის მსურველთა გრძელი რიგები ჩამოდგა: “ისეთი ამბავი იყო, სამსახურში მისვლა არ მინდოდა”.
“ახლა ძველებურად სოციალური საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ მხოლოდ მათ, ვისი სახლებიც ომის ან სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა”, – ამბობს მატოსიანი.
“რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ უნდა შემოგვეღო მსოფლიოში მიღებული სისტემა, როდესაც ადამიანები თავად აგებენ პასუხს საკუთარი სახოვრებლის ყიდვაზე. მაგრამ ეს ხომ მთელი რიგი სხვა პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. პირველ რიგში, ეს არის – დაბალი ხელფასები და იპოთეკური კრედიტირების არარსებობა. და ეს სიტუაცია როდის შეიცვლება, გაურკვეველია”, – თქვა მატოსიანმა.
სხვისი გამოცდილება
განვითარებულ ქვეყნებში არსებობს კერძო და სოციალურ სექტორებად მკაფიოდ გაყოფილი საბინაო ფონდი. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, რადგან თითოეულ სექტორში სხვადასდასხვა პრიორიტეტი, მექანიზმი და კანონი მოქმედებს.
ნებისმიერი ხელისუფლება , რომელიც საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებით არის დაინტერესებული, მიისწრაფვის კერძო სექტორის განვითარების პირობების შესაქმნელად და სოციალური სექტორის შესამცირებლად, რომელიც თავის არსით დოტაციურია.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთში, სადაც კერძო სექტორი საბინაო ფონდის საერთო მოცულობის 69 პროცენტს შეადგენს, კერძო ბინათმფლობელობის განვითრება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. აშშ-ში კერძო სექტორი კიდევ უფრო მასშტაბურია – 92 პროცენტი.
იმავე დიდ ბრიტანეთში, როგორც რუსეთში, თავის დროზე საცხოვრებლის პრივატიზაცია ხდებოდა. 1,3 მილიონი ინგლისელი გახდა მესაკუთრე. სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი შეღავათით გამოსყიდულ ამ საცხვრებელ ფართს ისევ სოციალური ბინათმფლობელები მართავენ, და სოციალურ საცხოვრისად მიიჩნევა, თუმცაკი ახალი მფლობელების კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
“ჩვენ არავითარ ახალ სოციალურ საცხოვრებელ ფართს არ ვაშენებთ, რადგან ბიუჯეტში საამისო სახსრები არ გვაქვს. რუსეთის ფედერაციის საინვესტიციო პროგრამა კი ასეთ ფინანსურ დახმარებას არ ითვალისწინებს. ამიტომ, პროგნოზები ნაკლებად დამაიმედებელია. 23 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არც ერთი მეტრი სოციალური ფართი არ აუშენებია. ადამიანებისგან განცხდებების მიღებას ვაგრძელებთ, თუმცა ჯერჯერობით ვერაფრით ვეხმარებით მათ,” – თქვა სერგეი მატროსიანმა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:11.11.2016