მოღალატეები თუ მსხვერპლი?
სამხრეთ ოსეთში ძმები ფუხაევების საქმეზე გამართული სკანდალური სასამართლო პროცესი კვანძის გახსნის მომენტს უახლოვდება. ფუხაევები სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 2014 წლის ივნისში დააკავა, როდესაც ისინი დედის ანდერძის აღსასრულებლად (მის დასამარხად) ცხინვალში დაბრუნდნენ. მანამდე ისინი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ.
ცხინვალელ ძმებს – იგორ და ბათირ ფუხაევებს რუსეთის სისხლის სამართლის ორი მუხლის (რომლებიც ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცებასა და სახელმწიფო ღალატს გულისხმობს) დარღვევა ედებოდათ ბრალად. ფუხაევების საქმის საბრალდებო დასკვნა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბერს გადაეცა. სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თუმცა 10 მარტს განსასჯელთაგან ერთ-ერთი, იგორ ფუხაევი სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა შეიწყალა და საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.
ამჟამად განსასჯელთა სკამზე განაჩენს მხოლოდ ერთი ფუხაევი, სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ბათირი ელოდება.
ტერორისტების თანამზრახველები?
სასამართლოში წარდგენილი მასალების მიხედვით, ბათირ და იგორ ფუხაევებს “ბრალად ედებათ დანაშაულის განზრახ ჩადენა, კერძოდ კი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დმიტრი სანაკოევის მეთაურობით შექმნილ დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.” გამოძიების მონაცემებით, ძმებმა ფუხაევებმა საქართველოს სასარგებლოდ მხარი დაუჭირეს დმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც სამხრეთ ოსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
JAM-news-ის დოსიე
2007 წლის მაისში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაწილეობით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ პერიოდში თბილისი აკონტროლებდა და ქართულ სოფლებს მოიცავდა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნა. ამ ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები, რომელშიც 38 წლის დმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა. მანამდე სანაკოევი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო ცხინვალში. საქართველო ამ პროექტსა და თავად სანაკოევს 2006 წლის ნოემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ალტერნატივად აფასებდა. მაშინ ცხინვალში გამართულ არჩევნებზე, რომელიც საქართველომ არ აღიარა, ედუარდ კოკოითი კიდევ ერთი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
მაშინ, როდესაც კოკოითიმ საქართველოსგან დამოუკიდებელი კურსი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დროებითმა ადმინისტრაციამ თავის ტერიტორიაზე “ალტერნატიული” რეფერენდუმი ჩაატარა, რომელზეც ამომრჩეველთა 94-მა პროცენტმა საქართველოსთან კონფედერაციის ხელშეკრულების დადებას დაუჭირა მხარი. დროებითი ადმინისტრაციის მუშაობა სულ უფრო ფორმალურ ხასიათს იძენდა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთი ოსეთისთვის დაწყებული ომის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
2015 წელს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობა ტერორიზმად შეაფასა, რომელიც სამხრეთი ოსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს. თავად დმიტრი სანაკოევსა და მის გუნდზე კი ცხინვალში საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ ამ გუნდის წევრები იყვნენ ძმები ფუხაევები და ისინი ზემოაღნიშნული არჩევნების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის შურისძიება?
2006 წელს იგორ ფუხაევი ვლადიკავკაზში სამორინეს ფლობდა, მისი ძმა, ბათირ ფუხაევი კი სამხრეთი ოსეთის პარლამენტის წევრი იყო და სამხრეთი ოსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ გატარებულ პოლიტიკას ღიად უპირისპირდებოდა.
იგორ ფუხაევი
ფუხაევის ნათესავების თქმით, ედუარდ კოკოითიმ ძმებზე შურისძიება მათი და დმიტრი სანაკოევის კავშირის გამო დაიწყო. იგორ ფუხაევის სათამაშო ბიზნესი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის ძალოვანი სტრუქტურების რეიდებისა და სამხრეთი ოსეთის შესაბამისი უწყებების არასანქცირებული ჩხრეკების მსხვერპლი გახდა.
ამ ამბის ყველაზე გადამწყვეტ მომენტად იქცა დაპირისპირება ბათირ ფუხაევსა და სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელს, რობერტ გულიევს შორის. თვითმხილველთა განცხადებით, მათ იჩხუბეს და იმავე დღეს შერიგდნენ. თუმცა, მომდევნო დღეს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ბათირი და მისი უმცროსი ძმა ინალი დაიჭირეს, სცემეს და სოფელ თამარაშენის შორიახლოს დაყარეს. აღნიშნული დასახლებული პუნქტი თბილისის დაქვემდებარებაში მყოფ ანკლავს წარმოადგენდა. 2006 წლიდან 2008 წლამდე ქართული იურისდიქციის ქვეშ არსებულ კიდევ ერთ სოფელში (კერძოდ კი ქურთაში) დმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია ფუნქციონირებდა.
ბათირ და ინალ ფუხაევები ქართული პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს. ძმებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
მალე ბათირ და იგორ ფუხაევები თბილისში გადმოვიდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე მათგანმა სანაკოევის ადმინისტრაციაში სამსახური მიიღო.
პირველად ბათირ და იგორ ფუხაევები სამხრეთ ოსეთში 2014 წლის ივნისში დაბრუნდნენ. სწორედ მაშინ გარდაიცვალა მათი დედა, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა თბილისში და სიკვდილის წინ ითხოვა, რომ თავის ისტორიულ სამშობლოში დაესაფლავებინათ.
ფუხაევების სამშობლოში დაბრუნება ბევრმა უარყოფითად აღიქვა, რადგან მათ მოღალატეების რეპუტაცია ჰქონდათ. ძმების ცხინვალში ჩასვლიდან პირველივე დღეს ერთ-ერთმა მეზობელმა მათ სახლს ავტომატის მჭიდი დაახალა. ის, ვინც ისროდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, მაგრამ იმავე დღეს გაათავისუფლეს. ძმები ფუხაევები კი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში გადაიყვანეს.
დასაფლავების დროს ძმები შეიარაღებული დაცვის თანხლებით გამოუშვეს სახლში, შემდეგ კი ისევ დააპატიმრეს. მალე ძმებ ფუხაევებს სამი მუხლით წაუყენეს ბრალდება. ისინი ტერორიზმში, ხელისუფლების მიტაცებასა და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, ტერორიზმის ბრალდება მოეხსნათ.
უცნაური სასამართლო, მოულოდნელი გათავისუფლება
მთლიანობაში, უკვე ერთი წელიწადი და ცხრა თვეა, რაც ფუხაევები პატიმრობაში იმყოფებიან. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. განსასჯელებს რუსეთის მოქალაქე ადვოკატები აარიდეს. ნათესავებს დაჟინებით ურჩევდნენ, სამხრეთი ოსეთის მოქალქე და თან, ცხინვალში მცხოვრები ადვოკატების მომსახურეობით ესარგებლათ.
ფუხაევების ნათესავების მტკიცებით, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, რომ იგორ და ბათირ ფუხაევები საქართველოს ხელმძღვანელობას ცხინვალის დაკავების სცენარის მომზადებისას კონსულტაციას უწევდნენ. ამ ბრალდებებს დაცვის მხარე ფალსიფიცირებულად მიიჩნევს და “აბსურდს” უწოდებს.
ასეთი გახმაურებული სასამართლო პროცესის ფონზე, მოულოდნელი აღმოჩნდა სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მიერ 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ ძმას, იგორს, ამნისტია შეეხო. გაირკვა, რომ ფუხაევის გათავისუფლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლეონიდ თიბილოვმა, აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ პატიმრების გაცვლის შესახებ, რომლებიც ამ ქვეყნების ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს. პატიმრების გაცვლა 10 მარტს, საქართველოსა და აფხაზეთის საზღვარზე მოხდა.
ბათირ ფუხაევი
“ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში ბათირ ფუხაევმა აღნიშნა, რომ მას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამნისტია შესთავაზეს, მაგრამ იგი ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.
ბათირ ფუხაევის ადვოკატის, ირინა ელბაქიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესი მალე დასრულდება. სავარაუდოდ, მხარეები თავიანთი საბოლოო პოზიციების წარდგენას 14 აპრილს დაიწყებენ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 13.04.2016